,,წიგნობანა“ ჯადოსნურ თავგადასავალში ემიგრანტ ბავშვებსაც იწვევს

მოგზაურობა ,,წიგნობანას“ სამყაროში გრძელდება. საგანმანათლებლო-შემეცნებითმა პროექტმა სტარტი 1 თებერვალს აიღო და თავის გარშემო, უკვე შემოიკრიბა უამრავი მონაწილე.

,,წიგნობანა“ კომპანია ,,ქოლგას“ მორიგი წარმატებული სოციალური წამოწყებაა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ხორციელდება. ის მიზნად ისახავს მოზარდებში წიგნის პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში, მონაწილეები იღრმავებენ შემეცნებით-ინტელექტუალურ ბაზას, იძენენ ახალ უნარ-ჩვევებს და გამოცდილებას სხვა თანატოლებსაც უზიარებენ. ,,წიგნობანა“ თავის გუნდში ემიგრანტებსაც იწვევს. როგორ და სად გაივლიან რეგისტრაციას ამის შესახებ ,,ქართულ კვირასთან“ ინტერვიუში კომპანია ,,ქოლგას“ დამფუძნებელი ანა ჩანგიანი საუბრობს.

– ანა თავდაპირველად გვითხარით, როგორ დაიწყო მოზარდებისთვის ეს თავგადასავალი?

– მსგავსი პროექტის იდეა, დიდი ხნის წინ გამიჩნდა. შემდეგ გავუზიარე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს მირიან ხოსიტაშვილს, ფოტოხელოვან გოგა ჩანადირს და მსახიობ მაკა შალიკაშვილს. წიგნიერება, მოზარდები და მათთან კომუნიკაცია – ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის, იდეა მოიწონეს და მაშინვე დავიწყეთ მის განხორციელებაზე ფიქრი. არ უნდა დამსგავსებოდა პროექტი სკოლის გაკვეთილებს, უნდა ყოფილიყო ერთგვარი თამაშობა, საინტერესო გამოწვევა და სახალისო პროცესი, რის შედეგადაც ბავშვებს გაუჩნდებოდათ მოტივაცია გაცნობოდნენ მეტ ლიტერატურას და გაეზიარებინათ თანატოლებისთვის. სახელწოდებაც შესაბამისი შევურჩიეთ – ,,წიგნობანა“. გოგამ ზუსტად 5 წუთში მოიფიქრა სახელი. ლიტერატურის მიმართულებით სალექციო კურსს სწორედ გოგა ჩანადირი უძღვება. ერთია როდესაც გვაქვს მიღებული რაღაც კონკრეტული ცოდნა და მეორეა, როგორ ვახერხებთ გადმოცემას, მსჯელობას, პოზიციონირებას… მეტყველება და მსახიობის ოსტატობა – ეს არის მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ჩვენს მოზარდებს აქვთ. კურსს უძღვება მაკა შალიკაშვილი.

ამით არ სრულდება ,,წიგნობანა“, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ არამხოლოდ დაუთმო ბავშვებს კონკრეტული სივრცე, არამედ მათი ინიციატივით გადაწყდა, კონკრეტულ ავტორებთან და მათ ნაწარმოებებთან გაცნობის შემდეგ, მოზარდები თავად გაახმოვანებენ და შექმნიან „წიგნობანას“ აუდიობიბლიოთეკას. ცნობილი ნაწარმოებების ამ აუდიო ვერსიებს სამომავლოდ მათი თანატოლებიც მოუსმენენ. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გვსურს იმ მოზარდებთანაც მივიდეთ (მათ შორის რეგიონებში), ვისაც არ აქვთ წვდომა და აინტერესებთ ეს ყველაფერი. მოკლედ დიდი ამბები გვაქვს წინ.

– საინტერესოა ვინ გაერთიანდა  ამ ეტაპზე ,,წიგნობანას“ გარშემო და როგორია ზოგადად გამომხმაურებები?

– ჯერ ერთი თვეა რაც პროექტი ჩაეშვა და ინტერესი საკმაოდ დიდია, თუმცა ამ ეტაპზე იმდენი რესურსი არ გვაქვს, რომ ბევრი ბავშვი მივიღოთ. ჯერ-ჯერობით ერთი ჯგუფი გვყავს, ასაკობრივი ზღვარი 7-იდან 14 წელია. პროექტი მონაწილეებს სიუპრიზებითაც ანებივრებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გვყავდა საინტერესო სტუმარი, ყველასთვის საყვარელი  მომღერალი სალიო (Salio), რომელმაც გაიხსენა მათთან ერთად ბავშვობა და გაუზიარა წიგნებთან დაკავშირებული შთაბეჭდილები. ეს გაგრძელდება და მონაწილეები პირადად შეხვდებიან საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, მწერლებს, პოეტებს და ა.შ.  მოგეხსენებათ დღეს სოციალურ ქსელს რამხელა დატვირთვა აქვს, ჩვენი ფეისბუქ გვერდი აჭრელებულია ბავშვების შთაბეჭდილებებით, გვიზიარებენ ემოციებს, გვაქვს პირდაპირი ჩართვებიც.

– როგორც ვიცით, პროექტში მონაწილეობა უკვე ემიგრანტებსაც შეუძლიათ?

– თავიდანვე შევთანხმდით, მას შემდეგ რაც პროექტი ჩაეშვებოდა და დავიწყებდით აქტიურად მუშაობას, შემდეგი ნაბიჯი აუცილებლად იქნებოდა ემიგრანტებისთვის ,,წიგნობანაში“ მონაწილეობის შეთავაზება. დღეს სირთულეს აღარ წარმოადგენს დისტანციურად გაკვეთილების ჩატარება და კომუნიკაცია. ვფიქრობ, დადგა დრო დავიწყოთ პროექტის პრეზენტაცია მათთანაც. ჩვენ უკვე გვყავს ერთი ემიგრანტი მონაწილე – გიორგი ათენიდან, რომელიც თვითონ გამოგვეხმაურა ფეისბუქ გვერდზე და შემოგვიერთდა. ველით სხვა მსურველებსაც.

– ყველა ემიგრანტ მოზარდს შეუძლია გახდეს ,,წიგნობანას“ წევრი, რას უნდა აკმაყოფილებდეს ის?

– მთავარია ესმოდეს და კომუნიკაცია შეეძლოს ქართულად, დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ. არანაირი განსაკუთრებული უნარ-ჩვევები საჭირო არ არის, საინტერესო გამოცდილებას თავად ,,წიგნობანა“ ჰპირდება.

– სამშობლოსგან შორს არიან და მშობლიურ ენასთან ხშირი შეხებაც არ აქვთ. მსგავსი პროექტით კი ეძლევათ შესაძლებლობა, ქართულ ენაზე ეზიარონ წიგნის სამყაროს… თქვენთვისაც ორმაგ დატვირთვას იძენს ალბათ ეს ყველაფერი?

– ჩვენთვის ეს მხარე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ერთი სული გვქონდა როდის ჩავუშვებდით სარეგისტრაციო ლინკს და გაივლიან რეგისტრაციას. ეს პროცესი ისევე წარიმართება, როგორც,,წიგნობანას“ დღევანდელ მონაწილეებთან არის. რეგისტრაციის შემდეგ დაუკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი და მოხდება უშუალოდ ჯგუფის დაკომპლექტება.

– ახალ იდეებსაც გააჩენდა აქტიური მუშაობის პროცესი, როგორც ჩანს იზრდება და უფრო მრავალფეროვანი ხდება ,,წიგნობანას“ თავგადასავალი?

– რათქმაუნდა ასეა. როგორც უკვე აღვნიშნე, აუცილებლად ვიმოგზაურებთ ჩვენს პატარა მეგობრებთან ერთად რეგიონებში. უფრო მეტიც – პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უამრავი სხვა საინტერესო შემეცნებითი პროექტი აქვს, სადაც ბავშვებს აუცილებლად ჩავრთავთ. მათი იდეები და შემოთავაზებები იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობ, ერთობლივად ბევრ მნიშვნელოვან წამოწყებას ჩაეყრება საფუძველი.

იხილეთ სარეგისტრაციო ლინკი.

სრულ ინტერვიუს დაელოდეთ ხვალ ვიდეობლოგში ,,მედიატორი”. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები