აბუ-დაბი საჰაერო გზით ქუთაისს დაუკავშირდება

15 დეკემბრიდან ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. აბუ-დაბიდან ქუთაისში და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ახალ მიმართულების პრომოციასთან დაკავშირებით აბუ-დაბიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია Wizz Air-ის პარტნიორობით ახალი მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა.

,,15 დეკემბრიდან ქუთაისსა და აბუ-დაბის შორის იწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ, პირველად ისტორიაში, მოხდება ამ ორი ქალაქის საჰაერო გზით დაკავშირება. ვიმედოვნებთ, რომ გაზრდილი ტურისტული პოტენციალი დადებითად იმოქმედებს იმერეთის რეგიონზე, ვიზიტორები კვლავ დაუბრუნდებიან ჩვენს ქვეყანას და კიდევ არაერთხელ აღმოაჩენენ იმერეთის რეგიონისა და ზოგადად, საქართველოს ხიბლს”, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

Wizz Air Abu Dhabi არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ევროპის გარეთ შექმნა. Wizz Air Abu Dhabi-ს ავიაფლოტი მთლიანად ახალი, Airbus A321neo-ებისგან არის დაკომპლექტებული და პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი.

,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს. ვხვდებით სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ისინი ჩვენს თვითმფრინავებში ადგილებს ჯგუფურად ყიდულობენ და სპეციალურ სამგზავრო პაკეტებს სთავაზობენ. რაც ავიაკომპანიისთვის ასევე, მნიშვნელოვანი სარგებელია. დღეს დავაანონსეთ ახალი მიმართულება ქუთაისსა და აბუ-დაბის შორის, რომელიც 15 დეკემბრიდან იწყება. ჩვენ ვიფრენთ კვირაში ორჯერ ქუთაისის მიმართულებით. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი საქართველოს, კერძოდ ქუთაისს დაუკავშირდება”, – აცხადებს ქეისი ვონ სხაიკი Wizz Air Abu Dhabi-ს მმართველი დირექტორი.

აბუ-დაბიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 15 დეკემბერს შესრულებულ პირველ რეისს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბლოგერები, ინფლუენსერები და ჟურნალისტები ჩამოყვებიან, რომლებიც იმერეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და საქართველოს შესახებ სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები