ზურაბ იაკობიშვილმა და გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს

ბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი იაკობიშვილი ორთაბრძოლებს მერვედფინალიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში 2-1 დაამარცხა მონღოლი თემულენ ენხტია. მეოთხედფინალში 2-0 მოუგო თურქ სერვენ ჩოსქუნს. საქართველოს ნაკრების წარმომადგენლისთვის წარუმატებელი გამოდგა ნახევარფინალი ამერიკელ ზაინ ალენ რეტერფორდთან – 0-7 დამარცხდა. იაკობიშვილი მესამე ადგილისთვის ბრძოლაზე გადაერთო და წარმატებითაც – სამედლო შეხვედრაში ბოლოს აღებული ქულის წესით 5-5 დაამარცხა სომეხი არმან ანდრეასიანი.

ასევე მერვედფინალიდან შეუდგა ასპარეზობას პეტრიაშვილი. 4-0 მოუგო ინდოელ დინეშ დინეშს, შემდეგ 9-4 გაუმკლავდა ამერიკელ ეიდენ ნიკოლას ზილმერს, მაგრამ ნახევარფინალში 2-4 დამარცხდა მონღოლ ლხაგვაგერელ მუნხტურთან და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა. მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ქართველმა მძიმეწონოსანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახ ოლეგ ბოლტინს 11-4 მოუგო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები