პირველი არქიტექტორი ქალი ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პირველი ქართველი არქიტექტორი ქალი ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი 1905 წლის 15 იანვარს თბილისში დაიბადა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1929 წელს.

მუშაობდა “საქსახპროექტში” და სხვა საპროექტო ინსტიტუტებში, სადაც გაიარა გზა რიგითი არქიტექტორიდან სახელოსნოს ხელმზღვანელობამდე. ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლი მეცნიერთათვის კ. გამსახურდიას პროსპექტზე (1955; ი. ჩხენკელთან ერთად); საცხოვრებელი სახლი ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე (N11); საცხოვრებელი სახლი ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე; სასტუმრო “ინტურისტი” გორში; კოლხეთის დაბლობის რაიონული დაგეგმარება და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

პირველი არქიტექტორი ქალი ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანის ერთი დღე  მშენებლობაზე

„ამოიტანეთ თუ შეიძლება ბოლო სართულზე ყველაზე დიდი ურო“ – უთქვამს ქეთევანს ქვის მთლელებისთვის და თავად მოუნგრევია ყველა სწორად თუ არასწორად განლაგებული ფანჯრის რაფა იმ სართულზე.

გამოცვენილან მშენებლები, უნახავთ – დამტვრეულია რაფები. დაურეკავთ ცეკას მდივანთან. ქეთევანია აქ, არქიტექტორი რომ არის და დაგვიმტვრია ყველაფერი, დროზე ვეღარ დავამთავრებთ სახლსო.

დამალაპარაკეთო – ცეკას მდივანმა.

ელაპარაკეო – მიუწოდებიათ ყურმილი ქეთევანისთვის.

ვის ვესაუბრებიო – უკითხავს ქალს.

ცეკას მდივანი ვარო – ხმამ.

აქ კიდე, მე ვარ ცეკას მდივანიო – უპასუხებია ქეთევანს და საუბარი დაუსრულებია.

მიბრუნებია მშენებლებს: დროზე შეასწორეთ, თორემ ცეკას მდივანი ვეღარ გიშველითო – უთქვამს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები