თბილისში გამოფენა “8 ლიეტუველი ფოტოგრაფი: ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის ფენომენი” გაიხსნა

თბილისის ფოტო ფესტივალის „Tbilisi Photo Festival“ და კაუნასის ფოტოგრაფიის გალერეის „Kaunas Gallery“ ორგანიზებით თბილისში გამოფენა “8 ლიეტუველი ფოტოგრაფი: ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის ფენომენი” გაიხსნა.

გამოფენა ლიეტუვური ფოტოგრაფიის 8 კლასიკოსის – ანტანას სუტკუსის, ვიტას ლუცკუსის, ალეკსანდრას მატიაუსკასის, რომულდას რაკაუსკასის, ალგიმანტას კუნჩიუსის, რომულდას პოჟერსკისის, ვირგილიუს შონტას და რიმალდას ვიკშრაიტისის 1 300-მდე ნამუშევარს აერთიანებს. ეს 1969 წელს მოსკოვში გამართული 9 ლიეტუველი ფოტოგრაფის გამოფენის თანამედროვე რეპლიკაა. სწორედ ამ გამოფენას უკავშირდება “ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის“ როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიის ფენომენის შეფასება და აღიარება.

“8 ლიეტუველი ფოტოგრაფი“ არა მხოლოდ უმდიდრესი ფოტოგრაფიული ტრადიციების ვიზუალური საგაა, არამედ ეროვნული თვითშეგნების ბრწყინვალე მაგალითიც, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაზე სასტიკ მტერთანაც აქვს ბრძოლას აზრი ყველაზე უთანასწორო მოცემულობაშიც კი, მაშინ, როდესაც სასწორზე ეროვნული ღირსება და თავისუფლება დევს. ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის ფენომენი საბჭოთა რეჟიმის მკაცრ აკრძალვებსა და ცენზურაზე, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის კლიშეებზე თავისუფალი შემოქმედებისა და ჰუმანისტური იდეების გამარჯვების ბრწყინვალე ვიზუალური მაგალითია!

მულტიმედიური ინსტალაცია, ვიდეო და საუნდ ინსტალაციასთან ერთად, უახლეს ლიეტუვურ ფოტო წიგნებსა და კატალოგებს აერთიანებს.

გამოფენის კურატორია გინტარას ჩესონისი.

გამოფენა 10 სექტემბრამდე გრძელდება.

დასწრება თავისუფალია

მისამართი: მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო “სტამბა”, დ ბლოკი, მეორე სართული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები