თელ-ავივის გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა

თელ-ავივის გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ჩვენი გუნდისთვის შედეგიანი გამოდგა -66 კილოგრამ წონითი კატეგორია, სადაც ვაჟა მარგველაშვილმა ჩემპიონობა მოიპოვა, ლაშა ნადირაძემ – ბრინჯაოს მედალი.

მარგველაშვილმა პირველივე წრეში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი იტალიელი ფაბიო ბასილე ოქროს ქულით დაამარცხა. შემდეგ მოუგო გერმანელ, ბულგარელ და ესპანელ მოწინააღმდეგეებსაც, ფინალში კი მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს, ასევე ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელ აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს ოქროს ქულით მოუგო.

ლაშა ნადირაძე პირველივე წრიდან ჩაება ასპარეზობაში. დაამარცხა გერმანელი, კოლუმბიელი და ისრაელელი მეტოქეები, მაგრამ ნახევარფინალში წააგო აზერბაიჯანელ ორხან საფაროვთან, ვისაც მარგველაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში მოუგო.

ნადირაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ისრაელელ ტალ ფლიკერს ვაზარით მოუგო და მესამე ადგილზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები