მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით იგი მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები სცემენ თაყვანს. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში – ყურანშიც კი მოიპოვება.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს.

წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები