„ქართული ენა ამჟამად ჰგავს მშვენიერს ფოლადის სახსნისსა, რომელსაც უგუნური პატრონი ჟანგს აჭმევინებს…“

1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი,  მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი დაიბადა, მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე განუზომელია. იაკობ გოგებაშვილს ეკუთვნის პუბლიცისტური წერილები, რომლებიც ახლაც ისე იკითხება როგორც თანამედროვე და ყველა დროის პრობლემებს ეხმიანება, მათ შორის აღსანიშნავია წერილი „ბურჯი ეროვნებისა“

„გაგიგონიათ მებაღე, რომელიც უზმოდ მონატრული ყოფილიყოს ხილის უხვის მოსავლისა და ხეხილებისთვის კი ძირი და ფესვები ეთხაროს, ეფუჭებინოს, ეხმოს? განა, არ გაგიგონიათ?.. გადაავლეთ ახლა ყურადღებით თვალი ჩვენის მოზარდის თაობის აღზრდა-სწავლასა და თქვენ დარწმუნდებით, რომ ჩვენს შორის მოიპოვებიან არა ერთნი და ორნი მშობელნი, რომლებიც ამ საარაკო, არ გაგონილს მებაღეს მოგაგონებენ. მართლა-და რომელი მშობელი არა ნატრობს თავისი შვილებისათვის გამჭრიახს ჭკუასა, ღრმა გრძნობასა, მტკიცე ხასიათსა, ერთი სიტყვით, – კაცურს კაცობასა? გარნა ზოგნი, ჩვენდა სამწუხაროდ, თვითონვე საკუთარი ხელით ძირს უთხრიან თავიანთის შვილების სულის განვითარებასა, ფესვებს უხმობენ მათ გონების და გრძნობის დასრულებასა, აყვავებასა.

როგორ და რა გზით? იგინი ნორჩის თაობის აღზრდა-სწავლაში ადგანან იმისთანა უკუღმართს გზასა, რომელიც ძლიერ დამაქვეითებელია აზროვნებისაც, გულისაც, ხასიათისაც და რომელიც ფუქსავატობის დედაა, ძიძა და გამდელი.

ვისაც კი მეტ-ნაკლებობით შესწავლილი აქვს, თუ რაში მდგომარეობს სისრულე ენისა, მისი სიმდიდრე, აზრსა და გრძნობაზედ ზედ გამოჭრილობა და კაფიობა, არ შეიძლება არ დაგვეთანხმოს, რომ ქართული ენა ეკუთვნის მაღალ აგებულობის ენათა დასსა. ჩვენმა ენამ გაფურჩქნა თავისი ფორმები და დაამყარა თავის ორგანიულს ნაწილებს შორის სრული ჰარმონია ძველთაგანვე, მეთორმეტე საუკუნეში. ჰკითხეთ ლინგვისტებს, ენის-მეტყველთა – რაში მდგომარეობს ღირსება ენისა, და ისინი დაგისახელებენ: სიმარტივეს ბრუნვებისას, გრამატიკულის სქესების არ ქონვას, თანდებულთა სიტყვის ბოლოში მოქცევასა, ხმოვანს დაბოლოებას სიტყვებისას, ხმა ასამაღლებელი დამორჩილებას განსაზღვრულს კანონზედ, მრვალფეროვნებას და მოქნილებას ზმნის ფორმებისას, სიმდიდრეს სინონიმებისას, ლექსიკონისას. რომელმა განვითარებულმა ქართველმა არ იცის, რომ ყველა ეს ღირსება სრული კუთვნილებაა ქართული ენისა, რომელიც ამ ღირსებათა წყალობით ყველა ცოტაოდნად განსხვავებულს შემეცნებას, მდგომარეობას, მოქმედებას და ვითარებას განახორციელებს განსაკუთრებით, ზედ-გამოჭრილი ფორმითა, საადვილო გამოხატულებითა!

დიაღ, ქართული ენა ისეთივე მდიდარია და მრავალ-მხროვანი, როგორიც არის ბუნება კავკასიონისა, სადაც ერთს პატარა მანძილზე პოლუსი, ტროპიკი და ზომიერი სარტყელი ერთად შეყრილან, სადაც საუკუნო თოვლით შემოსილი მთის წვერები ზევიდგან ძირს დასცქერიან: ბროწეულს, ლეღვს, ვაზს, ლიმონს, ფორთოხალს და სხვა ტროპიკულს მცენარეულობას, და სადაც რამდენსაც ნაბიჯს გადასდგამ, იმდენს ახალ-ახალს სურათს შეხვდები. ქართული ენა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც არის ჩვენი ერის ისტორია, წარსული ცხოვრება, სავსე მრავალ-გვარის მოქმედებითა, თვისებებითა, აზროვნებითა, გრძნობითა, დიდი სიხარულითა, ძლიერი მწუხარებითა, და რომელიც წარმოადგენს იმ გვარს ღრმას და დაუსრულებელს დრამას, რომ ასი შექსპირიც ვერ ამოსწურავდა მას ძირამდის, ერთი რუსული მწერლისა არ იყოს. ჰკითხეთ ჩვენს იღბლიანს მეზობლებსა: რა გშურთ ქართველებისაო, და ისინი თქვენ დაგისახელებენ ჯერ გაფურჩქვნილს, განვითარებულს ქართულ ენასა და მერე გაერთებულს, შეკუმშულს ტერიტორიასა, მიწა-წყალსა.

მაგრამ ვაფასებთ ჩვენ ამ დაუფასებელს საუნჯესა? გვესმის ჩვენ მისი უმაღლესი ღირსება და მნიშვნელობა? ქართული ენა ამ ჟამად ჰგავს მშვენიერს ფოლადის სახსნისსა, რომელიც უგუნურს პატრონს კუნჭულში მიუგდია, იშვიათად ჰხმარობს და ჟანგს აჭმევინებს. ამიტომ, ობიექტურად, თავის-თავად მდიდარი და განვითარებული, ქართული ენა სუბიექტურად, ჩვენს პირში, არის ღატაკი და დღე ნაკლულს არსებას მოგაგონებთ.

კიდევ ისე სამწუხარო არ იქნებოდა ქართული ენის აბუჩად აგდება, რომ ამ მოვლენას ვხედავდეთ მხოლოდ სასწავლებლებში; მაგრამ სავაგლახო და სავალალო ის გახლავთ, რომ იქაც კი, სადაც დედა-ენა უნდა შეუცილებლად უფლობდეს და სუფევდეს, მას ეპყრობიან, აქა-იქა მაინც, სწორედ ისე, როგორც ავგული დედინაცვალი ექცევა ათვალისწუნებულს თავისს გერსა. ეს მომაკვდინებელი სენი ცოტ-ცოტათი ეპარება ქართულს სახლობრივ სფერასაც და ისიც რომელსა? არა მარტო გადაბირებულს მოხელეთა ოჯახობასა და ზოგიერთა გაფუქსავატებულს არისტოკრატებსა, არამედ თვით ჩვენს განათლებულს დასსაც კი გადასდებია. არა ერთს განათლებულს ქართველს სახლობას შეხვდები, სადაც მოზარდი თაობა ლაპარაკობს და ტიტინებს რომელსამე უცხო ენაზედ და ქართულისა კი ჭაჭანებაც არ ისმის. უფრო კიდევ სამწუხარო ის არის, რომ ამ გვარ სახლობათა რიცხვში ჰხედავთ მესამოცე და მეოთხმოცე წლების ზოგიერთა პატრიოტებსაც, რომელნიც ლიტერატურაში ცხარ-ცხარე სიტყვებს ხარჯავდნენ მამულისშვილობაზედ და საქმე კი იმითი გაათავეს, რომ თვითონაც უღალატეს ეროვნებას და თავიანთ სახლებიდგანაც გამოაძევეს ქართული ენა. ამ ვაჟბატონებს რომ ჰკითხოთ, რად დაგებათ პირი უკუღმაო, ბოდიშის მოსახდელად ზოგნი დგისახელებენ იმ გარემოებას, რომ ჩვენ ბედის წერამ უცხოელს ქალებს გადაგვკიდაო; მაგრამ განა ეს შესაწყნარისი საბუთია? განა კაცმა რომ უცხო ტომის ქალი ცოლად შეირთოს, უნდა მოაშოროს შვილები დედა-ენას, სამშობლოს და გადაბირების გზაზედ დააყენოს?… ამაზედ კიდევ უფრო უარესი ის გახლავთ, რომ ზოგჯერ დედაც ქართველია და მამაცა, არც ერთი არ არის მოკლებული არც განათლებასა, არც გრძნობასა და არც აზროვნებასა; მაგრამ სახლობაში კი ბრმა მიმდევარნი არიან უგუნურის მოდისა და მასში ამყარებენ, ეროვნული ატმოსფერის მაგიერ, გადამბირებელს მიმართულებასა.

ეროვნულს სკოლას შეეძლო მეტნაკლებობით შეესუსტებინა მავნებლობა ამ გვარის ოჯახის უკუღმართობისა; მაგრამ სად არის ამ გვარი სკოლა? ჩვენს სკოლებში ყველაფერს აქვს ადგილი, გარდა ეროვნებისა.

ჩვენ არ გამოვეკიდებოდით იმ აზრის განმარტებას, რომ ის მშობელნი, რომელიც თავისს შვილებსა ზრდიან გარეშე დედაენის გავლენისა, სწყვეტენ კავშირსა მათსა და სამშობლოს შორის, უკარგავენ თავისს ქვეყანასა მამულიშვილებს, ამცირებენ იმ რაზმს ქართველებისას, რომელნიც ემსახურებიან სამშობლოს წარმატებასა, მის ბედნიერებასა, რომ ეს მშობბელნი, ერთი სიტყვით, დამნაშავენი არიან სამშობლო ქვეყნის წინაშე. არ გამოვეკიდებით იმის გამო, რომ მაღალი მცნება კაცობრიობის საუკეთესო ნაწილისა: “გიყვარდეს ერი შენი უმეტეს თავისა შენისა”, ისეთი მაღალი სწავლაა, რომელსაც ყველას გონება ვერ შესწვდება და რომლითაც ყველა გული ვერ იხელმძღვანელებს. ჩვენ სხვა, ყველასათვის გასაგებ მხრიდგან მოვუვლით საგანსა და, იმედი გვაქვს, დღესავით ცხადად დავამტკიცებთ, რომ ნამდვილს კაცურის გონებისა, გრძნობისა და ხასიათის აღზრდა ბავშვებში, მათი პირადი ბედნიერიება, რომელიც ყველა მშობელსა სწყურის, შეუძლებელია მაშინ, როდესაც მათს აღზრდაში მეტნაკლებობით უარ-ყოფილია დედა-ენა, ეს ძირითადი ეროვნული ძალა, მთავარი ბურჯი ეროვნებისა, – რომ ისინი, ვინც ამ გამაცხოველებელს ძალას მხარს უქცევენ, თავისავე ხელით უთხრიან სამარესა თვისი შვილების ჯეროვანს განვითარებას, ნათელს მომავალს, მათს სანატრელს ბედსა და ჰხდებიან ნამდვილნი დამნაშავენი მათ წინაშე…“

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები