დავით ცირდავას ხელმძღვანელობით, მოლდოვის ბიზნესკვირეულზე ბიზნესპალატის დელეგაციამ ოფიციალური მიწვევით მიიღო მონაწილეობა

ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანა მოლდოვაში „მოლდოვის ბიზნესკვირეული 2022“ გაიხსნა, რომელიც სხვადასხვა თემატურ-პანელურ დისკუსიებს, B2B შეხვედრებსა და სესიებს მოიცავდა. მისი მთავარი მიმართულება მოლდოვის ბიზნესის შესაძლებლობების პოპულარიზაცია იყო, როგორც საინვესტიციო გარემოს განვითარების, ასევე ახალი პერსპექტივების გაჩენის მიმართულებით.

ბიზნესკვირეული 2-დღიანი, საკმაოდ დატვირთული სამუშაო განრიგით მიმდინარეობდა, სადაც სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებს, სხვადასხვა ბიზნესსტრუქტურისა და ასოციაციის ხელმძღვანელებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობითი სახის შეხვედრების ფარგლებში, ბიზნესსაქმიანობისა და ინვესტიციების შესახებ მოლაპარაკებები წარემართათ.

სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის, მოლდოვაში ბიზნესკვირეულზე, ოფიციალური ვიზიტით, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის დელეგაცია პირველი ვიცე პრეზიდენტის, დავით ცირდავას ხელმძღვანელობით იყო მიწვეული.

არაკომერციული სამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დავით ცირდავამ დადებითად შეაფასა ბიზნესკვირეულის ფარგლებში მიღებული შედეგები და აღნიშნა, რომ ვიზიტი ნაყოფიერი იყო.

„ჩვენი ორგანიზაციის მთავარი დანიშნულება საქართველოში ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნაა, როგორც კომპანიებისთვის, ასევე სახელისუფლებო წრეებისთვის. გვქონდა შეხვედრები მაღალი რანგის სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.  სამუშაო ფორმატში საქართველოს ბიზნეს და საინტერესო საინვესტიციო გარემოს შესახებ ვისაუბრეთ მოლდოვის ეკონომიკის მინისტრ სერგიუ გაიბუსთან, ეკონომიკურ კონსულ იონ ლუპასთან და EBRD-ის ხელმძღვანელ ანგელა საქსთან.

ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილება, შესაძლებლობები და პოტენციალი გავაცანით, ასევე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალურ მენეჯერ ლისა კესტნერს, ჩინური კომპანიების გამაერთიანებელი ორგანიზაციის მენეჯერს მოლდოვაში – რადუ პლამადეალს, რუმინეთის ბიზნეს ასოციაციის პროექტების მენეჯერ ნატალია ენს, ბიზნეს გაერთიანება „Foreign Investors Association”-ის ხელმძღვანელ ანა გროზას.

ჩვენი ორგანიზაციის უმთავრესი პრიორიტეტი, ერთი მხრივ, საქართველოს, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება, ხოლო მეორე მხრივ – ახალი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. მნიშვნელოვანია ევროპული კავშირები, მათ გამოცდილება და ხედვები. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ორგანიზაციის მიმართ დიდი დაინტერესება  გამოვიწვიეთ და სამომავლო გეგმებიც დავსახეთ. უახლოეს პერიოდში მათ უკვე საქართველოში ვუმასპინძლებთ, ორგანიზაციის სახელით,“ – განაცხადა დავით ცირდავამ.

ორგანიზაცია აერთიანებს აზიისა და სპარსეთის ყურის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, ყატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანის სასულთნო. ორგანიზაციის უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოს, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება და ახალი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები