ეროვნულ ბიბლიოთეკაში მირიამ სოლოღაშვილის ფერწერული ნამუშევრების  გამოფენა გაიხსნება

14 იანვარს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ისრაელში მცხოვრები ქართველი მხატვრის,მირიამ სოლოღაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება, წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები,რომლებიც საქართველოსა და ისრაელში შეიქმნა.
მირიამი ცდილობს თავისი იდეები, განცდები, განწყობა, მსოფლშეგრძნება ანუ მხატვრული ნაწარმოების შინაარსი მხატვრულ აღმქმელამდე მიიტანოს იმპრესიონისტული მხატვრული ხერხებით, მაგრამ არა წუთიერი შთაბეჭდილება, არამედ მარადიული, საყოველთაო და ყოველდღიური კითხვა: ვინ ვარ მე და რა არის ჩემი გარემომცველი სამყარო? ის, რაც თანამედროვე ყოფაში ბანალურ, მაგრამ მით უფრო ამოუხსნელ რებუსად იქცა ჩვეულებრივი (და არა ფილოსოფიური) ცნობიერებისათვის. მირიამისთვისაც სწორედ ეს არის მთავარი–არსებული რეალობისადმი საკუთარი დამოკიდებულება, პირადი განცდები, შეგრძნებები გაიაზროს და მიიტანოს სხვა ადამიანებამდე. ხელოვნების უნივერსალური ენით, ამასთან დიალოგის რეჟიმში” – ეთერ შავგულიძე, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი, დოქტორი.
გამოფენა ჟანრობრივად მრავალფეროვანია, წარმოდგენილია როგორც ქალაქური ცხოვრების სიუჟეტები, პეიზაჟები, პორტრეტები, ასევე ჩვენი თანამედროვეებისა და საზოგადო მოღვაწეების, ილიკო სუხიშვილის, ანიტა რაჭველიშვილის, გია ბუღაძის, ნინო ანანიაშვილის, გიორგი მაისურაძისა და სხვათა პორტრეტები.მირიამ სოლოღაშვილის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „გოგონა მობილური ტელეფონით“ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება და 19 იანვრამდე გაგრძელდება. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები