“სამშობლოს მონატრება და ტკივილი,რომელიც გვაერთიანებს” -ნიდერლანდებში ქართული თეატრის დასი პრემიერისათვის ემზადება
891
“ათინათი”- ქართული სამოყვარულო თეატრის დასი ნიდერლანდების სამეფოში პრემიერისათვის ემზადება, სპექტაკლს მაყურებელი 7 მაისს ქალაქ პურმერენდში, ,,De Purmaryn’’ თეატრში იხილავს. “პირველად ნიდერლანდების სამეფოში, თეატრის სცენაზე ქართველი ემიგრანტები ვერთიანდებით. ვმუშაობთ ბევრს და ვართ ძალიან მოტივირებული, რომ გაჩუქოთ დაუვიწყარი ემოციები” – აღნიშნავენ ქართულ სამოყვარულო დასში და მოუთმენლად ელიან დღეს, როდესაც მაყურებლის წინაშე წარდგებიან ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოებით “Hellados”
ქართული დასი სპექტაკლს რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ პირებს უძღვნის და ბილეთების გაყიდვისას შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება უკრაინიდან დევნილთა დახმარების ფონდს ნიდერლანდების სამეფოში. “ქართული კვირა” სპექტაკლის რეჟისორს, ბადრი წერედიანს დაუკავშირდა, ქართველი რეჟისორი ბოლო წლებია ლიეტუვაში მუშაობს, მან პრემიერასთან დაკავშირებული სიახლეები გაგვიზიარა
“დიდი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის მოთხრობა Hellados მიეკუთვნება იმ მარადიულ ტკივილის გამომხატველ ნაწარმოებებს, რასაც საკუთარი სამშობლოდან გადასახლება ნიშნავს, დღეს მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა დიდი გამოწვებების წინაშე, მილიონობით ადამიანი იძულებულია საკუთარი მიწიდან, ქალაქიდან აიყაროს და ცხოვრება თავიდან, მისთვის უცხო მხარეში დაიწყოს, დევნილობის რთულ და საშინელ გზას დაადგეს, საკუთარი ქვეყნიდან იძულებით წასულმა ადამიანებმა კარგად ვიცით სამშობლოს მონატრების სიძნელე,და ახლა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გვინდა ყველას, კიდევ ერთხელ გიამბოთ, ერთი პატარა, ზღვისპირა ქალაქის, სოხუმის მცხოვრებნის ისტორია, ამ ქალაქის მოსახლეობის არც თუ პატარა ნაწილი საბჭოთა სისტემის პირობებში იძულებული გახდა საკუთარი ქალაქი დაეტოვებინა და მისთვის უცხო მხარეში გადახვეწილიყო, სწორედ ამ ქალაქში განვითარდა მოგვიანებითაც ტრაგიკული მოვლენები და დღეს ქალაქი სოხუმი და საქართველოს ძირძველი კუთხე აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამიტომაც ჩვენ, ჰოლანდიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, კარგად გვესმის ის დიდი ტკივილი, რასაც მილიონობით უკრაინელი განიცდის, ვუცხადებთ ჩვენს დიდ მხარდაჭერას უკრაინელ გმირ ხალხს და წარმოდგენიდან შემოსულ თანხას სრულიად გადაურიცხავთ უკრაინის დახმარების ფონდს. გვჯერა, რომ მოვა დრო და ყველაკუთხისა და ქვეყნის დევნილი მშობლიურ ქალაქსა და კუთხეს დაუბრუნდება, ამიტომ ამ მძიმე წუთებში გვინდა გაგამხნევოთ და მოგიწვიოთ პრემიერაზე”