რესტორანი „დედასპური“, რომელიც იტალიელებს ქართულ გემოსა და კულტურას აცნობს

ლელა ყორიაული სტეფანია აკილისთან ერთად

ცნობილია, რომ სახელწოდებასდედასპურიქართველებისთვის მარტო კულინარიული დატვირთვა არ აქვს. ხალხური გადმოცემით, ის დედის ხელით გამომცხვარს ნიშნავს და სახელწოდებაც აქედან მიიღო. ეს სახელი ზოგადად ქალურ საწყისსა და დედის ბუნების გააზრებასთანაა დაკავშირებული. ჩვენი მასალის გმირმაც სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე შეარჩია თავისი ახალი საქმიანობის სახელადდედასპური“, ამ ქართული სახელით გახსნილმა რესტორანმა უცხოეთში მალე გაამართლა. დღეს იგი ადგილობრივებში პოპულარობით სარგებლობს.

ლელა ყორიაული პროფესიონალი ექიმია და მისი ძირითადი საქმიანობის სფერო გენეტიკაში სიმსივნური უჯრედების შესწავლა და მოდიფიცირებაა. 2000 წელს მან საერთაშორისო ცენტრის მოლეკულური გენეტიკის დარგში (ICGEB -International Center for Genetic Engineering and Biotechnilogy) სტიპენდია მოიპოვა და გაემგზავრა იტალიის ქალაქ პავიას უნივერსიტეტში, სადავ მოგვიანებით „PhD სკოლაში“  ჩააბარა. 2003 წელს მისი წარმატებით დამთავრების მერე, იმავე უნივერსიტეტის მეცნიერთანამშრომელი გახდა.

თუმცა, გარკვეული დროის მერე, ქალბატონმა ლელამ პრიორიტეტი შეიცვალა, სარესტორნო სფეროში გადაინაცვლა და ქალაქ პავიაში გახსნა ქართული რესტორანი, რომელიც ადგილობრივებში საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ცნობილი საიტის „Trip advisor“ რეიტინგით, მისი რესტორანი პავიაში ყველაზე პოპულარულ რესტორანთა ათეულშია შესული.

ქალბატონო ლელა, ოდესმე თუ წარმოიდგენდით თქვენი პროფესიული ინტერესების ამგვარ მეტამორფოზას?

– დიახ, ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ დიდი გარდაქმნა მოხდა. 2000 წელს როდესაც იტალიაში ჩამოვედი კონცენტრირებული ვიყავი სწავლის გაგრძელებაზე და მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ პროფესიას და ცხოვრებას ასე რადიკალურად თუ შევიცვლიდი. თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიღებასა და განხორციელებას მთელი 20 წელი დასჭირდა.

სამედიცინო სფერო რატომ შეარჩიეთ?

– ექიმის პროფესიაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. თბილისის მეორე ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი და ყოველ დილით სკოლაში მისასვლელად სამედიცინო ინსტიტუტის წინ გავლა მიწევდა. მოხიბლული ვიყავი ახალგაზრდებით, რომლებიც ლექციებს შორის შესვენების დროს თეთრ ხალათში გამოწყობილი ინსტიტუტის ეზოში იდგნენ. ჩემი ბიძა მამის მხრიდან ექიმია. როდესაც ზაფხულის არდადეგებზე ბებია-ბაბუასთან ჩავდიოდი, ვხედავდი ბიძაჩემი პაციენტებს როგორ იღებდა და კურნავდა. მომწონდა როდესაც ადამიანებს ტკივილს უმსუბუქებდა. იმ მომენტში ის მათი ერთადერთი იმედი იყო. ამ ყველაფერმა ექიმობა გადამაწყვეტინა.

ვიცი, რომ იტალიაში თქვენი ჩასვლის მიზეზი სამედიცინო სფეროში მიღწეული წარმატება გახდა. პავიაში რა პროექტით ჩახვედით?

– 2000 წელს მოვიპოვე საერთაშორისო ცენტრის მოლეკულური გენეტიკის დარგში (ICGEB) სტიპენდია და ქალაქ პავიას უნივერსიტეტში გამოვემგზავრე. ეს იყო ორწლიანი სტიპენდია, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს აძლევდა იმის საშუალებას, რომ უცხოეთში, გენეტიკის სფეროში კვალიფიკაცია აემაღლებინათ. მხოლოდ სამ ქართველს გვხვდა წილად პატივი, რომ ეს სტიპენდია მოგვეპოვებინა: პროფესორ სოლომონ ნერგაძეს, რომელიც ახლაც იტალიაში იმყოფება და პავიას უნივერსიტეტში მოღვაწეობს, მე და ქალბატონ ნინო ყოჩიაშვილს, რომელიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დნმ ექსპერტიზის დეპარტამენტს დღემდე ხელმძღვანელობს. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ მაშინ არაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო. ამისთვის სამივემ ვიბრძოლეთ, მაგრამ პირადად მე, პასუხად ის მივიღე, რომ იმ მომენტში საქართველოს ამისი შესაბამისი საშუალება არ ჰქონდა. არადა, ქვეყნის სრულუფლებიანი წევრობისთვის, წელიწადში 500 ევროს გადახდაზე იყო საუბარი.

ლელა ყორიაული უნივერსიტეტში, კოლეგებთან სოლომონ ნერგაძესა და ნინო ყოჩიაშვილთან ერთად

როდის გაგიჩნდათ სურვილი და იდეა, რომ იტალიელებისთვის ქართული გემო, სამზარეულო და ამდენად, ქვეყნის კულტურაც გაგეცნოთ?

– ეს სურვილი მე და ჩემს იტალიელ მეგობარს საქართველოში მოგზაურობის შემდეგ გაგვიჩნდა. იმ დრომდე, ჩრდილოეთ იტალიაში ქართული რესტორანი არ არსებობდა. ჩემი მეგობარი მოიხიბლა ჩვენი თონით და მასში გამომცხვარი პურით, ამიტომ პირველი იდეაც ის იყო, რომ პავიაში ქართული თონე გაგვეხსნა. იტალიაში საქართველო ნაკლებად იყო ცნობილი და რესტორნისა და ქართული კერძების საშუალებით ვფიქრობდით, რომ იტალიელებისთვის ქართული კულტურა და ტრადიციები გაგვეცნო. ასეც მოხდა: მას მერე, რაც აქ რესტორანი გავხსენით საქართველოში ბევრი ჩვენი კლიენტი ჩამოვიდა.

ქართული რესტორანი პირველად რომელ ქალაქში გახსენით?

– პირველი რესტორანი 2019 წელს პავიაში გავხსენით. ეს ქალაქი მილანიდან 35 კილომეტრითაა დაშორებული, დღემდე იქ ვცხოვრობთ. რესტორნის სახელად „დედასპური“ შევარჩიეთ. გვინდოდა, რომ სახელწოდებაში სიტყვა „დედა“ ყოფილიყო. ამას თავისი ახსნაც აქვს: ორივე, მეც და ჩემი მეგობარი სტეფანია აკილი(Stefania Achilli), პირველ რიგში, დედები ვართ. ჩვენი გაცნობა მოხდა სკოლაში, სადაც ორივეს შვილები ერთ კლასში სწავლობდნენ. გაცნობის დღიდან დაიბადა დიდი მეგობრობა, რომელიც მალე საქმიან ურთიერთობაში გადაიზარდა. ბევრი გვაფრთხილებდა, რომ ამით ჩვენს მეგობრობას დავაზიანებდით, მაგრამ დღემდე საკმაოდ კარგად ვახერხებთ იმას, რომ საქმეს და მეგობრობას ერთმანეთში არ ვურევთ.

ვიცი, რომ თქვენს რესტორანში ხშირად ქართული თემატური ღონისძიებები იმართება

– სამი თვეა, რაც მილანში მეორე რესტორანი გავხსენით. მისი გახსნიდან მალევე, ჩვენთან ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილების“ იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. მისი ინიციატორი და ორგანიზატორი  ქალბატონი ნუნუ გელაძე გახლდათ. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ სტუმრები ბერნის, პავიასა და რომის უნივერსიტეტებიდან. ღონისძიებას  საქართველოზე შეყვარებული იტალიელები და ქართველი ემიგრანტებიც ესწრებოდნენ. მანამდე, პავიაში რამდენჯერმე მოვაწყვეთ ქართული სუფრის დემონსტრირება, რომლის დროსაც იტალიელებს ჩვენი ნაციონალური სუფრისა და თამადის ტრადიციები გავაცანით. მასზე მოსულები იყვნენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები, იტალიაში ცნობილი ჟურნალისტები და ბლოგერები. მომავალშიც ვაპირებთ, რომ ქალბატონ ნუნუსთან და ქართულ სათვისტომოსთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ.

ლელა ყორიაული მეგობრებთან ერთად

თქვენი საქმიანობის გაფართოებას თუ გეგმავთ?

– ძალიან მინდა იტალიელებს ჩვენი კულტურა და ტრადიციები რაც შეიძლება სრულყოფილად გავაცნო, მოვაწყოთ მუსიკალური საღამოები და ქართული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა, რისთვისაც აქ მცხოვრებ, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ქართველებს უკვე დავუკავშირდი. ადრე თუ გვიან გვინდა, რომ რესტორანი საქართველოშიც გავხსნათ. ამჟამად კი მთლიანად მილანის რესტორნის კარგად ამუშავებაზე ვართ  კონცენტრირებული. გვინდა, რაც შეიძლება ხშირად მოვაწყოთ ქართული საღამოები და ჩვენი რესტორნის მენიუ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.

– რამდენად კარგად ვიცნობთ ქართველები იტალიურ სამზარეულოს?

– იტალიური სამზარეულო მრავალფეროვანია და მთელ მსოფლიოშია ცნობილი, თუმცა პასტისა და პიცის გარდა ბევრმა არაფერი იცის. მაგალითად აქ, ლომბარდიაში, ბრინჯისგან ამზადებენ სხვადასხვა შემადგენლობის ტრადიციული კერძს – risotto, რომელსაც საქართველოში ნაკლებად იცნობენ. მათ ასევე ხორციანი კერძების ფართო არჩევანიც აქვთ.

სტატია ქართულ რესტორანზე ცნობილ იტალიურ ჟურნალში “corriere della sera”

როგორ ფიქრობთ, გემოვნება ადამიანის ხასიათს რამდენად განსაზღვრავს?

– ჩემი აზრით, ამას თავისებური ფილოსოფიური ახსნაც აქვს: ადამიანს, რომელიც გახსნილია იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის და გემოვნების კერძი დააგემოვნოს, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შიშიც არ ექნება და არასოდეს განსჯის ვინმეს ფერის, შეხედულებებისა და რელიგიის მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები