“სკოლაში ვსწავლობთ საგნებს, უნივერსიტეტში  – პროფესიას, მაგრამ არსად  გვასწავლიან, როგორ მოვუსმინოთ ჩვენს შინაგან ხმას” – სოფო შანშაშვილი

ქოუჩინგი, როგორც ახალი პროფესია, სოფოს ცხოვრებაში გასულ წელს შემოვიდა და როგორც თავად ამბობს, რამდენიმე სფეროში ძალების მოსინჯვის შემდეგ, იპოვა საქმიანობა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს.

ქოჩის როლს ადამიანებისათვის სწორი გზის ჩვენებასა და მათში დამალული უნარების აღმოჩენაში ხედავს. მიზნადაც სწორედ ამას ისახავს – რაც შეიძლება ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს დაეხმაროს, უკეთ გაერკვნენ საკუთარ თავსა და სურვილებში და მნიშვნელოვანი წარმატებებისაკენ დიდი ნაბიჯები გადადგან.

გაიცანით დედოფლიწყაროელი ქოუჩი, რომელიც აპირებს, საკუთარი   რეგიონის მოსახლეობას მნიშვნელოვანი სერვისები შესთავაზოს და თავად იყოს მაგალითი იმისა, რომ მონდომებით წარმატების მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია.

_ უპირველეს ყოვლისა,  წარმოგვიდგინეთ საკუთარი თავი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მხარეებით  – ვინ არის სოფო შანშაშვილი?

_ წლების წინ რომ ეკითხათ ჩემთვის, როგორი ადამიანი ვიყავი, ვიტყოდი, რომ მე ერთი მშიშარა, მერყევი  ადამიანი ვარ, რომელმაც არ იცის, რა უნდა ცხოვრებაში. დღეს, საკუთარ თავზე ბევრი მუშაობის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ადამიანი არის უნიკალური, განსაკუთრებული და მათ შორის ვარ მეც. სწორედ ამის გაცნობიერებით იწყება საკუთარ თავში მეტი დადებითის ძებნის პროცესი, რასაც თვითშეფასების ამაღლებამდე მივყავართ. საკუთარი რესურსების აღიარება, დადებით მხარეებზე ხმამაღალი საუბარი, დამალული უნარების პოვნა – ეს ყოველივე ქოუჩინგმა შემაძლებინა. საკუთარი გონების კუნჭულებს ვუკაკუნებდი და იქ დამალულ “მეს” ვეუბნებოდი, გამოდი, შენ არ ხარ მშიშარა, შეიძლება იყო ფრთხილი ან ზედმეტად პასუხისმგებლიანი, მაგრამ ეს არაა შიში. ჩემი ყველა კუთხე რომ ასე შემოვიარე, გავაცნობიერე, რომ მეც ბევრი კარგი მხარე მაქვს – ძალიან გულწრფელი ვარ და უანგაროდ შემიძლია სითბოსა და სიყვარულის გაცემა.

_ თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ პერიოდი, როცა პირველი წარმატება აღიარეთ და რაში გამოიხატებოდა ეს?

_ პირველი წარმატება ღრმა ბავშვობიდან მახსენდება, როცა დამოუკიდებლად შევძელი ორბორბლიანი ველოსიპედის მართვა. ბევრჯერ წავიქეცი, ბევრჯერ ვიტკინე და გადავიტყავე მუხლები, მაგრამ არ დავნებდი. მას შემდეგ ყოველთვის, როცა რაიმე დაბრკოლება, სირთულე მიჩნდება ცხოვრებაში სწორედ ამ ამბავს ვიხსენებ – თუ როგორ გავიმარჯვე იმ დროისთვის დიდ გამოწვევაზე და მიუხედავად ტკივილისა, მიზანზე უარი არ მითქვამს. დღემდე მომყვება ეს შემართება,რომ ყველანაირი მარცხის შემდეგ,როგორი მტკივნეულიც არუნდა იყოს,  წელში გამართულებმა უნდა განვაგრძოთ გზა.

როგორც კი ვაღიარებთ საკუთარ ძალებს და ვირწმუნებთ ჩვენს შესაძლებლობებს, თითქოს თვალწინ რაღაც ფანჯარა იხსნება, რომელიც წარმატებამდე მისასვლელ გზას გიჩვენებს.

 _ რა გზა გაიარეთ იმისთვის, რომ ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებულიყავით?

_ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბება, გამოძერწვა ჩემი ბებიის დამსახურებაა, რომელიც უზომოდ ძლიერი ადამიანი იყო. ახალგაზრდა დაქვრივდა და აბსოლუტურად ყველაფერს თავად აკეთებდა, დაწყებული ფიზიკური შრომიდან – მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობების აღებით დამთავრებული. მით უმეტეს, მოგეხსენებათ, რაოდენ მძიმე და რთულია სოფლის ყოველდღიური რუტინაც. სულ მიკვირდა და ვერ წარმომედგინა, მასზე ძლიერი თუ არსებობდა სხვა ვინმე.  ერთხელ ვკითხე, როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს. მითხრა, რომ თუკი დავრჩებოდი გულწრფელ, კეთილ, თამამ ადამიანად, თუკი მექნებოდა ბავშვური გული და არ გავბოროტდებოდი, ყველაზე ძლიერი ვიქნებოდი მეც. არასდროს მავიწყდება ეს სიტყვები, მალამოდ მაქვს მაშინაც კი, როცა ძალიან მტკენენ გულს.

_ როგორ ფიქრობთ,  შესაძლებელია თუ არა საკუთარ თავზე მუშაობით შეცვალო საკუთარი ცხოვრება ან მისი აღქმა?

_ ნამდვილად შესაძლებელია და ამის ცოცხალი მაგალით თავად ვარ. ადამიანმა ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, კომფორტის ზონა უნდა დატოვოს, იპოვოს საკუთარი საქმე – ამას ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება.  მას უნდა სწყუროდეს საკუთარი გზის პოვნა და არ დაკმაყოფილდეს იმ მცირედით, რასაც ცხოვრებისაგან იღებს. აუცილებელია, მიზანი გულიდან მოდიოდეს, აიღო პასუხიმგებლობა, გაბედო, დაძლიო შიში და ისწავლო, გაიზარდო და შეიცვალო.  ცხოვრების ნებისმიერი პერიოდში ადამიანი ტრანსფორმაციულ ეტაპებს გადის – მთავარია, გადაწყვიტო პირველი ნაბიჯის გადადგმა.

ყოველი წარმატება, ყოველი მიღწეული მიზანი გაძლევს ძალასა და მოტივაციას, არ გაჩერდე და წელში გამართულმა გააგრძელო სვლა.

_ თქვენი აზრით, რა არის ქოუჩინგი და რა თვისებებს უნდა ფლობდეს კარგი ქოუჩი?

ქოუჩინგი არის,

  • ქოუჩისა და კლიენტის ურთიერთობის ისეთი ფორმა, რომელიც საშუალებას იძლევა, შეიქმნას სივრცე კლიენტის პოტენციალისა და რესურსების სრული გაცნობიერებისათვის, რათა მან მისთვის მნიშვნელოვან მიზანს მაქსიმალურად მალე მიაღწიოს.
  • ქოუჩინგი ეხმარება კლიენტს ამოავსოს სხვაობა მის ამჟამინდელ პოზიციასა და იმ სასურველ პოზიციას შორის, სადაც მას სურს იყოს უფრო ეფექტური.
  • ქოუჩი ეხმარება კლიენტს გაცნობიერებულობის ამაღლებაში, რას აღწევს სათანადო ძლიერი კითხვების დასმით, რათა მან შეძლოს გააცნობიეროს რა სურს, რა რესურსები გააჩნია და რა სჭირდება კიდევ მიზნის მისაღწევად.
  • ქოუჩინგი ჩემთვის არის მოკლე და კომფორტული გზა წარმატების მისაღწევად.საკუთრი თავის,რესურსების აღმოჩენის და თვიდან დაბადების შესაძლებლობა. ქოუჩი კი არის შენი მეგზური,სიმშვიდის და კომფორტის გარანტია.

_ კარგი და ცუდი ქოუჩი არ არსებობს, შეიძლება, საუბარი იყოს გამოცდილებაზე.უნდა იყოს ემპათიური,უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და უნდა იყოს ბუნებრივი. ქოუჩი თავად უნდა იყოს გულწრფელი, სხვა შემთხვევაში ვერ დაეხმარება სხვებს, რომ გულწრფელად გამოხატონ საკუთარი თავი. უნდა სჯეროდეს ყველას უნიკალურობა და მათში შინაგანი ბრძენის არსებობა. ქოუჩი არაა მასწავლებელი,არ გასწავლის,არ გაძლევს რჩევებს და  გარკვეული დასკვნები არ გამოაქვს მათ შესახებ, პირიქით – ქოუჩი ადამიანს ეხმარება, რომ მან თავად იპოვოს პასუხები კითხვებზე.

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ და საიდან მოდიხარ, მთავარია, გქონდეს გულწრფელი სურვილი, დაეხმარო სხვა ადამიანებს. ბუნებრივია, ამის შემდგომ აუცილებელია სპეციფიკური ცოდნისა და გამოცდილების მიღებაც.

_ რეალურად, დგას თუ არა ქოუჩის საჭიროება დღეს ჩვენს საზოგადოებაში?

_ ვთვლი, რომ ძალიან საჭიროა, მით უფრო რეგიონებში, მართალია, ტექნოლოგიების წყალობით უკვე ბევრ რესურსზე დისტანციურადაც მიგვიწვდება ხელი, თუმცა მანამდე აუცილებელია საზოგადოებამ გაიგოს, ვინ არის ქოუჩი და რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას ადამიანის ცხოვრებაში.

დამღლელი სამუშაო დღეები, გადატვირთული გრაფიკი, რუტინა, ბევრი ყოფითი პრობლემა ხშირად არ გვაძლევს საშუალებას საკუთარ თავთან განვმარტოვდეთ და მოვუსმინოთ მას. დავფიქრდეთ, ბოლოს როდის დავუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რომელსაც სხვებს ყოველი შეხვედრისას ვუსვამთ – როგორ ხარ?..  რეალურად, ჩვენ არც კი ვიცით, როგორ ვართ. საჭიროა ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის მოსმენას გვასწავლის.

ჩემი დიდი სურვილია, ყველა სკოლასა თუ ორგანიზაციას ჰყავდეს ქოუჩი, რომელიც მოუსმენს და გაუგებს ადამიანებს, გაიგებს მათ საჭიროებებს და უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება.

ჩვენ სკოლაში ვსწავლობთ საგნებს, უნივერსიტეტში  – პროფესიას, მაგრამ არსად არ გვასწავლიან, როგორ ვიყოთ თავდაჯერებულები, როგორ გვიყვარდეს საკუთარი თავი, როგორ ვიცხოვროთ პოზიტიური ფიქრებით, როგორ ვმართოთ ემოციები, ყველაზე მთვარი, პასუხი კითხვებზე – რა მინდა, ნამდვილად მე მინდა თუ არა და რატომ მინდა… “ნამდვილი მინდას” პოვნა არც თუ ისე მარტივია.

იმისათვის, რომ ადამიანებს ჯანსაღი წარმოდგენები გვქონდეს საკუთარ თავსა და გარემოზე და შევიძინოთ ბედნიერების აღქმის უნარი, ქოუჩი მართლაც შეუცვლელია.

_ დასასრულს, გაგვიზიარეთ, ყველაზე ხშირად რას ეუბნებით სამყაროს  და რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ?

სამყაროს ყველაზე ხშირად მადლიერების გამოხატვით ვეხმიანები, ხშირად დღეში რამდენჯერაც კი. მადლიერება ენერგეტიკულად ყველაზე მეტად აძლიერებს ადამიანს და მე ნამდვილად ბევრი მაქვს სამყაროსთვის სამადლობელი. დღეს მაქვს ის ცოდნა,რომელიც შემიძლია სხვებსაც გავუზიარო და დავანახო,რომ მიუღწეველი არაფერია.

მათ კი, ვინც ახლა ამ ინტერვიუს კითხულობს, ვთხოვ, მოუსმინოს საკუთარ თავს, გააცნობიერონ ზუსტად რა სურთ,შემდეგ ეს სურვილები მიზნებად აქციონ, მიზანი კი – რეალობად. მართლა წუთია ჩვენი ცხოვრება და არ გვაქვს უფლება,  დრო წუწუნსა და უმოქმედობაში გავატაროთ…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები