“უცხო მიწაზე დაასრულეს სიცოცხლე და პატარა ბავშვებივით დარჩათ აუხდენელი ოცნებები…”

ქართველმა ემიგრანტმა ირინა იოსებაშვილმა უცხო მიწაზე გარდაცვლილ ქართველებს ჩანახატი მიუძღვნა

“ვუძღვნი უცხო მიწაზე გარდაცვლილ ქართველებს… სახელი სახელობითად მაქვს მინიშნებული…💔💔💔💔

ბოლო ჯერ მოავლო თვალი მის ეზოს და პატარა სახლს ნათელამ. მერე მხრებში გასწორდა და მთელი სული ამოაყოლა ფილტვებიდან წამოსულ ჰაერს.

– ვიცი, მალე ყველაფერს შევძლებ, ერთი – ორი წელი და კი ჩამოვალ მერე სახლში. კი კაცო ორი წლის ხელფასი ყელამდე ეყოფა ჩემს სახლს. შვილებიც დიდები არიან უკვე და ხელს შემიწყობენ…

ასე თავისთავთან და სევდასთან ფიქრებში წასული დაადგა გზას, გზას ემიგრატობისას….

მეგობრების დახმარებით იშოვა სამუშაო მოხუც ქალბატონთან. ყოველ დღე იმ იმედით იღვიძებდა რომ მალე გავიდოდა წლები და მის ოცნებებს აისრულებდა.

მართლაც ნელ-ნელა მისი პატარა სახლი გადიდდა და გალამაზდა…

ფოტოებით უყურებდა თუ როგორ მშვენდებოდა მისი დატოვებული პატარა სახლი და მშვიდი ძილით იძინებდა  იმ იმედით, რომ ძალიან მალე ისევ დაბრუნდებოდა მის ოჯახში, ჩაეხუტებოდა შვილებს, შვილიშვილებს და იქნებოდა ბედნიერი…

იმ საღამოს ძაღლის გაბმულმა ყმუილმა გამოაღვიძა.   ფანჯარასთან მივიდა თვალი მოავლო ეზოს და ვერაფერი საეჭვო ვერ შეამჩნია. მერე მოხუცთან მივიდა, საბანი შეუსწორა და ისევ წავიდა დასაძინებლად.

გამთენიისას ძლიერმა ბიძგმა შეაღვიძა… რატომღაც ეგონა რომ თავი უბრუოდა და ლოგინზე წამოჯდა…

და…..

ისევ ბიძგები, საშინელი ხმაური ქუჩებში და განწირული ხმები…

ლოგინიდან წამოხტა, ჯერ კარისკენ გაიხედა მერე მოხუცს გახედა, რომელიც საწოლიდან საბრალო თვალებით უყურებდა.

ის ალაჰს სთხოვდა დახმარებას, ნათელა კი ღმერთს…

ორი სარწმუნოების ადამიანი უფალს ეძებდა მაგრამ, სამწუხაროდ არსად სჩანდა გადამრჩენელი…

ბოლოჯერ მოჰკიდა ხელი მოხუც ქალბატონს ნათელამ და სახლის კედლებმა ცვენა დაიწყო…

– ვაიმე შვილებო მოგიკვდეთ დედა…

სრული სიჩუმე იდგა ირგვლივ…

ალაგ-ალაგ თუ გაიგონებდით განწირულ ყვირილს

– დამეხმარეთ, ვკვდები…

მერე იყო მაშველები, ადამიანების შეძახილი:

– ხართ აქ ვინმე?!

ნანგრევებიდან ორი ერთმანეთზე ჩახუტებული ქალი ამოიყვანეს…

ერთი ქართველი იყო, წლებში დაკარგული ქართველი ქალი, რომელსაც სამწუხაროდ სიკვდილმა უცხო მიწაზე მოუსწრო… ოცნებები კი სიკვდილმა თან წაიყოლა.

მეორე კი თურქი ქალბატონი იყო, მშველელად ქართველი რომ ჰყავდა გვერდით და სამწუხაროდ ერთმანეთის იმედად დარჩენილებმა ნანგრევებში  დატოვეს სული…

წლები გავა.    დრო კურნავს ყველა ტკივილს და ესეც ერთი პატარა ისტორიის ფურცელი დარჩება, მაგრამ არსებობს ოცნებები, რომლებიც აუცილებლად უნდა ასრულდეს – განა რას ითხოვდა, მის ნაშრომ სახლში ლამაზ სიბერეს….

წავიდა.

წავიდნენ.

სხვადასხვა მიზეზებით უცხო მიწაზე დაასრულეს სიცოცხლე და პატარა ბავშვებივით დარჩათ აუხდენელი ოცნებები…

ირინა იოსებაშვილი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები