ქართველმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

5 თებერვლის ჩათვლით, ზაგრები 2023 წლის სეზონის პირველ სარეიტინგო ტურნირს მასპინძლობს. Zagreb Open – ასე ჰქვია ტრადიციულ საერთაშორისო შეჯიბრებას, რომელზედაც ხუთი დღის განმავლობაში, თავისუფალ, ქალთა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გათამაშდება მედლების ათ-ათი კომპლექტი.

საქართველოდან ხორვატიაში მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გაემგზავრა. სამწვრთნელო შტაბმა სატურნირო განაცხადი საქართველოს მოქმედი ჩემპიონებით დააკომპლექტა. ერთადერთი გამონაკლისი ბექა ბუჯიაშვილია (57 კგ) – უმსუბუქესი წონითი კატეგორიის ყოფილ ლიდერს ბათუმში გამართულ შიდა პირველობაზე არ უჭიდავია.

74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე მომავალ ტურნირზე 79-ში გამოვა, ვლადიმერ გამყრელიძესთან ერთად. 97 და 125 კილოგრამებში კი საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ეყოლება. წინასწარ განაცხადში გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი იყვნენ, მაგრამ ჯანმრთელობის მცირე პრობლემების გამო, ამჯერად ვერ იჭიდავებენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2023 წლის სეზონის პირველ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ავთანდილ კენჭაძეს (79 კგ) და მირიან მაისურაძეს (92 კგ) ჩემპიონის ტიტულამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ.

ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები