23 თებერვალს არჩილ გარსიაშვილის მემუარების “ნამდვილ ამბავს ვამბობ” წარდგენა გაიმართება

23 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში არჩილ გარსიაშვილის მემუარების “ნამდვილ ამბავს ვამბობ” წარდგენა გაიმართება.

არჩილ გარსიაშვილი გახლდათ თბილისის სამღვდელოების მოძღვართა მოძღვრის დავით გარსიასშვილის უფროსი ვაჟი. არჩილ გარსიაშვილის „ნამდვილ ამბავს ვამბობ“ კიდევ ერთი ფურცელია დამოუკიდებელი საქართველოს (1918 -1921 წწ.), ოკუპაციის პირველი წლების, მეტეხის ციხისა და საპატრიარქოს ისტორიაში.

„დავით გარსიაშვილის და მისი ვაჟის, 1924 წლის 1 სექტემბერს დახვრეტილი გიგლა გარსიაშვილის, პირადი არქივი და კირიონ მეორის პორტრეტი გარსიაშვილების ოჯახში აღმოაჩინა ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა და მისივე მონდომებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შეიძინა და გამოსცა კიდეც.

დავით გარსიაშვილის არქივი აღწერა და გამოსაცემად მოამზადა ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომელმა, აწ გარდაცვლილმა მანანა ყვავილაშვილმა. არქივში დაცული იყო არჩილ გარსიაშვილის ხელნაწერის მცირე ნაწილი, რომელიც პირველ გამოცემაში არ შევიდა. ბედნიერი შემთხვევითობის და ლევან თაქთაქიშვილის მკვლევარ-მაძიებლის გაუნელებელი ენერგიის წყალობით ეს დანაკლისიც შეივსო და გამოიცა არჩილ გარსიაშვილის ხელნაწერი.

წიგნს ფოტოებთან ერთად თან ერთვის პირთა საძიებელი, რომელიც ბევრ ადამიანს აღმოგაჩენინებთ და საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით მათი საქმიანობისა და მიღწევების შესახებ”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები