ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრთა შორის დეა კულუმბეგაშვილი არის

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალმა 2023 წლის ჟიურის წევრები დაასახელა.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი სექციის – „Encounters“ ჟიურის წევრთა შორისაა ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი. კოლეგებთან ერთად, მან სექციის საუკეთესო ფილმი, რეჟისორი და ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი უნდა გამოავლინოს.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ (2020) საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. ფილმი აჩვენეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში. „დასაწყისი“ არაერთ ქვეყანაში ათეულობით პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორისაა: „ფიპრესის“ ჯილდო ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე და საუკეთესო ფილმის ჯილდო სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

„დასაწყისი“ შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ წარმოდგენილი იყო კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი მისი კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა“ აჩვენეს კანში, სექციაში „რეჟისორთა ორკვირეული“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები