გამწვანების აქციის ფარგლებში, ემიგრანტებმა „ვუდსაიდ დიღომში“ სახელობითი ხეები დარგეს

ემიგრაციასთან დაკავშირებული პროექტის – „მე დავბრუნდები“ – ფარგლებში, ქართველი ემიგრანტები „მეტი დეველოპმენტის“ მიმდინარე პროექტის, „ვუდსაიდ დიღომის“ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, კომპლექსის ტერიტორიაზე ხეები დარგეს.

ღონისძიება „მე დავბრუნდები“-ს ფინალური დაჯილდოების შემდეგ გაიმართა, რომლის ერთ-ერთი სპონსორი სწორედ „მეტი დეველოპმენტია“. აღსანიშნავია, რომ „ვუდსაიდ დიღომში“ საცხოვრებელი ბინა უკვე არაერთმა ემიგრანტმა შეიძინა, ამიტომ საკუთარ ეზოში ხეების დარგვის ღონისძიებაც სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა.

„მეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელმა, პაპუნა ხაზალიამ ემიგრანტებს სამშობლოში მალე დაბრუნება და წარმატებული ცხოვრება უსურვა. მისი თქმით, „ვუდსაიდ დიღომმა“ ემიგრანტების ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.

„ვუდსაიდ დიღომში“ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან გვეწვივნენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც ძალიან გაგვახარეს. ვაჩვენეთ ჩვენი პროექტის უპირატესობები, რამაც მათი აღფრთოვანება გამოიწვია. მათ გამოხატეს ინტერესი პროექტის მიმართ და გამოთქვეს ჩართულობის სურვილი. პრეზენტაციის ბოლოს, სიმბოლურად, გამწვანების აქცია გაიმართა. თითოეულმა მათგანმა შეარჩია თავისი სახელობის ხე და დაარქვა თავისი პერსონალური სახელი. მე მათ ვუსურვებ, რომ ძალიან მალე ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და მშვიდობიანად და უშფოთველად გააგრძელონ წარმატებული ცხოვრება  საქართველოში,“ – აღნიშნა პაპუნა ხაზალიამ.

ტურინგიის ქართული სახლის ხელმძღვანელმა, კრიზის ცენტრის ექიმმა, დიანა ცერცვაძემ მადლობა გადაუხადა მეტი დეველოპმენტს და გამოთქვა სურვილი, რომ აღნიშნული ღონისძიება სამშობლოში ემიგრანტების დაბრუნების დასაწყისი გახდეს.

„საქართველოში ვიმყოფები ამ არაჩვეულებრივი პროექტის ფარგლებში. ეს არის წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოება, რომელიც 28 აგვისტოდან დაიწყო და რომლის ფინალური ეტაპი რუსთაველის თეატრში უკვე გაიმართა. ამ არაჩვეულებრივი პროექტის ერთ-ერთი სპონსორი გახლდათ, ასევე, არაჩვეულებრივი სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტი“. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მათ. დღევანდელი დღეც ამ პროექტის გაგრძელებაა. სიმბოლურად დავრგეთ ხეები, თუმცა ეს არ არის მხოლოდ სიმბოლიკა. ვინატრებდი, რომ ეს იყოს სამშობლოში ჩვენი დაბრუნების დასაწყისი,“ – განაცხადა დიანამ ცერცვაძემ.

კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ მხრიდან ემიგრანტებზე მორგებული შეთავაზებების შესახებ გაამახვილა ყურადღება ბერლინის ქართული სახლის და კრიზის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ შალამბერიძემ და აღნიშნა, რომ კომპანია ემიგრანტებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს.

„მეტი დეველოპმენტს“ აქვს საუკეთესო შეთავაზებები ემიგრანტებისთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის. ვიცი, რომ კომპანია ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს, უამრავ ადამიანსა და ოჯახს ეხმარება. ჩვენ შევიკრიბეთ „მეტი დეველოპმენტის“ ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე და თითო ხე ყველამ დავრგეთ,“ – განმარტა თამარ შალამბერიძემ.

იმ ემიგრანტებიდან, რომლებიც „ვუდსაიდ დიღომს“ ეწვივნენ, არაერთი კომპლექსის მომავალი მობინადრეა. ერთ-ერთი მათგანია არასამთავრობო ორგანიზაცია დიასპორის სახლის პრეზიდენტი, „მე დავბრუნდები“-ს თავმჯდომარე ინნა ასანიძე, რომელმაც საცხოვრებელი ბინა „ვუდსაიდ დიღომში“ შეიძინა. როგორც თავად აღნიშნა, მან, ფაქტობრივად, საკუთარ ეზოში დარგო ხე.

გამწვანების ღონისძიების პარალელურად, ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, პაპუნა ხაზალიამ განაცხადა, პროექტის ფარგლებში, უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა და განხორციელდა ისეთი ცვლილებებიც, რომელთა წყალობითაც, მობინადრეებისთვის, რომლებიც სამომავლოდ პარკინგით ისარგებლებენ, ავტომობილების განსათავსებელი და სამოძრაო არეალი უფრო კომფორტული გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები