“ფსკას” ეკოლოგიურად სუფთა თაფლი – მეფუტკრეების ოჯახის პირველი ნაბიჯები ბიზნესში

ფ’სკა • F’Ska” ერთი ქართველი მეფუტკრის წამოწყებაა.  წამოწყებაა ახალი, თორემ 10 წლის წინ 8 ძირი ფუტკრით დაწყებული საოჯახო მეურნეობა უკვე 80-მდე სკას ითვლის. ფსკას თაფლი დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იწარმოება –  სეზონურად ფუტკრები ხან იმ ადგილებს სტუმრობენ, სადაც აკაცია ყვავის, ხან მაღალ მთაში გადაინაცვლებენ ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად, ხანაც – შემოდგომაზე შავიზღვისპირა მხარეს ესტუმრებიან. 

10 წელია, ზარანდიების ოჯახი ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა თაფლს აწარმოებს, რომლის რეალიზებაც პანდემიამდე, როგორც წესი მეზობელ ქვეყნებში ხდებოდა.

“გადავწყვიტეთ, რომ უკვე დადგა დრო, უშუალოდ დავკონტაქტებოდით ჩვენს  მომხმარებლებს და ჩვენი მშრომელი ფუტკრების მიერ მომზადებული „სიცოცხლის ელექსირი“ ყველასათვის ხელმისაწვდომი თავადვე  გაგვეხადა” – ამბობს “ქართულ კვირასთან” საუბარში ახალგაზრდა მეფუტკრე, თამუნა ზარანდია.

წლების წინ საბანკო კრედიტის დაწყებული საქმე ახლა უკვე წარმატებულ საქმიანობად იქცა.

“ჩემი და მეფუტკრეობის ურთიერთობა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე “ფ’სკა” გაჩნდებოდა.  “ფ’სკა” ჩვენი პატარა საოჯახო კომპანიაა და ჯერ ერთი წლისაც არ არის, თუმცა, უკვე მოახერხა ბევრი ადამიანის ყურადღება მიეპყრო და შეიძლება ითქვას, წარმატებულად ფუნქციონირებს პანდემიის პირობებშიც კი. ყველაფერი 2010 წელს საბანკო კრედიტით დაიწყო, როცა 1000 ლარად 8 ძირი (ასე ეძახიან ფუტკრის ოჯახებს) ფუტკარი შევიძინეთ. რა თქმა უნდა, მაშინ ფასები განსხვავდებოდა, ახლა ამ ფასად მაქსიმუმ 4 ძირის შეძენა მოახერხო. დასავლეთ საქართველოში, იქ, სადაც ეს საქმე წამოვიწყეთ მეფუტკრეობა დიდად პოპულარული არ გახლდათ, ამიტომ ჩვენს საქმეს ბევრი სკეპტიკურადაც უყურებდა, მით უფრო, რომ საქმის სპეციფიკური ცოდნა არ გაგვაჩნდა, თუმცა გვქონდა სხვა, გაცილებით დიდი რამ – მოტივაცია.”

ოჯახმა 2010 წლიდან მოყოლებული საფუძვლიანად შეისწავლა მეფუტკრეობასთან დაკავშირებული საკითხები, დააგროვა დიდი პრაქტიკული გამოცდილებაც და ახლა საკუთარ ცოდნას სხვებსაც სიამოვნებით უზიარებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გზა მარტივი არ ყოფილა.

“ბავშვობაში, საქმისა რომ არაფერი გამეგებოდა, თავი ფუტკრების მწყემსი მეგონა, სალამურა თუ მწყემსავდა ციცინათელებს, თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამა-მეთქი და გულწრფელად მჯეროდა, რომ ჩემი ესმოდათ და ზუსტად ჩემ მიერ მითითებული ყვავილიდან იღებდნენ ნექტარს. მახსოვს, მეგონა, ფუტკრებს იღბალი მოჰქონდათ, ამიტომ პატარა ქილაში ჩასმულს ხშირად დავატარებდი თან და საბოლოოდ, მართლაც მომიტანეს იღბალი – ჩემი ფ’სკა.”

კომპანია წელს, პანდემიისას შეიქმნა, როცა, ერთი მხრივ, კარგი მოსავალი, მეორე მხრივ კი, პოტენციურ მომხმარებელთან წვდომის პრობლემა დაემთხვა ერთმანეთს. როცა საზღვრები ღია იყო, ფსკას თაფლის ძირითადად მომხმარებლებს უცხოელები შეადგენდნენ, მაისში კი მეფუტკრეები სრულიად შეცვლილი მოცემულობის წინაშე აღმოჩნდნენ.

თუ ადრე ე.წ გადამყიდველებს ვამარაგებდით, ამჯერად ვიფიქრე, რატომ არ შეიძლებოდა, მე თვითონ მიმეტანა ჩვენი პროდუქცია მომხმარებლამდე და ასე შეიქმნა ფ’სკა, რომელსაც სახელიც სიმბოლური აქვს – სიტყვა “ფსკა” მეგრულად ფუტკარს ნიშნავს, ქართულად კი აერთიანებს სკასაც და სიტყვა ფუტკრის პირველ ასოსაც. კომპანიის ლოგოც კი თავად გავაკეთეთ, შეიძლება ითქვას, მთლიანად ოჯახურია ჩვენი საქმიანობა – თავად ვუვლით ფუტკარს, ვწურავთ, ვასხამთ ქილებში და თავადვე მიგვაქვს მომხმარებლამდე.

ამ ეტაპზე “ფსკა” საოჯახო მეურნეობა 80-მდე ძირი ფუტკრისაგან შედგება და სრულად ქართული ფუტკრის ჯიშისაა, რომელიც თავისი ხორთუმის სიგრძით გამოირჩევა, რაც საშუალებას აძლევს, ყველა ტიპის ყვავილიდან ამოიღოს ნექტარი და ამავე დროს, გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული  და გარემო პირობებისადმი დიდი ამტანობით გამორჩეული სახეობა. რაც შეეხება გამრავლებას, ძირი, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ ბუნებრივი გზით მრავლდება, როცა სკაში მყოფი ფუტკრები თავად წყვეტენ, რომ უკვე ზედმეტად ბევრნი არიან, იწყებენ ახალი დედა ფუტკრის გამოყვანას, რომლის გამოჩეკისთანავეც ფუტკრების ნახევარი ახალ დედასთან ერთად ტოვებს სკას და ალტერნატიული საცხოვრებლის საძიებლად მიდის. ამ დროს მეფუტკრეს დიდი ყურადღება მართებს, რომ ნაყარი შორს არ გაიქცეს. როგორც წესი, ახლომდებარე ხის ტოტზე მოკალათდებიან და ყველანი ერთად, ერთ ბურთად შეკრულები ეკვრიან დედას, რომ დაიცვან. დროის იმ მონაკვეთში, სანამ ფუტკრები ტოტზე უკეთეს თავშესაფარს იპოვიან, უნდა მოასწროს მეფუტკრემ მათი პოვნა, ხიდან უვნებლად ჩამოყვანა და სკაში დაბინავება.

“ნაყარი ფუტკრის თვალთვალიც ერთ-ერთი ჩემი მთავარი მოვალეობა იყო ბავშვობაში, გადამფრენი ფრინველების დაფრთხობასთან ერთად – გადამფრენი ფრინველები ამ მიდამოს შემოდგომით სტუმრობენ და ზოგიერთი მათგანი ფუტკრით იკვებება, მათი დაფრთხობის ერთადერთი გზა კი ხმაურის გამოწვევაა. ყველა ბავშვის სურვილი, ერახუნებინა ტაფები და ქვაბები, მე სრულად ნებადართული მქონდა ამ დროს.”

ფსკა” ძირითადად  სამი სახეობის თაფლს აწარმოებს – ანუ წელიწადში სამჯერ იწურება. პირველად მაისის ბოლოს, როცა აკაციისა და მინდვრის ყვავილების თაფლი იწურება. დაწურვის შემდეგ სკა  სვანეთის მთებში გადაჰყავთ, სადაც ცაცხვისა და წაბლის ყვავილის ნექტარს აგროვებენ, რომელიც ივლისის ბოლოს იწურება. აგვისტოდან შემოდგომის დასასრულამდე კი  სკა ზღვისპირა სოფლებშია დაბინავებული და იმ ყვავილის ნექტარს იღებს, რომელიც მხოლოდ ამ კლიმატურ პირობებში ხარობს. შემოდგომაზე, როცა ბოლოჯერ იწურება თაფლი, ფუტკარი ზამთრისთვის მზადდება, სკა იფუთება სპეციალური მასალით და გაზაფხულის მზიან ამინდებამდე ემშვიდობება მეფუტკრეს. ეს საქმე დიდი ცოდნასა და მუშაობას მოითხოვს, ფუტკრის მოვლა მხოლოდ ერთი შეხედვითაა მარტივი.

“მთავარია, 2 რამის გათვალისწინება – 1. ვფიქრობ, მეფუტკრეობა მეცნიერებაა და ამის თქმისას სულაც არ ვაჭარბებ. ესაა დიდი და ბოლომდე ამოუცნობი სფერო, მტკიცე და ურყევი კანონებითა და კანონზომიერებებით, მკაცრად იერარქირებული სისტემით. შეუძლებელია, იყო ამ საქმეში და ყოველ დღე არ აღმოაჩინო სიახლე. ფუტკრებისგან ადამიანებსაც ბევრი გვაქვს სასწავლი და ამ თემაზე საუბარი დაუღალავად შემიძლია. პირველი პუნქტი სწორედ ესაა – საკითხის ცოდნა, სხვაგვარად უბრალოდ არაფერი გამოვა. წლების წინ, როცა ეს საქმე დავიწყეთ, ფუტკრის ძირებთან ერთად, სახელმძღვანელოებიც ვიყიდეთ, ასევე, ბევრი გამოცდილი მეფუტკრე დაგვიდგა გვერდით და საკუთარი ცოდნა გაგვიზიარა. მეფუტკრეები ყველანაირი გილდიების, ამქრების, კავშირების და ქაღალდზე ხელმოწერილი შეთანხმებების გარეშე არიან ერთმანეთის გვერდით. ჩვენთან თაფლის დაწურვაც კი მორიგეობითაა – ამ შრომატევად პროცესში ყველა მეფუტკრე ერთმანეთს ეხმარება, ამიტომ წინასწარ თანხმდებიან, არჩევენ ამინდს, დღეს, ინაწილებენ როლებს და ფუტკრებივით მუშაობენ თავადაც. მერწმუნეთ, ერთ სიამოვნებად ღირს ამის ნახვა. 

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი დროულობააეს არის საქმე, რომელიც არასდროს ითმენს და ყველა სხვა საქმიანობისგან გასხვავებით, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. ფუტკრები ალბათ ყველაზე შრომისმოყვარე არსებები არიან დედამიწაზე, მთელ თავის სიცოცხლეს მუშაობაში ატარებენ და შესაბამისად, არავის პატიობენ სიზარმაცეს.”

ფსკას” მუშაობის მთავარი პრიორიტეტი 100-ით ნატურალური თაფლის წარმოებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა თაფლისა, ვერც ერთ სხვა პროდუქტს სარეალიზაციოდ ვერ იმეტებენ.  მათივე მოპოვებული სანთლისგან აწარმოებენ მხოლოდ ფიჭის ბაზას (რომელიც ჩარჩოში ჩასმული თავსდება სკაში, შემდეგ მასზე ფუტკარი აშენებს ფიჭას და ასხამს თაფლს).

ზოგადად, მეფუტკრეობა ერთ-ერთ მაღალპროდუქტიულ დარგად ითლება, სადაც მოგება რამდენიმეჯერ აღემატება ფინანსურ ხარჯს, თუმცა, როგორც თამუნა ამბობს,  ადამიანური რესურსის ხარჯია საკმაოდ მაღალი – შრომა და მუდმივი ყურადღება. წლის განმავლობაში მათ მიერ წარმოებული სამივე სახეობის თაფლის ჯამური მოცულობა 1 ტონას აღემატება, რაც ამ რაოდენობის ფუტკრისთვის ნამდვილად კარგი შედეგია. რაც შეეხება ბაზარს, ის ძირითადად ადგილობრივია და კომპანიას საზღვარგარეთ ამ ეტაპზე არ გააქვს, თუმცა, პანდემიამდე ხშირად გაუტანიათ მათი წარმოების თაფლი ძირითადად მეზობელ ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, საზღვარგარეთ “ფსკას” თაფლი ხშირად ხვდება, ბოლოს ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ბრაზილიაშიც კი გააგზავნეს საჩუქრად.

“ყველა ასეთი სიახლე ძალიან გვახარებს, როცა რაღაცას იწყებ და პირველ ნაბიჯებს დგამს, ყველა სიტყვა, ყველა წერილი, რომ მოეწონათ, რომ ძალიან გემრიელია ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის და კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ სწორ გზას ვადგავარ ამ ერთი შეხედვით არაპოპულარულ საქმეში, რომელიც “გოგოს არც ისე შეეფერება”, ჩემი რეზინის ბოტებით, კომბინეზონით, მეფუტკრის ქუდით და წარწერით –  “ფ’სკა – წარმოებულია საქართველოში”. 

სანამ საქმე ეტიკეტამდე და ქილებში ჩამოსხმამდე მივა, მეფუტკრემ საკმაოდ შრომატევადი პროცესი უნდა გაიაროს, რომელიც რთული, მაგრამ სასიამოვნოც კია.

მეფუტკრის ყველა დღე ერთნაირი არ არის და ესეც სძენს ხიბლს ამ საქმიანობას – ეს არა რუტინა, არამედ ერთი დიდი, დინამიკური პროცესია. როგორც უკვე აღვნიშნე, ფუტკარი ყოველდღიურ მეთვალყურეობას არ საჭიროებს, ისინი საჭიროებენ ყურადღებას ზუსტად მაშინ, როცა სჭირდებათ და გამოცდილმა მეფუტკრემ ეს ყველაზე უკეთ იცის. ყველაზე მარტივი დღეები ზამთარშია, როცა სპეციალური მასალით შეფუთული სკები გაზაფხულამდე თითქმის არ იხსნება. ყველზე რთული და შრომატევადი კი დაწურვის დღე, როცა ერთ დღეში უნდა მოასწრო სკიდან ფიჭების შერჩევა და ამოღება, ამ დროს ფუტკარი განსაკუთრებით აგრესიულია, წარმოიდგინეთ, მთელ მის ნაშრომს ვიღაც ართმევს. ამიტომ ეს პროცესი დიდ ყურადღებას და ცოდნას მოითხოვს. შემდეგ სპეციალური მექანიკური საშუალების დახმარებით ფიჭები ხელითვე იწურება, ხარისხდება დაწურული ფიჭები და საჭიროებისამებრ ბრუნდება სკაში. მარტივად რომ ვთქვათ, მეფუტკრის მთავარი მოთხოვნა ყურადღება და დროულობაა და არა დღედაღამ მუშაობა – აქ არ არსებობს გამოთქმები: მეზარება, არ მცალია, ხვალ გავაკეთებ.”  

ფსკაში”  ყველა სკა ინომრება და სპეციალურ დოსიეში ყველა მათგანის “სამედიცინო ისტორიაა” შენახული, სადაც დეტალურადაა აღწერილი კონკრეტულ მომენტში ფუტკრის მდგომარეობა, რაოდენობა (რამდენ ჩარჩოზეა განლაგებული ფუტკარი), დედის მიერ კვერცხის დების დინამიკა და ის ჩარევები, რაც მეფუტკრისგან დასჭირდა სკას – ამიტომაც ამბობენ, რომ ეს მეცნიერებაა, პროცესი  და არა რუტინა. შესაბამისად, მეფუტკრის დილა ამ მასალის გაცნობით იწყება, დგინდება კონკრეტული ნომრის მქონე სკის საჭიროება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება შესაბამისი ჩარევა.

“ეს ამოუწურავი სფეროა და დაუღალავად შემიძლია ჩემს ფუტკრებზე საუბარი. პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ჩემმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა მითხრა ადრე, კონფუცის აქვს ასეთი გამონათქვამი, რომ ადამიანი თუ ბედნიერია, ის აიშენებს სახლს, გააშენებს ბაღს და ამ ბაღში სკა ეყოლებაო – ჰოდა, ჩვენ შემთხვევაშიც ზუსტად ასეა, საკუთარი ხელებით აშენებული სახლის, საკუთარივე ხელით გაშენებულ ბაღში უკვე 10 წელია, სკა გვყავს.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები