ჭადრაკში საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

სლოვენიის ქალაქ თერმ ჩატეჟში მიმდინარე ევროპის 23-ე გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა. ჩემპიონატში ქალთა 31 და ვაჟთა 34 გუნდი მონაწილეობდა. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით – 7 ტურად გაიმართა, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე/ნახევარი საათი პარტიის ბოლომდე/30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.

ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ქართველმა ქალებმა დიდი ანგარიშით 3,5:0,5 საბერძნეთის ნაკრები „გაანადგურეს“ და ერთი ტურით ადრე გაინაღდეს მეორე საპრიზო ადგილი. დასკვნით ტურში კი ფრანგი მოჭადრაკეები დაამარცხეს. გუნდს გამარჯვების  ქულა სოფიო გვეტაძემ მოუტანა.

ქართული ჭადრაკის ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ ევროჩემპიონატის პირველ დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ლელა ჯავახიშვილმა ევროპის გუნდური  ჩემპიონატის მეორე დაფაზე ოქროს მედალი დაისაკუთრა.

საქართველოს ქალთა ნაკრები: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია, სოფიო გვეტაძე; გუნდის კაპიტანი დავით ჯოჯუა; მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.

ქალთა ნაკრებმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა ვერცხლის მედალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები