ვინ და როგორ მართავს ჩვენს ცხოვრებას

ერთხელ მაინც ყველას გვიფიქრია, თუ რატომ სურთ ადამიანებს ფსიქოლოგიის შესწავლა. თუკი მათ ამის შესახებ ჰკითხავთ, ყველაზე ხშირი პასუხი, რომელსაც მოისმენთ, ასეთი იქნება: „მე მომწონს ფსიქოლოგია“, „მინდა, უკეთ მესმოდეს საკუთარი თავის“, „მომწონს ადამიანების დახმარება“ ან„მეგობრები ხშირად მომმართავენ რჩევისთვის“.

თუ უფრო ჩაუღრმავდებით და კონკრეტულ კითხვას დაუსვამთ, მაგალითად, ფსიქოლოგიის რომელი მიმართულება იზიდავთ ყველაზე მეტად, აღმოჩნდება, რომ ადამიანების ძირითადი ცოდნა ფსიქოლოგიაზე მხოლოდ პოპულარული წიგნებითა და ჟურნალებით შემოიფარგლება.

მათთვის, და ყველა დანარჩენისთვის, ვისაც საკუთარი თავის პოვნა უნდა, სწორი პასუხია – ქოუჩინგი.

კლასიკური ფსიქოლოგიისგან განსხვავებით, ქოუჩინგი პოზიტიური ფიქრებისა და ქცევების ერთობლიობაა. თუკი ფსიქოთერაპია აანალიზებს ადამიანის ფსიქოლოგიური პრობლების წყაროს მისი წარსულის მიხედვით და იძლევა პასუხს კითხვაზე: „რატომ არ შემიძლია, შევიცვალო?“, ქოუჩინგი პასუხობს კითხვას: „როგორ შემიძლია, შევიცვალო?“. ქოუჩმა იცის, რომ ცვლილების შესაძლებლობა ყველა ადამიანშია და ამ შესაძლებლობის აღმოჩენაზეა კონცენტრირებული. ეს არის მთავარი განსხვავება ქოუჩინგსა და ფსიქოლოგიის სხვა მიმართულებებს შორის, რაც ქოუჩინგს ყველაზე გამოყენებად და შედეგიან პროფესიად აქცევს. ასე რომ, ადამიანთა უმეტესობას, საკუთარი მიზნების მისაღწევად, სწორედ რომ ქოუჩი სჭირდებათ.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, უფრო სწორად კი, შედეგი, რომელსაც ადამიანები ქოუჩის დახმარებით აღწევენ, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაა – როცა თავად შეგიძლია მართო საკუთარი ცხოვრება და იცი, ეს როგორც უნდა გააკეთო.

ქოუჩინგი, წარსულის ნაცვლად, მომავალში იხედება და ადამიანის ოცნებებს მათი მიღწევის გზებთან აკავშირებს. ქოუჩები კლიენტს განიხილავენ როგორც ჯანმრთელ, წარმატებულ პიროვნებას, რომელსაც გააჩნია ყველა რესურსი სასურველი მიზნის მისაღწევად. ქოუჩინგის ტექნიკა დაფუძნებულია იმ ძირითად დაშვებაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს პოტენციალი, მიუხედავად მისი წარსულისა.

შესაბამისად, ქოუჩისა და კლიენტის ურთიერთობა პარტნიორულ ხასიათს ატარებს, ფსიქოლოგები კი, ხშირად ვერ თმობენ ექსპერტის პოზიციას პაციენტთან ურთიერთობისას, რაც ზოგჯერ სასურველი შედეგისთვის ხელისშემშლელ ფაქტორადაც იქცევა.

პირადი ცხოვრება, სამსახურობრივი ურთიერთობები, ფინანსური მხარე – ქოუჩინგი ამ და ყველა სხვა ცხოვრებისეულ ასპექტს მოიცავს, თუმცა, ალბათ, გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რო ხშირად სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა კატეგორიის ქოუჩები მუშაობენ. ეს საკმაოდ ეფექტური მიდგომაა, რაც კლიენტს კონკრეტული შედეგის მიღებაში უფრო მეტად უწყობს ხელს.

ქოუჩები ის ადამიანები არიან, რომლებმაც თავად მიაღწიეს წარმატებას და ახლა სხვებს ეხმარებიან ამაში. მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული ყველა ქოუჩი ამბობს, რომ მათი პროფესია ძალიან სასიამოვნოა, რადგან საოცარი გრძნობაა, გამოიმუშავო საკუთარი ფული იმით, რომ ადამიანები სცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო. თანდათანობით ქოუჩინგი ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი პროფესია ხდება და ქოუჩებზე მოთხოვნაც იზრდება, რადგან მათ ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.

ტომ მორისის წიგნში – „შინაგანი ოაზისი: მოსამზადებელი მოგზაურობა“ – მოთხრობილია ერთი კაცის ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ეძებდა საგანძურს: ოქროს, ვერცხლს და ძვირადღირებულ ლითონებს, ასევე, ოსტატების მიერ დამზადებულ ხმლებს, ორნამენტებიან დანებს, ქანდაკებებს და ძვირფას ჭურჭელს. ის ყოველდღე გადიოდა სახლიდან და აკეთებდა ყველაფერს, რაცამ ნივთების შესაძენად დასჭირდებოდა. შემდეგ მიჰქონდა ისინი სახლში და სხვენში ინახავდა. თავადაც სხვენში ეძინა, რათა ახლოს ყოფილიყო საკუთარ განძთან და უკეთ დაეცვა ის. როდესაც მან კიდევ მოიტანა სახლში ასეთი ნივთები, ოთახის იატაკმა, ზედმეტი წონისგან, ჭრიალი დაიწყო. მიუხედავად ამისა, კაცი მაინც ეზიდებოდა სახლში ახალ-ახალი ძვირფასეულობას და მათ მისაღებად ისევ თავდაუზოგავად შრომობდა. მას არასდროს გამოუყენებია საკუთარი საგანძური რაიმე პროდუქტიული საქმის გასაკეთებლად. მან, უბრალოდ, დააგროვა ძვირფასეულობა. ერთ ღამეს, როდესაც მას ეძინა, სიმძიმისგან იატაკი ჩამოიშალა და წლობით ნაგროვებმა ძვირადღირებულმა ნივთებმა თავიანთი პატრონი ქვეშ მოიყოლეს.

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი სიმდიდრე – ჩვენი ადამიანური და გონებრივი რესურსი – რომელიც ზოგჯერ ძალიან ღრმად არის ჩვენში ჩამარხული. ქოუჩინგი გვეხმარება, აღმოვაჩინოთ ის და გამოვიყენოთ ჩვენივე ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

თუ როგორ დაეხმარნენ ქოუჩები თქვენთვის უცნობ თუ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, ამას შემდეგ სტატიებში მოგიყვებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები