პირველი წიგნები წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბეჭდით უკვე გამოჩნდა

ეროვნული ბიბლიოთეკა ეძებს გამოცემებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბეჭდით.

პირველი წიგნები წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბეჭდით უკვე გამოჩნდა. ისინი, არც მეტი არც ნაკლები, ცნობილი მეცნიერის, ლეო კვაჭაძის ბიბლიოთეკიდანაა.

გამოცემები მისმა ქალიშვილმა, მანანა კვაჭაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ავრცელებს.

„ეს რა ბედნიერი დღე გაგვითენდა! მოხდა ის, რასაც ველოდი, სხვებს კი იმედი არ ჰქონდათ! აღმოჩნდა კერძო მფლობელობაში ქართველთა შორის წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ქართული კოლექციის ორი ეგზემპლარი, ამ ბიბლიოთეკის თეგით და საინვენტარო ნომრით. ბრწყინვალედ შენახული. ის აღმოჩნდა ჩვენი სასიქადულო მეცნიერის – ლეო კვაჭაძის პირად  ბიბლიოთეკაში. ეროვნულ  ბიბლიოთეკაში გვეწვია მისი ქალიშვილი , ქალბატონი  მანანა კვაჭაძე, და მოგვართვა ეს ორი უნიკალური გამოცემა. როგორც ჩანს, ეს წიგნები 1921 წლამდე იყო გამოტანილი ამ ისტორიული ბიბლიოთეკიდან, რადგან მასზე არ არის არც საჯარო ბიბლიოთეკის ბეჭედი და არც უნივერსიტეტისა. მეცნიერს ის უყიდია ბუკინისტურ მაღაზიაში 1963 წელს.

ასე რომ ვეძებოთ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ბეჭდიანი წიგნები კერძო ბიბლიოთეკებში. ბიბლიოთეკა დაასაჩუქრებს ყველას, ვინც შემოგვწირავს ამ ექსპონატებს. ვისაც სურს, რომ ჰქონდეს პირადად, აღწერთ და კატალოგში მივუთითებთ ავტორს. ქალბატონმა მანანამ აჩუქა ეროვნულ ბიბლიოთეკას ეს ორი უნიკალური ეგზემპლარი. ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უცხადებს ამ ძვირფასი საჩუქრისათვის!“, – წერს ლევან თაქთაქიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები