მარტვილის კანიონს „ევროპის საბჭოს ლანდშაფტის ჯილდო“ გადაეცა

ევროპის საბჭოს ლანდშაფტების კონვენციის ღონისძიებაზე მარტვილის კანიონს „ევროპის საბჭოს ლანდშაფტის ჯილდო“ გადაეცა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

დაჯილდოების ცერემონია 2022 წელს, საბერძნეთში, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების კონვენციის სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 120 დელეგატი ესწრებოდა, „მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა, წარადგინა.

„პრეზენტაცია მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას განხორციელებული ღონისძიებების და ლანდშაფტების აღდგენის კუთხით მიღებული შედეგების შესახებ. სიმპოზიუმის ფარგლებში, საქართველოს მხარე, კანიონის აღდგენა-განვითარების ეფექტიანი სამუშაოების განხორციელებისთვის, სერტიფიკატით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ „მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი“ ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში გამოცხადებულ „ლანდშაფტის პრიზის“ მე-6 სესიაზე, 2018 წელს იყო წარდგენილი. აღნიშნულ სესიაზე წარდგენილი იყო ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის არაერთი პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ლანდშაფტების აღდგენაში და შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა და მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა“, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ევროპის საბჭოს ლანდშაფტის ჯილდო“ მარტვილის კანიონს 2019 წელს მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონია, რომელიც 2020 წელს პანდემიის გამო გადაიდო, მიმდინარე წლის 6-8 აპრილს საბერძნეთში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები