თეონა ეძგვერაძემ მუშაობა კომპანია „Zenloop“-ში დაიწყო

დღეს კიდევ ერთხელ გიამბობთ თეონა ეძგვერაძეზე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მიზნად დაისახა სწავლა სრული დაფინანსებით მაღალრეიტინგულ ევროპულ უნივერსიტეტში გაეგრძელებინა, ამიტომ გაეცნო მისთვის სასურველ უნივერსიტეტებისა და პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამების მოთხოვნებს, ერთი წლის წინ აპლიკაცია გააგზავნა  ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, კოპენჰაგენის ბიზნესსკოლაში, სტოკჰოლმის უნივერსიტეტსა  და ვენის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში და ოთხივე მათგანში ჩაირიცხა. ამასთან მოიპოვა DAAD-ის ორწლიანი სამაგისტრო სტიპენდია, რომელიც ჰუმბოლტის უნივერსიტეტში სწავლასთან დაკავშირებულ  ცხოვრების ხარჯებს სრულად დაუფინანსებდა. არჩევანი ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტზე შეაჩერა.

გარდა ამ წარმატებისა, თეონას ცხოვრებაში რამდენიმე თვეა კიდევ ერთი სიახლეა – მან მუშაობა კომპანია „Zenloop“-ში, ტექ. სტარტაპში ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე დაიწყო.

თეონა ეძგვერაძე: „მეხუთე თვეა რაც მუშაობა დავიწყე ბერლინში, ტექ სტარტაპში ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე. „Zenloop“-ი 2016 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მთავარი ნიშაა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდების მომხმარებელთა კმაყოფილების ანალიზი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. გარდა გერმანიისა, კომპანია ოპერირებს სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად გვემატება ინგლისიც, რომლის ფინანსური მართვის პროცესებშიც აქტიურად ვიქნები ჩართული. მუშაობის პარალელურად მეორე წელია სწავლას ვაგრძელებ ეკონომიკისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე, ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, ბერლინში.“

თეონა ეძგვერაძეს სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სწავლის გაგრძელება სადოქტორო პროგრამაზე სურს და დარწმუნებულები ვართ, რომ მის სახელს კიდევ ბევრჯერ გავიგეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები