12 აპრილს, თბილისში, იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრა გაიმართება

იუნესკოს მიერ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის დაარსებიდან, დღემდე, ამ სტატუსს სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის 23 ქალაქი ატარებდა. თუმცა, ამ დროის განმავლობაში, მსგავსი სახის ძირეული რეფორმა არ განხორციელებულა. წელს, თბილისი, დედაქალაქების ქსელის პირველი, საინაუგურაციო შეხვედრის მასპინძელია.

„აღნიშნული ინიციატივა მიმართულია წიგნის დედაქალაქებს შორის გამოცდილებისა და იდეების გაცვლაზე, წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე.

შეხვედრას დაესწრებიან ოფიციალური სტუმრები იუნესკოდან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან, საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან და, ასევე, იმ ქალაქების მერები და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე იყვნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები ან მომავალში იქნებიან“, – ნათქვამია „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრა „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბოლო აქტივობა იქნება. მიმდინარე წლის 23 აპრილს, ამ სტატუსს მექსიკის ქალაქი – გვადალახარა გადაიბარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები