ერთად, ქართული საქმისთვის – Native Racha-სა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია Native Racha-სა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი, რომელიც ორ განსხვავებულ, თუმცა ტრადიციულ სფეროს აერთიანებს, ქართული კულტურის განვითარებასა და ქართული საქმის კეთებას ისახავს მიზნად.

როგორც Native Racha-ს დამფუძნებელმა, ვასილ ბაბლუანმა განაცხადა, ეს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის ქართული საქმის საკეთებლად გაერთიანების კარგი მაგალითი იქნება.

„მოგეხსენებათ, რაგბი ქართულ კულტურასთან, ტრადიციასთან, ქართულ ძალასთან და ყველაფერ ქართულთან ასოცირდება. Native Racha-ც ზუსტად ამ საქმეს აკეთებს. ვცდილობთ, წინ წამოვწიოთ ქართული ტრადიციები და მივიწყებული ტრადიციული პროდუქტი. ჩვენ თანამედროვე სახით ვამზადებთ დავარგებულ ხორცპროდუქტებს, რომელმაც უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ეს ინიციატივა ეკუთვნის ქართული ტრადიციული პროექტების დიდ მხარდამჭერს, რაგბის კავშირის პრეზიდენტს, სოსო ტყემალაძეს. ჩვენ შეიძლება მაგალითი ვიყოთ იმისა, რომ მიუხედავად განსხვავებული სფეროებისა, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს ქართული საქმისა და ქართული პროექტების კეთებაში.“- აღნიშნა ვასილ ბაბლუანმა.

საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, თორნიკე გოგებაშვილმა Native Racha-ს, როგორც ქართული პროექტის, წარმატებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მათი თანამშრომლობა მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„ქართული რაგბი დამეგობრებულია საქართველოში წარმოებულ ქართულ პროდუქციასთან. Native Racha  იქნება ჩვენი პარტნიორი შემდეგი 1 წლის განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პარტნიორობა კიდევ არაერთი წელი გაგრძელდება. ვულოცავ კომპანიას, რომელსაც ნამდვილად წარმატებული წარმოება აქვს. ქართულ რაგბისთან ერთად, ეს წარმატება კიდევ უფრო გაიზრდება,“ – აღნიშნა თორნიკე გოგებაშვილმა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩევლის, ნიკოლოზ ალავიძის თქმით, Native Racha პასუხისმგებლობიანი ქართული კომპანიაა, რომელმაც დავიწყებული ტრადიცია აღადგინა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მათი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე უფრო ფართოდ წარმოჩნდება.

„ძალიან გემრიელ მემორანდუმს მოეწერა ხელი, რაც ჩვენთვის, პირველ რიგში, ძალიან დასაფასებელია. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული და ძალიან პასუხისმგებლობიანი ქართული კომპანია, რომელმაც აღადგინა დავიწყებული ტრადიცია, რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, განსაკუთრებით – რაჭაში – ამ ულამაზეს მხარეში. ამით, კომპანიამ ამ რეგიონს ახალი სიცოცხლე შესძინა. Native Racha და ქართული რაგბი ერთად გააგრძელებენ ქართული საქმის კეთებას და საქართველოს სახელს საერთაშორისო ასპარეზზე ერთად წარმოაჩენენ,“- განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები