თედო რეხვიაშვილის ნამუშევრები ვენეციაში გამოიფინა

ქართველი მხატვრის – თედო რეხვიაშვილის ნამუშევრები ვენეციაში გამოიფინა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის ორი ნამუშევარი: “ტკივილი” და “აღდგომის ღამე” – ორივე ნახატი სამ სხვა ნამუშევართან ერთად  მალე პალერმოში გამოიფინება.

„დღეს გაიყიდა ტილო “პოლიტიკოსი, ეპისკოპოსი და ოლიგარქი”, ნახატი შეიძინა ამერიკელი მხატვრისა და ფილმმეიქერის, ჯულიან შნაბელის ქალიშვილმა ლოლა შნაბელმა, რომელსაც თან ახლდა ალექს მაიოლი, გამორჩეული იტალიელი ფოტოგრაფი ომისა და კონფლიქტების დოკუმენტალისტიკაში  –  ფოტოგრაფი, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს უახლეს ისტორიასაც. წყვილმა მიმიწვია რეზიდენციაში სამუშაოდ პალერმოსა და სიცილიაში, საბოლოოდ კი მილანში სოლო შოუს წარსადგენად. გუშინ გაიყიდა ჩემი ბოლო ნამუშევარი “ტკივილი” – რომელიც შეიძინა პორტუგალიელმა კოლექციონერმა ანტონიო კარდოსომ, პორტუგალიაში, მის რეზიდენციაში ახალი კოლექციის შექმნასა და პერსონალური შოუს გახსნაზე მოვილაპარაკეთ. თანამშრომლობაზე და პერსონალურ გამოფენაზე მოგველაპარაკა ფელიქს ფელტრინი, ლონდონური გალერეის (508 Gallery) დირექტორი. ასევე რეზიდენციაში მიმიწვია იტალიელმა დიზაინერმა და არტისტმა დანიელ დამინელიმ და შემდგომ კოლაბორაციული გამოფენის გაკეთება შემომთავაზა, საგამოფენოდ დაინტერესდა ორი გერმანული გალერეა, ერთი ბერლინში, მეორე ლაიფციგში,პალერმოს რეზიდენციაში მიმიწვია გამოფენის თანამონაწილემ  ედუარდო ჩიკონიმ “ – აღნიშნავს ქართველი მხატვარი.

თედო რეხვიაშვილმა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა, ის თანამშრომლობდა “CARDI GALLERY” -სთან, მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახელოვნებო პლატფორმაზე “Artsy”. 2015 წელს თედო რეხვიაშვილს საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრისთვის პრემია „ჟირაფი“ გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები