“დღეს მლანძღავენ, მიწასთან მასწორებენ. ზოგიერთნი, მაგრამ მე მწამს, რომ მოვა ისეთი დრო, როცა ჩემს სახელს სხვანაირად ახსენებენ! “

დავით კლდიაშვილის მოგონებები ალექსანდრე ყაზბეგზე

“ბათუმში ქართული დასის ერთ-ერთ ჩამოსვლისას მე გავეცანი ქართველი არტისტებს. მარიამ საფაროვა-აბაშიძისას, ქეთო ანდრონიკაშვილისას, ვასო აბაშიძეს, სანდრო ყაზბეგს და ლადო მესხიშვილს. მათი გაცნობის გამო ჩემს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. ერთხელ სცენაზეც კი გამოვედი მათთან, როცა მოთამაშე დააკლდათ. დადგეს დ. ერისთავის „სამშობლო“ და მათამაშეს გოგია დიაკვანი. ახლა წარმომიდგენია რა გოგია ვიქნებოდი ქართულის უხეიროდ მოლაპარაკე, შიშით შეპყრობილი სცენაზე გამოუცდელი ყმაწვილი! სანდრო ყაზბეგი თამაშობდა სვიმონ ლეონიძეს. მესამე მოქმედებაში გატაცებით რომ მიმართავდა მეტეხის ციხეში თავმოყრილ შეთქმულებს, მე შიშისაგან დაბნეულმა წამოვავლე ხელი ბაირაღს, გავედი სცენაზე და სანდროს მივაჩხირე ბაირაღი. გაოცებულმა სანდრომ სათქმელი არ შეწყვიტა, გამომართვა ბაირაღი, გაიტაცა გარეთ, მეც უკან გავყევი დარცხვენილი, რომ ასე უდროო დროს შემოვიჭერ სცენაზე და ასეთი სიბრიყვე ჩავიდინე. ის იყო და ამის შემდეგ არტისტებთან აღარ გამოვსულვარ სცენაზე არასოდეს, ისე დამარცხვინა ამ შემთხვევამ. წარმოდგენებს ქართველი საზოგადოება დიდი ხალისით ესწრებოდა.

როგორც ზემოთ ვთქვი, დასის ჩამოსვლისას გავიცანი მსახიობად მყოფი ჩვენი სიამაყე, დიდი მწერალი სანდრო ყაზბეგი, მაღალი, გამხდარი, ბეჭებში ცოტათი მოხრილი, მოკლე ჩოხით; იგი ვერაფერ კარგ შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა თავისი გარეგნობით; ამასთანავე თვალშიაც კარგად ვერ იხედებოდა. ეს ერთ დროს თურმე შნოიანი, ლამაზი კოხტა ყმაწვილი, ამ ხანებში სუმთლად გამოცვლილიყო. არ დაიჯერებდით მისი მნახველნი, რომ ეს იყო „ელგუჯასა“ და „მამის მკვლელის“ ავტორი.

ბევრი სიმწარე უნახავს სანდროს, ბევრთაგან დიდი მწუხარება შეხვედრია, ბევრს ცხარე ცრემლით უტირებია და სიკვდილის შემდეგ ისიც კი დააბრალეს, რომ სხვისი ნაშრომი თავისი სახელით გამოაქვეყნაო. სანდროს ახლო მცნობისათვის სრულიად მიუღებელია ის აზრი, რომ მას არ შეეძლო ისეთი საუცხოვო მოთხრობების დაწერა, როგორიც არის „ელგუჯა“, „მამის მკვლელი“, „ხევისბერი გოჩა“, „მოძღვარი” და სხვა. პირიქით, სანდროს ახლო მცნობი იუცხოვებს ამ აზრს, რადგან როცა მაღალი ცეცხლით აინთებოდა სანდრო, იგი უცნაური სანახავი იყო, გატაცებული, აღელვებული მოლაპარაკე და ამ დროს მისი მნახველი და მსმენელი ჩახვდებოდა მის დიდ ნიჭს და ტალანტს. განსხვავებული ბუნების კაცი იყო და წერაც განსხვავებული იცოდა. მოვიყვან მისი „ელგუჯას“ დაწერის ამბავს, რაც თვით სანდროსაგან გამიგონია და რაც ამას წინათ დაადასტურა ასოთამწყობმა, მოხუცმა რუსიშვილმა.

„ელგუჯა“ თავდაპირველად თავდებოდა ახლანდელი პირველი თავის ბოლოში, ელგუჯას სიკვდილით; სტამბაში ასოთამწყობებმა განაცხადეს, რომ ფელეტონს არ ავაწყობთ, თუ გმირი ვაჟკაცის ელგუჯას ამბავი არ განაგრძო სანდრომო; ამისთანა ვაჟკაცს ასე ადრე არ მოგაკვლევინებთო. გაუგზავნეს სანდროს რედაქციაში მეტრამპაჟე დიომიდე კილაძე და ორი ასოთამწყობი, სთხოვეს, რომ ელგუჯა არ მოეკლა და მისი ამბავი გაეგრძელებინა.

„ელგუჯას ასე ადრე ვერ მოგაკვლევინებთო მითხრესო, გადმომცა სანდრომ. — თან მეტისმეტად მიამა ასეთი მომართვაო, — თქვა: სანდრომ, — თან კი გასაჭირში მაგდებდაო. ცოტა ყოყმანის შემდეგ რაკი არ მეშვებოდნენ, იქვე გადავიკითხე ფელეტონის ბოლო და ქვეშ მივაწერე „გაგრძელება იქნება“. მძიმედ დაჭრილი ელგუჯა წაიყვანეს. მოსარჩენად. ვითომ გადაღმა სოფელში. რამდენიმე დღის შემდეგ მოთხრობის გაგრძელებაც მზად მქონდა და პატარა მოთხრობის მაგიერ დიომიდე კილაძემ და სტამბის ასოთამწყობებმა დამაწერინეს დიდი მოთხრობა“, — სიამოვნებით, სიცილით მითხრა ეს სანდრომ და ეს მისი სიცილი, მისი შეხედულება მშვენიერი რამ იყო ამ დროს. მე ჩემი თვალით მინახავს, როგორ წერდა იგი თავის დრამას „ქეთევან დედოფალს“, როცა ბათუმის სასტუმრო „ევროპის“ ნომერში ცხოვრობდა. ბევრნი უსამარილოდ ექცეოდნენ სანდროს და ხანდახან ცხარე ცრემლითაც ატირებდნენ მას. ერთხელ „დროებაში“ საოცარი ენით გალანძღა იგი, მიწასთან გაასწორა, რომ იტყვიან, როგორც პიროვნება, როგორც მწერალი, ილია ხონელმა. ძლივს დავაწყნარე საწყალი სანდრო, როცა ტირილი აუვარდა ფელეტონის წაკითხვის შემდეგ.

— „ალბათ, ვანო მაჩაბელი არ არის თბილისში, თორემ ის არ მისცემდა ნებას ამგვარად გაველანძღე ხონელს. დღეს მლანძღავენ, მიწასთან მასწორებენ. ზოგიერთნი, მაგრამ მე მწამს, რომ მოვა ისეთი დრო, როცა ჩემს სახელს სხვანაირად ახსენებენ! “ — თქვა : სანდრომ. ეს იყო მისი ღრმა რწმენა და ამით ნუგეშობდა იგი.

აღტაცებულმა მისი მოთხრობის „განკიცხული“-ს წაკითხვით, მე მივწერე წერილი და სანდროსაგან მივიღე მაგიერი, რომელშიაც იგი მწერდა: ნეტავი შენისთანა თანამგრძნობი მომეტებულად მყავდესო: ბევრი ისე მექცევა, თითქოს არც კი ღირდეს ჩემი ნაწერების წაკითხვაო. რასაკვირველია, თბილისში ისეთებიც ჰყავდა სანდროს, რომლებიც დიდად აფასებდნენ და ხელს უწყობდნენ მას, ღატაკ ცხოვრებაში მყოფს. დიდად ემადლიერებოდა ვანო მაჩაბელს, დიდი სიყვარულით იხსენიებდა ილია ჭავჭავაძეს. ვანო მაჩაბელს დიდი ლაპარაკი მოუვიდა ხონელთან სანდროს გაზეთში გალანძღვისათვის, რის შემდეგ ხონელმა მიატოვა რედაქცია და შეწყვიტა გაზეთში მუშაობა. ილია ჭავჭავაძემ ხელის მოსამართავად სანდროს მისცა „ივერიაში“ დაბეჭდილი „განკიცხულის“ ამონაბეჭდი, ამგვარადვე მისცა რამდენიმე ასი ამონაბეჭდი „მოძღვარი“-სა. ეს მოთხრობა უცნაურად უყვარდა სანდროს და განსხვავებული აღელვებით ალაპარაკდებოდა ხოლმე, როცა მოთხრობის შესახებ სიტყვა ჩამოვარდებოდა. ამონაბეჭდზედ ილიამ მანეთი დააწერა.

— გერგებაო, — ეთქვა მას სანდროსათვის.

იონა მეუნარგიამ გაზეთში მოათავსა მოთხრობის გარჩევა: წერდა, რომ ნაწარმოები სუსტიაო და უკიჟინებდა ავტორს, რომ ასეთი დიდი ფასი დაადო ასეთ სუსტ ნაწარმოებსო; და ვგონებ ნათქვამიც ჰქონდა, რომ ეს მწერალს ალბათ სიხარბით მოსვლიაო. კარგად მახსოვს, რა გამწარებული იყო ამ წერილით სანდრო: გულამომჯდარი ტიროდა ამის გახსენებაზე. ამის შემდეგ მან მეუნარგიას საუცხოო საპასუხო წერილი მისწერა.

— რა უნდათ ჩემგან? — რა ვქენი ისეთი ცუდი, რომ ყოველგვარ სისაძაგლეს თავს მახვევენ? — ამბობდა იგი გამწარებით.

გაგიჟებით უყვარდა სანდროს სცენა, მაგრამ, საუბედუროდ ძლიერ სუსტი მსახიობი იყო. სამაგიეროდ, ლეკურის გასაოცარი მოცეკვავე იყო. უცნაური ლამაზი რამ იყო მისი თამაში ორი ხანჯლით. მაყურებელს თან ხიბლავდა მისი სიმარდე, თან შიშს ჰგვრიდა — სანდრო თუ კაცი ხარ, თავი გაანებე მაგ ხანჯლებით თამაშს, ფეხებს დაიჭრი ერთ დღეს და ეს იქნება! — ვეუბნებოდი ხოლმე, რაზეც იგი მხოლოდ სიამოვნებით იცინოდა. მეტად შევიწროებულ ცხოვრებაში იყო საწყალი სანდრო, მაგრამ წერას თავს არ ანებებდა და ბოლოს დასნეულებული, იგი მოათავსეს მიხეილის საავადმყოფოში. ამ დროს კიდეც გამოიცა მისი მოთხრობები სამ ტომად. გამოცემული წიგნები მიუტანეს ავადმყოფს. მან გადაშალა, დააჩერდა თავის პორტრეტს, მერე ამოხია იგი, წიგნის ფურცლებიც მიხი-მოხია და გადაყარა იქით. მოკვდა სანდრო ისე, რომ სიხარული არ უგრძვნია როგორც მწერალს, მისი წიგნები საოცარი სისწრაფით ვრცელდებოდა და აყვარებდა ხალხს მის დამწერს”.

დავით კლდიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები