„გახსოვდეთ რომ ყოველივე სენის გავრცელება ჩვენ დაუდევრობაზეა დამოკიდებული“- დოკუმენტური მასალები ეროვნული ბიბლიოთეკიდან (ნაწილი I)

რა ოფიციალური ცნობები არსებობს ხოლერისა და შავი ჭირის შესახებ და როგორ იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, არსებობდა თუ არა ეპიდემიასთან ბრძოლის ფონდი, რა წერილები იგზავნებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ეპიდემიის დროს, რას წერდა XVIII და XIX  საუკუნის პრესა პანდემიის შესახებ – დოკუმენტური მასალები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.

ოფიციალური ცნობანი ხოლერის შესახებ

მიხეილის სამკურნაშო, დილით, 20 ივლისს იყო ხოლერით ავადმყოფი 11 კაცი და ოთხი ქალი; იმ დღეს მოიყვანეს 3 კაცი და ერთი ქალი: ეს ავადმყოფნი საეჭვონი არიან. მორჩა ორი კაცი: იმ ღამეს არავინ მიუყვანიათ. გარდაიცვალა 3 კაცი.

ტფილისის მაზრის უფროსი იუწყება: წყნეთში ავად გახდა ხოლერით ერთი კაცი; სოფ. გოუბანში 14 ივლისს ავად გახდა სამი, მოკვდა ორი.

გორის მაზრაში უფროსი იუწყება: 20 ივლისს არავინ გადაცვლილა. ავად 10 კაცია.

20 ივლისს ბორჯომში გარდაიცვალა მარიამ პორტნოვი. სიციხურში გარდაიცვალა ერთი გლეხის დედაკაცი. რუისშიც მოკვდა 19 ივლისს ერთი ავადმყოფი. სოფ. ურბნისში მოკვდა ერთი დედაკაცი; 20 ივლისს სამი ავადმყოფიღა დარჩა. სოფ. ცხრამუხაში გარდაიცვალა ერთი გლეხი. საქართველოს სამხედრო გზაზედ, დიღმის საყარაულოსთან, იპოვეს გვამი ხოლერით გარდაცვალებულისა.

სიღნაღის მაზრის უფროსი იუწყება: დედოფლის წყაროზედ დაბინავებულ გადმოსახლებულთა შორის, 16 ივლისს, კიდევ გა- რდაიცვალა ერთი დედაკაცი. სხვა აღარავინ გამხდარა. ზემო მაჩხაანში და მირზაანში ავად გახდა 3, მოკვდა ერთი. სამნივე ავად გამხდარან შირაქის მინდორში.

ბორჩალოს მაზრის უფროსი იუწყება: სოფ. კაჩულოს ახლოს იპოვნეს ხოლერით ავადმყოფი სპარსელი, რომელიც გარდაი- ცვალა 14 ივლისს. სოფ. ძველ-ქვეშში გარდაიცვალა ჩაფარი ყარა ჰუსეინ-ოღლი.

სოფ. ჯიღაურში, დუშეთის მაზრა: 16-21 ივლისამდე ავად გახდა 17, გარდაიცვალა ერთი. ბიწმენდში გარდაიცვალა ერთი. სოფ ზე- იდლიანთკარში ავად გახდა 5 კაცი, გარდაიცვალა 4.

ბორჯომი: ხოლერამ აქაც იჩინა თავი. აგარაკად მოსულებს გულები დაუსკდათ. ბევრი აბასთუმანში აპირებდა გაქცევას, მაგრამ ვერ მოახერხეს, რადგან აბასთუმანთან მისვლა-მოსვლა, მთავრობის განკარგულებით შეწყვეტილია. ბევრი მაინც გავიდა ბორჯომიდგან.

თიანეთი: ხოლერას ამბებმა აქამდისაც მოაღწია და არა მარტო ამბად, არამედ საქმითაც. ერწოში სოფ. თრანის მახლობლად ოთხი თუ ხუთი კაცი იმსხვერპლა.

საგურამო (დუშეთის მაზრა): ყველაზედ ძალიან თავი იჩინა სენმა სოფელს ჯიღაურაში. მცირე ხანში რვა კაცი მოკვდა და ცხრაც ავად არის. ამ სოფლის მცხოვრებთა რიცხვიკი თოთხმეტს კომლს არ აღემატება. საჭიროა მოშველება ექიმისა და წამლებისა. ხალხი სწუხს და აღარ იცინის, რა ჰქნას.

ბიწმენდშიაც მოკვდა იმერელი ხორველით. ქალაქიდან იყო მოსული. ხალხი ახლოს არ მიეკარა და მიცვალებულის ძმა, რომელიც აქ მებაღედ იყო, იძულებული შეიქნა თვითონ გაეთხარა საფლავი ბაღის ბოლოს და მარტოკას დაემარხნა. დამარხაკი თვითონაც შიშით მეორე დღეს იმერეთისკენ გაიქცა და თან გაჰყვნენ დანარჩენი მებაღეებიც და თავიანთ ნამუშევარზედ ხელი აიღეს. მართალია აქ ერთი ფერშალია, მაგრამ ოთხი სამამასახლისო აბარია და აბა რას გახდება.

ბიწმენდის მცხოვრებნიც გახიზვნას აპირობდნენ ტყეებში, მაგრამ დავამშვიდეთ და ეხლა სასოფლოს ფული გამოიღეს და სხვადასხვა წამლებს ჰყიდულობენ. ერთის,  სიტყვით,  ზრუნვა და დახმარებაა საჭირო, თორემ შეიძლება ჯიღაურას დღე ყველა სხვა სოფელსაც დაადგეს.

სოფ. ხორგი: (ზუგდიდის მაზრა): თუ ხოლერის გაჩენა ცუდჰაერსა და სიბინძურე-უწმინდურებაზეა დამოკიდებული, პირველად უთუოდ აქ იჩენდა თავს; მაგრამ ადგილობრივი ბოქაული ბ-ნ ბ. გაბუნია მხნედ შეუდგა სიბინძურე-უწმინდურების მოსპობასა და ამ გარემოებამ ბევრი უშველა სოფელს. როგორც ყველა სხვა საქმეს, ამ საქმესაც მარჯვედ და მხნედ შეუდგა ბოქაული. ყოველგან სადაც ჭაობები იყო, აშრობენ, სწმენდნენ ასუფთავებდნენ გზებს, ეზოებს, აგრეთვე თხრილებში ჩარჩენილ წყლებს აშრობენ.“

გაზ. ივერია,1892, 22 ივლისი, №154

წერილი ქართლიდან

„დღეს დღის ვარმად გამხდარა ხორელა, ანუ როგორც ხალხი ხმარობს-ხორველა. ყველას ენის წვერზედ ეს სიტყვა აკერია; გაგვიჭირვა საქმე, რაღა! ამ თვალთ უჩინარმა, პაწაწკინტელა ჭიამ გაზაფხულზედვე გამოაცხადა ომი და ნელ-ნელა შემოუდგა სპარსეთიდგან ხალხის მუსვრას, შემობრძანდა ბაქოში და აქედგან რაზმები გაჰფანტა მთელს ვოლგის ნაპირზედ რუსეთში და არც ჩვენი ქვეყანა დააგდო უნუგეშოდ. საქართველო მაინც ძველისძველადვე სპარსეთისაგან იყო აკლებულ-ამოვარდნილი და, რა დააკლდა, ახლა ამ გასაოხრებელის ბაცილებით გვიჭირვებს საქმესა. მტრობაც ამისთანა უნდა აი“!…

გაზ. ივერია, 1892, 22 ივლისი, №154

• • • • • •

წერილი დუშეთის მაზრიდამ

„ვერ წარმოიდგენთ რა საშინელ ყოფაშია დუშეთის მაზრა: სრულად უპატრონოდ დაგდებულია მაშინ, როდესაც ხოლერა გაძლიერებული დაიარება. … სოფლებიდამ ხალხი მირბის ტყეში, შინა ჰრჩებიან იმისთანანი, ვისაც ილაჯი არა აქვს წასვლისა სიღარიბით თუ სხვა რამ მიზეზით. ბულაჩაური მთალ აიყარა, საგურამო, წინამძვარიანთ კარი სულ გაიხიზნა ტყეებში. შინ მოტანილს მოსავალს ძაღლი და ღორი სჭამს. ერთი სოფელი ჯიღაური ლამის მთლად ამოწყდეს ეხლა თითქმის სახლი არ არის, რომ ორი-სამი მკვდარი არ იდოს“.        

გაზ. ივერია,1892, 24 ივლისი, №155

• • • • • •

ცენტრალურმა ბაქტერიოლოგიურმა ლაბორატორიამ (სერგიევის ქუჩა №4) მიიღო პარიზიდან პასტერის ინსტიტუტიდან დიფტერიტის საწინააღმდეგო ახალი შრატი, რომლის თვითეული ამპული შესდგება 2500 ერთეულიდან. შრატის გაცემა ავადმყოფთათვის შეიძლება მხოლოდ ექიმების გამოწერით. ავადმყოფის პატრონმა შრატის მოთხოვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შედეგები ტფილისის ერთ-ერთ ლაბორატორიაში წარმოებულ ანალიზისა.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920, 1 თებერვალი, №24

• • • • • • 

შავიჭირი (ჟამი) და მის წინააღმდეგ საბრძოლო საშუალებანი

„ინდოეთში მოვლენილი შავი ჭირის გავრცელება და შორეულ ქვეყნებში მისი გადასვლ-გადმოსვლა იმდენად მოსალოდნელი გახდა, რომ კარგა ხანია ყველა სახელმწიფოებმა მის დასახვედრად გაცხარებული მზადება დაიწყეს. ევროპას შავი ჭირით მოდებულ ქვეყნებთან მისვლა-მოსვლა აქვს გამართული, და ამ მისვლა-მოსვლას ადვილად შესაძლებელია შავი ჭირიც გადმოჰყვეს, კარანტინებმა ვერ დაგვიფარონ, და ევროპის სახელმწიფოებს და ქვეყნებს შემოერიოს…

თუ შავი ჭირის შემოსვლა მოსალოდნელია, მაშ საჭიროა ყველა ღონისძიება ვიხმაროთ, მოვემზადოთ მის წინააღმდეგ საბრძოლველად; საჭიროა გავიცნოთ საზარელი მტერი, მისი ძალა, თვისებები, რომ ჩვენი ბრძოლა უფრო საზრიანი და მოფიქრებული იყვეს. მხოლოდ საჭიროა, რომ მეცნიერებისაგან შეძენილი ცოდნა და გამოკვლეული საშუალებანი ყველამ შეიტყოს, ყველამ გაითვალისწინოს, რათა უფრო ყველა წინადვე მოემზადოს, რომ თავის თავს და მეცნიერებას ამ მოსალოდნელ ულმობელ ბრძოლაში საუკეთესო და შეგნებული სამსახური გაუწიოს.“

ჟურ. მოამბე, 1897, №9

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები