ალიკანტეს ქართულმა დიასპორამ უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართა

უკრაინიდან დევნილი 6 ოჯახი ალიკანტეში – სან ვისენტეში გამართული სოლიდარობის აქციის შედეგად დახმარებას მიიღებს. მიმდინარე წლის 10 აპრილს ესპანეთის სამეფოს ქალაქ ალიკანტეს მოქმედმა ქართულმა დიასპორამ, სან ვისენტეს პადელ კლუბის მხარდაჭერით, უკრაინელი ლტოლვილი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო, სოლიდარობის აქცია გამართა.ინფორმაციას ალიკანტეს ქართული სახლი ავრცელებს.

აქციის ფარგლებში მოეწყო ჩოგბურთის ტურნირი და ჩატარდა ლატარიის გათამაშება, შემოსული თანხა კი  უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახების საჭიროებებს მოხმარდება. სოლიდარობის აქციის ფარგლებშივე, დიასპორა, ესპანელი ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეების დახმარებით, უკრაინიდან ლტოლვილ ექვს ოჯახს საცხოვრებელი ფართითა და სამუშაო ადგილებით უზრუნველჰყოფს.

“10 აპრილის სოლიდარობის აქციის მთავარი მიღწევა უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვების დაღლილი, შიშჩამდგარი, თუმცა მაინც გაბრწყინებული თვალებია – ომგამოვლილი ბავშვები ხალისით თამაშობდნენ ჩოგბურთს და ასევე ხალისით ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში. გვიხარია, რომ შევძელით, ერთი დღით მაინც, ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის გამოვლილი საშინელი დღეები, საათები, წუთები დაგვევიწყებინა და მათ ხვალინდელი ლამაზი, მშვიდობიანი დღის,მეგობრებისა და გულშემატკივრების თანადგომის იმედი მივეცით. ალიკანტეს ქართული დიასპორა მხარს უჭერს უკრაინას და მის სუვერენიტეტს. 10 აპრილი დასაწყისია იმ მომავალი აქციებისა და ღონისძიებებისა, რომელსაც დიასპორა უკრაინელი მეგობრების მხარდასაჭერად გეგმავს.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები