საბა კლდიაშვილი – ქართველი ქიმიკოსი, რომლის კვლევის შედეგებიც მკაცრად გასაიდუმლოებული იყო

მეცნიერი-ქიმიკოსი, პუბლიცისტი საბა კლდიაშვილი დაიბადა 1873 წლის 2 თებერვალს ქუთაისში. მისი მამა, ქუთაისის საგუბერნიო 68-ე ბატალიონის ოფიცერი, პოლკოვნიკი გრიგოლ ლუარსაბის ძე კლდიაშვილი  წარმოშობით იმერეთიდან, სოფელ სიმონეთიდან იყო. საბას ბაბუა, ლუარსაბ კლდიაშვილი, „კაცი წარმოსადეგი ტანისა, დარბაისელი, თავაზიანი და ნასწავლი“, XIX საუკუნის პირველ მეოთხედში სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის პირადი მდივანი ყოფილა.

სოფელ ქვიშხეთიდან იყო საბას დედა – იმ დროისათვის გამორჩეული მსახიობი ეფრო (ეფროსინე) ქაიხოსროს ასული ყიფიანი-კლდიაშვილისა, დიდებული მამულიშვილის, დიმიტრი ყიფიანის ძმისწული. ეფრო განათლებული ქალი იყო. მან კარგად იცოდა რუსული და ფრანგული ენები და ამ ენებიდან თარგმნიდა კიდეც. გარდა ამისა, წერდა წერილებს ჟურნალ-გაზეთებისთვის. აღსანიშნავია, რომ მას ზეპირად სცოდნია მთელი „ვეფხისტყაოსანი“.

გრიგოლ კლდიაშვილის ოჯახი ქუთაისში პატივისცემით სარგებლობდა. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, მარჯორი და ოლივერ უორდროპები ამ ქალაქში სტუმრობისას ყოველთვის მათ სახლში ჩერდებოდნენ. მშობლებს ძალ-ღონე არ დაუშურებიათ და მიუხედავად სიძნელეებისა, შვილებს კარგი განათლება მიაღებინეს. გიმნაზიაში შესვლამდე ეფრომ თითოეულ მათგანს თავად შეასწავლა  წერა-კითხვა.

თერთმეტშვილიან ოჯახში საბა მერვე შვილი გახლდათ. მისი უფროსი ძმა, სიმონ კლდიაშვილი, პირველი ქართველი პროფესიონალი არქიტექტორი იყო, რომლის პროექტითაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი აიგო. მეორე ძმა, ანდრეა გახლდათ ერთ-ერთი პირველი ელექტროინჟინერი. მისი გამოგონებაა პურის ელექტროსაცხობი. ცნობილია აგრეთვე, რომ მათი და, ნინო, მსახიობ ივანე აბაშიძის დედა და დოდო აბაშიძის ბებია იყო.

საბა კლდიაშვილი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა  ოდესაში, ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა1899 წელს. უნივერსიტეტში, სხვა ცნობილ პროფესორებთან ერთად, საბას მასწავლებლები იყვნენ ვასილ პეტრიაშვილი და პეტრე მელიქიშვილი.

დიპლომის აღების შემდეგ საბა მაშინვე მიიწვიეს პლოტიანსკის სასოფლო-სამეურნეო საცდელ სადგურზე სხვადასხვა ქიმიურ გამოკვლევათა საწარმოებლად. ერთი წლის  შემდეგ, 1900 წელს, მას დიდი ხნის წადილი აუსრულდა და მუშაობა განაგრძო ნოვოროსიის უნივერსიტეტის ტექნიკური ქიმიის ლაბორატორიაში ლაბორანტის თანამდებობაზე. თუმცა, იქ დიდხანს არ დარჩენილა და გადავიდა ამავე ფაკულტეტის ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში, სადაც მუშაობდა სიკვდილამდე.

უნივერსიტეტში საბა ეწეოდა ლექციების ასისტირებას, ხელმძღვანელობდა სტუდენტთა პრაქტიკულ დაოსტატებას; ამ ლაბორატორიაში გააკეთა მან  მრავალი, უმეტესწილად – ძნელი ორგანული სინთეზი და დაამზადა სხვადასხვა ორგანული პრეპარატი;

ქიმიის მეცნიერებათა სრულად დაუფლებისათვის ახალგაზრდა მეცნიერი რამდენჯერმე იყო მივლინებული ბერლინისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში; ის 1902 წლიდან თანამშრომლობდა ბერლინის ჟურნალებში, სადაც აქვეყნებდა სტატიებს ორგანული სინთეზის შესახებ;

ნოვოროსიის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტ საბა კლდიაშვილს ეკუთვნის გამოკვლევები ა-დიკეტონების და ნახშირწყლების ქიმიაში. მან შეიმუშავა გაუმჯობესებული მეთოდი სუფთა დექსტრინის მისაღებად. ის არის ორიგინალური გამოკვლევებისა და სახამებლის სტრუქტურის შემოქმედი (პროფ. ემილ ფიშერის ხელმძღვანელობით).

ქართულ პრესაში სისტემატურად ქვეყნდებოდა ცნობები ქართველი მეცნიერის გამოკვლევების შესახებ ატომურ და მოლეკულურ წონაზე და სხვა. თუმცა, საერთოდ, მისი მეცნიერული კვლევის შედეგები მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და ეს საიდუმლო ახალგაზრდა ქიმიკოსმა თან წაიღო.

საბა კლდიაშვილი ავტორია პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოსი ქიმიაში – “მოკლე მინერალური ქიმია“. სახელმძღვანელო წარმოადგენს ზოგადი ქიმიის კურსს, რომელშიც გაშუქებულია კლასიკური ქიმიის მეცნიერული საფუძვლები და მოცემულია ქიმიური ექსპერიმენტების მეთოდიკა. ამ სახელმძღვანელოთი მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ ენაზე ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნის საქმეს.

ქართველი მეცნიერი 1905 წელს ოდესაში მეფის რუსეთის ჟანდარმერიის მიერ ებრაელთა თემის დარბევას შეეწირა. მან დარბევას გადაარჩინა ოდესელ ებრაელთა ოჯახი, რის გამოც იგი შავრაზმელებმა მოკლეს.

საბა კლდიაშვილის ცხოვრების უკანასკნელი დღე აღწერილია გურამ ბათიაშვილის რომანში “თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ!“

1905 წლის 5 ოქტომბერს საბა ადრე მივიდა ლაბორატორიაში და ქიმიური ცდების ჩატარება განაგრძო. „კავკასიის მებრძოლთა რაზმის“ წევრებმა მას საზარელი ამბავი ამცნეს. ოდესაში ყოვლად უდანაშაულო ებრაელი მოსახლეობის განუკითხავი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობდა. არ ინდობდნენ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს.

საბამ სასწრაფოდ შეკრიბა ოდესის უნივერსიტეტის ქართველი ახალგაზრდობა და მათ შემდეგი სიტყვით მიმართა: „ ოდესის ქუჩებში ანტიქრისტენი, რუსი ხალხის შემარცხვენელნი დარბიან და აწიოკებენ, არბევენ ებრაელთა ოჯახებს მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი ებრაელები არიან. მე ბინა ებრაელი კაცის ოჯახში მიჭირავს და ვიცი ქალაქის მოსახლეობის ამ ნაწილს არაფრით დაუმსახურებია შავრაზმელთა ასეთი გაბოროტება. მე მოგიწოდებთ, დავიცვათ უიარაღო და დაჩაგრული ხალხი, მე მოგიწოდებთ, როგორც ქართველი, შვილი ჩემი ერისა, რომელსაც არასოდეს ჩაუდენია ასეთი სამარცხვინო საქმე – არასოდეს დაურბევია სხვა ერი. ამ აქტით ჩვენ ჩვენს საყვარელ ქალაქს და ხალხს ავარიდებთ დიდ სირცხვილს“.

თერთმეტი სტუდენტიდან საბას ცხრა გაჰყოლია. ასე შეიკრა ათკაციანი ჯგუფი და მისაშველებლად გაემართა უბედურების ადგილისკენ.

საბა კლდიაშვილი პირველი ჩაება ხელჩართულ ბრძოლაში, მაგრამ ერთ-ერთი შავრაზმელის მიერ ნასროლმა ტყვიამ მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მისი დაკრძალვის ცერემონიალი – ოდესიდან საქართველომდე – იყო სახალხო გლოვის ჭეშმარიტი საჯარო გამოვლინება. საბას ცხედარი ბათუმის გავლით ქუთაისში გადაასვენეს და ქუთაისის ცენტრში – მთავარანგელოზის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა (1905, 20 ნოემბერი): „იმ დღეს მთელი ქუთაისი დაკეტილი იყო. არ დარჩენილა არც ერთი დაწესებულება, საზოგადოება, ხელოსნები, მასწავლებლები, მოსწავლეები, მოხუცნი, რომელთაც კუბო გვირგვინით არ შეემკოთ“.

მთავარანგელოზის ეკლესიის დანგრევის შემდეგ საბა კლდიაშვილის ნეშტი საფიჩხიის სასაფლაოზე გადაასვენეს, სადაც ახლაც დგას ძველი, მაგრამ საკმაოდ თვალშისაცემი ბიუსტი.

მედიაჰოლდინგი “კვირა”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები