ქალი ძალიან რთული ცხოვრებით და უდიდესი იმედით – ნატალია ზაუტაშვილის პორტრეტი

გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი, გაიხსენეთ თქვენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, გაიხსენეთ თქვენი ყველაზე დამღლელი ბრძოლა, რადგან დღეს მოგიყვებით ადამიანზე, რომელმაც ამ ყველაფერზე გაიმარჯვა. მოგიყვებით წარმატებულ, ძლიერ ქალზე საშინლად რთული, მტკივნეული პირადი ცხოვრებით და ძალიან, ძალიან დიდი იმედით… ქალზე, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო – ბრძოლა საკუთარ თავთან – და მორიგ ჯერზე ცხოვრების ახალი ფურცელი გადაშალა.

პირველ რიგში, გაგვეცანით და წარმოგვიდგინეთ საკუთარი თავი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეებით

-მე ნატალია ზაუტაშვილი ვარ. პროფესიით – დიპლომატი და დიზაინერი, თუმცა დღეს მინდა გაგეცნოთ, როგორც ტრანსფორმაციული ქოუჩი. 33 წლის ასაკში ყველაფერი ნულიდან დავიწყე: დავანგრიე ჩემი საკმაოდ წარმატებული, თუმცა რუტინული პირადი თუ კარიერული ცხოვრება და ასე, ცარიელი ხელებით გადავწყვიტე იმ გზის ძიება, რომლის საჭიროებასაც ჩემს თავში ყოველთვის ვგრძნობდი. ზოგადად, ადამიანებთან კომუნიკაცია და მათი განცდების გაგება ჩემთან ბავშვობიდან ახლოს იყო. ყოველთვის მაინტერესებდა, რას ფიქრობენ ადამიანები…

საკუთარი თავის ძიებისას აღმოვჩნდი ქოუჩინგის სკოლაში, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ხათუნა მუზაშვილს და მის მართლაც საოცრად პროფესიონალურ გუნდს, რომელმაც მაგრძნობინა, რომ იქ ჩემი სახლი ვიპოვე. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მთელი ჩემი ცხოვრება შევცვალე და მივხვდი, რომ ქოუჩინგი ჩემი სულის ამოძახილია. იგივე შემიძლია ვთქვა დიზაინერობაზეც. სურვილი მაქვს, როგორც ამ ფერადი ტანსაცმლით ვალამაზებ ადამიანებს, განსაკუთებით კი ქალებს, მე, როგორც ქოუჩმა, ასევე გავულამაზო მათ ცხოვრება, დავეხმარო, გააფერადონ თავიანთი შინაგანი სამყარო, იყვნენ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და მივახვედრო, რომ ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა.

რაც მთავარია, მინდა, ადამიანებმა ჩემთან თავი კომფორტულად იგრძნონ, მენდობოდნენ და ყოველთვის იცოდნენ, რომ ჩემი სახით, მათ ჰყავთ ძალიან ძლიერი მხარდამჭერი მთელი ცხოვრების გზაზე, ნებისმიერი დაბრკოლებისას.

თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ პერიოდი, როცა თქვენი პირველი წარმატება აღიარეთ?

-ჩემი პირველი და ყველაზე დიდი წარმატება ძალიან ბევრ ავადმყოფობაზე გამარჯვება იყო მაშინ, როდესაც არავის სჯეროდა, რომ გადავრჩებოდი. არავის, მათ შორის, არცერთ ექიმს საქართველოსა თუ უცხოეთში, თუმცა მე ვიცოდი, რომ აუცილებლად ვიცოცხლებდი. მახსოვს, როგორ ვშრომობდი, როგორ ვწვალობდი და როგორი ტკივილების ფასად დამიჯდა ეს ყველაფერი. 6-წლიანი ბრძოლის შემდეგ მე გავიმარჯვე საკუთარ თავზე და დავამარცხე საკუთარი დაავადება.

რა გზა გაიარეთ იმისთვის, რომ ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებულიყავით?

-ეს გზა საკმაოდ რთული იყო. 16 წლის ვიყავი, როცა მომიტაცეს. 17 წლისას უკვე შვილი მყავდა, 22 წლისას კი, ქმარი გარდამეცვალა. მას შემდეგ დაიწყო ჩემი ავადმყოფობის 6-წლიანი ციკლი, რომელსაც დასასრული არ უჩანდა. ეს იყო ყოველწამიერი ბრძოლა გადარჩენისთვის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მე არცერთი წამით არ მოვშორებივარ ჩემს შვილს და მიუხედავად ამ მდგომარეობისა, მის ყველა წარმატებას ვიზიარებდი. მახსოვს, თუ რა საშინელი ტკივილების ფასად მიჯდებოდა, რომ სანდროს სკოლაში გავყოლოდი, ვყოფილიყავი მომღიმარი და არასდროს დამეტოვებინა მარტო…

ეს ჩემი ცხოვრების იმდენად მძიმე პერიოდი იყო, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია. არ არსებობს პრობლემა, რომლის შესახებაც დღეს ადამიანები სესიებზე მიყვებიან, მე რომ გამოვლილი არ მქონდეს. ამიტომ უფრო თამამიც ვარ და მეტადაც შემიძლია დახმარება. მე ვთვლი, რომ ჩემი თავი თავიდან დავბადე.  რა თქმა უნდა, ექიმებისა და ოჯახის მხარდაჭერით, მაგრამ მთავარი როლი მე მეკისრებოდა… მე და ჩემს განწყობას. არასდროს, არცერთი წამით არ მიფიქრია, რომ ხვალ აღარ ვიქნებოდი და ჩემს შვილს, რომელსაც მამა ისედაც არ ჰყავდა, დედასაც წავართმევდი.

-ამდენი რამ გამოიარეთ და დაძლიეთ… პირველ რიგში, საკუთარი თავი, რომელიც ყოველთვის ყველაზე რთული დასამარცხებელია. როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის შემდეგ, ვინ არის დღეს ნატალია ზაუტაშვილი?

-დღეს ნატალია ზაუტაშვილი ძალიან ძლიერი ადამიანია. რაც მთავარია, ის არ გაბოროტდა და ყოველთვის კეთილსინდისიერად დადიოდა, დადის და ივლის თავისი ცხოვრების გზაზე. ჩემი ყველაზე დიდი ღირებულება ვფიქრობ, რომ გულწრფელობაა. ვარ ადამიანებთან თანასწორი და უზომოდ მხარდამჭერი.

მჯერა, რომ ჩემი, როგორც დღევანდელი ნატალია ზაუტაშვილის მისიაა, სხვა ადამიანებს გავუმარტივო ის გზა, რომელიც მე ძალიან მტკივნეულად გავიარე. ცვლილებების გზა და კომფორტის ზონიდან გამოსვლის პროცესი ყოველთვის რთულია, რადგან, როგორც წესი, წინასწარ არ გვაქვს გააზრებული. ასე რომ, მინდა, ადამიანებს ცვლილებებისთვის საჭირო ცნობიერი მზაობა მივცე.

მოგვიყევით, რა გზა გაირეთ, სანამ ქოუჩი გახდებოდით, რა პროფესიიდან გადმოინაცვლეთ ქოუჩინგში და მაინც, რატომ გადაწყვიტეთ, გამხდრიყავით ადამიანი, რომელიც სხვა ადამინებს დაეხმარებოდა?

-როგორც გითხარით, მე დიპლომატი და დიზაინერი ვარ. ვმუშაობდი სახელმწიფო სამსახურში, რომელიც ჩემთვის ერთგვარი ტრამპლინი აღმოჩნდა. როცა მუშაობა დავიწყე, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი ფიზიკურად იმდენად რესურული, რომ ჩემი გამოცდილება სხვებისთვის გამეზიარებინა, მაგრამ, პარალელურად, მუდმივად ვმუშაობდი საკუთარ თავზე და თვითგანვითარებას ვცდილობდი. ჩემს სამსახურში საკმაოდ მასშტაბურ და მნიშვნელოვან ტრენინგებს ვაორგანიზებდი და ადამიანებს განვითარებაში ვეხმარებოდი. ფაქტობრივად, იქაც ეს იყო ჩემი ეგოს მოთხოვნილება.

თუმცა, დამიდგა პერიოდი, როდესაც მივხვდი, რომ იქ ჩემი თავი ამოვწურე და უფრო მეტი კარგი რამის გაკეთება შემეძლო. შემეძლო, ჩემი გამოცდილება უფრო მეტი ადამიანისთვის გამეზიარებინა და კონკრეტულად, ქოუჩინგის სფეროში ამემაღლებინა კვალიფიკაცია. თან, ამას ჩემს ცხოვრებაში კრიზისული პერიოდი დაემთხვა და მივხვდი, რომ ეს სამყაროს სიგნალი იყო – მე ყველაფერი უნდა დამენგრია და თავიდან დამეწყო.

ვიცოდი, რომ თავიდან დაწყება რთული იქნებოდა, რადგან ყველაფერი ძალიან დიდი შრომის ფასად შევქმენი, თუმცა ეს გადაწყვეტილება მაინც მივიღე. როდესაც ადამიანებს ვეხმარები, მგონია, რომ ამას იმ პატარა ნატალიასთვის ვაკეთებ, რომელსაც, იყო დრო, როცა ძალიან ეშინოდა, ძალიან უჭირდა… და თითქოს, ის ნატალია გახდა ჩემი შთაგონების წყარო ადამიანების დახმარების პროცესში.

-თქვენივე პირადი მაგალითი, ალბათ, ყველაზე კარგი პასუხია იმაზე, შესაძლებელია თუ არა, საკუთარ თავზე მუშაობით, შეცვალო საკუთარი ცხოვრება. რას ეტყოდით ახლა ადამიანებს, რომლებიც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ?

-ყველას ვურჩევდი, რომ არასდროს შეწყვიტონ განვითარება, არასდროს დანებდნენ და ყოველთვის იბრძოლონ. მე ზუსტად ვიცი, როგორი რთულია, როცა საკუთარი კანიდან გამოსვლას გადაწყვეტ, თუმცა როცა ამას გააკეთებ, გამბედაობის ზონაში გამოხვალ. რაც უფრო იზრდება გამბედაობის ზონა, იზრდება შიშიც და თითქოს, შენს წინ უფრო მეტი დაბრკოლება ჩნდება, თუმცა ჩახედეთ ამ შიშს თვალებში! არ შეწყვიტოთ მოქმედება!

სანამ ამას გააკეთებთ, აუცილებელია, გაერკვეთ საკუთარ მიზნებში, მოუსმინოთ თქვენს გონებას, სხეულს, სულს და გაიგოთ, თუ რისთვის გსურთ ცხოვრება. არასდროს აკეთოთ ის საქმე, რომელიც არ გიყვართ. დაანგრიეთ თუნდაც ასჯერ, თუკი დასანგრევია; რამდენჯერაც კარს მოგიხურავენ, იმდენჯერ ახალ კარზე დააკაკუნეთ, რადგან ყოველთვის უკეთესი კარი იღება; რამდენჯერაც წაიქცევით, მით უფრო ძლიერები წამოდგებით!

მე რომ ამდენჯერ არ წავქცეულიყავი, ვერასდროს გავხდებოდი ის, ვინც ვარ. ბევრჯერ არასწორ გზაზეც მივლია, თუმცა რომ არა ეს გზები, ვერ ვიპოვიდი გზას, რომლითაც აქ მოვედი. ჩემთვის რომ ადამიანებს გული არ ეტკინათ და არ მივეტოვებინე მათ მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდნენ, ვერასდროს გავიგებდი ნამდვილი და გულწრფელი მეგობრობის ფასს.

მინდა, ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი, ქალებს ვუთხრა, რომ ჩემი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან, ასევე, ქოუჩინგის სფეროში დაგროვილი ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, მე შემიძლია, მათ დავეხმარო. საკმაოდ ბევრი ვიშრომე და ვისწავლე, რათა ვქცეულიყავი შემდგარ ადამიანად, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა, როგორ მიაღწიოს ჩანაფიქრს და როგორ გაუზიაროს ეს ცოდნა ადამიანებს.

-ნატალია, ყველაზე ხშირად რას ეუბნებით სამყაროს?

-ყველაზე ხშირად სამყაროს მადლობას ვეუბნები იმ ტკივილისთვის, რაც გამოვიარე, იმისთვის, რასაც მივაღწიე და იმ გამოწვევებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად მიგზავნის. რომ არა ეს ტკივილი, მე ვერ შევძლებდი, სხვა ადამიანებს საკუთარი თავის პოვნაში დავხმარებოდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები