1-5 თებერვალს ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, 1-5 თებერვალს წარმოგიდგენთ ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივას.

რეტროსპექტივა ეძღვნება ლეგენდარული ქართველი რეჟისორის 90 წლის იუბილეს.

1 თებერვალს, 19:00 საათზე რეტროსპექტივას გახსნის ელდარ შენგელაიას 1968 წელს გადაღებული ერთ-ერთი გამორჩეული და ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საყვარელი ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“. მომდევნო დღეებში კი ღონისძიების ფარგლებში მაყურებელი იხილავს ფილმებს: „თეთრი ქარავანი“ (1963), „მიქელა“ (1965), ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983), „სავარძელი“ (2017), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „შერეკილები“(1973) და „მრავალჟამიერი“ (ტრილოგია, 2022).

ფილმების ჩვენებები შედგება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. დასწრება თავისუფალია. პროგრამა იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/photo/?fbid=579545307550383&set=a.321889406649309

ელდარ შენგელაიას ფილმები დღესაც არ კარგავს აქტუალობას საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. კინორეჟისორის იუბილესთან დაკავშირებით, თებერვალ-მარტში მისი ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს ლონდონი, ბერლინი და ლისაბონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები