პირველად ნიუ-იორკში ,,ქართული ტრადიციული სამოსის დღე “ გაიმართება

2 იანვარს ბედობას, პირველად ნიუ-იორკში ,,ქართული ტრადიციული სამოსის დღე“ მოეწყობა. წითელი ხალიჩა და ტანსაცმელი, როგორც ეროვნული კულტურის ნაწილი – პოდიუმზე ქართველი ემიგრანტები წარმოადგენენ ეროვნულ სამოსს. პროექტის იდეის ავტორია აშშ-ში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი ლელა ნინუა.

,,დაიბედეთ ჩვენთან ერთად ეროვნული ღირებულებები“- ასეთია ღონისძიების სლოგანი. ორგანიზატორები სტუმრებს სიურპრიზებით სავსე საღამოს პირდებიან. პოდიუმის პარალელურად, მოეწყობა ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვაც. ღონისძიებაზე თავად ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი სამოსი გამოიფინება, ისინი მათ საქართველოს კუთხეების მიხედვით წარადგენენ.  ჩვენებაში მონაწილეობას ცნობად სახეებთან ერთად, სხვა ქართველი ემიგრანტებიც მიიღებენ.

იდეის და პროექტის ავტორთან ერთად, საღამოს ორგანიზებას უწევს ქართული რესტორანი ,,გესტ-ჰაუსი“, რომელიც მსგავსი ღონისძიებების ხშირი მხარდამჭერია. პროექტს მხარში უდგანან ისეთი ბრენდები როგორიცაა მასრა, ფაფანაკი, Georgian memory, ქართული კლინიკა NP Medicine (კლინიკის დამფუძნებლები ნინო ქავთარაძე და ეკა მეტრეველი). საღამოს ცუცა კაპანაძე და გია ფურცხვანიძე წარუძღვებიან.

,,მიუხედავად რეგულაციებისა, პროექტი მაინც შედგება. ჩვენი სამზადისი განსაკუთრებულია. სასიამოვნო გარემო და ადამიანები გაერთიანდნენ ამ იდეის ქვეშ. შესაძლებელია ჩაიკეტოს ნიუ-იორკი, დაიხუროს რესტორნები, მაგრამ როგორც კი გაიხსნება ჩვენც მზად ვიქნებით და უკეთესად მოვემზადებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ რესტორანს ,,გესტ – ჰაუსი“. მის ორივე მფლობელს ბატონ გუგას და ირაკლის. იმდენად მოეწონათ იდეა, რომ სრულ მხარდაჭერას და გვერდში დგომას ვგრძნობ მათგან. ეს არის ქართველობა, როცა პანდემიის დროს ქართველი ბიზნესმენები და ბიზნესი ეროვნულ საქმეზე არ ამბობს უარს და მეტიც, ,,გესტ-ჰაუსი“ ამ ღონისძიებით აანონსებს, რომ მათი სივრცე ყოველთვის დაეთმობა მსგავს ღონისძიებებს. მადლობა ყველა მხარდამჭერ კომპანიას, ჩემს თბილისელ კოლეგებს გვერდში დგომისთვის. ეს იქნება ულამაზესი საღამო, ამ დღეს ყველა მონაწილე ეროვნულ სამოსით ივლის ნიუ-იორკის ქუჩებში, გვეყოლება ამერიკელი სტუმრებიც,“- ამბობს ლელა ნინუა.

,,ქართულმა კვირამ“ ღონისძიების რამდენიმე მონაწილეც ჩაწერა, მათ შორისაა აშშ-ში მოღვაწე, მომღერალი ნინი წიკლაური, რომელიც პოდიუმზე გამოსვლის შემდეგ, საღამოზე ქართულ სიმღერებსაც შეასრულებს და დიზაინერი ინგა გოგიშვილი, რომელიც თავის შექმნილ სამოსს წარადგენს.

ნინი წიკლაური, მომღერალი: ,,მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება, რასაც მივესალმები და ვფიქრობ, რომ პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციასთან. ნაციონალური სამოსი ხომ ქვეყნის სახეა. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ამ უდიდესი დატვირთვის მქონე ღონისძიებაში მეც ვმონაწილეობ. გარდა ჩვენებისა, სადაც წარმოვადგენ ერთ-ერთ ნაციონალურ სამოსს, ასევე შევასრულებ რამდენიმე სიმღერას, რა თქმა უნდა ქართულ ენაზე. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ამ ღონისძიების იდეის ავტორს და სულისჩამდგმელს ლელა ნინუას, რომელიც გარდა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა, აერთიანებს ემიგრაციასაც. ემიგრანტს ხომ ყველაზე მეტად სტკივა და უყვარს თავისი ქვეყანა.“

ინგა გოგიშვილი, დიზაინერი: ,,ჩვენ ნიუ-იორკში შევქმენით პატარა საქართველო. ერთმანეთის გვტკივა და ერთმანეთის გვიხარია. მსგავსი ღონისძიებებით ჩვენ ვეცნობით ამერიკაში წარმატებულ ადამიანებს. სამშობლოს მონატრებულები ვცდილობთ აქ შევქმნათ გარემო, რომელიც გვაკავშირებს საქართველოსთან. ლელამ თავისი ხალისით, სილამაზით ჩვენ ცხოვრებაში შემოიტანა პოზიტივი. არ აქვს მნიშვნელობა სად და რომელ ქვეყანაში ვიმყოფებით ამ წუთას. მთავარია, რომ ჩვენს გულებში ჩვენი ქვეყანა და ოჯახია.“

დაკო ჩიხლაძე, ექიმი, პროექტის მონაწილე: ,,ამერიკაში ვიმყოფები თითქმის ოთხი წელია. პირველად მონაწილეობა მივიღე გოგიტა გოგიძის პროექტში ,,იმღერე რამე“, ოთხ სეზონში ვმონაწილეობდი და ეს ჩემთვის აღმოჩნდა დიდი სიხარული, გავიცანი ბევრი ქართველი ემიგრანტი და დავმეგობრდით კიდეც. ამჯერად კი, ვემზადები უნიჭიერესი ადამიანის ლელა ნინუას პროექტისთვის ,,ქართული ტრადიციული სამოსის დღე”. ნიუ-იორკში კიდევ ერთხელ შევძლებთ  წარმოვაჩინოთ ჩვენი კულტურა და ღირებულებები, მოვეფერებით ქართველი ემიგრანტები ერთმანეთს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ გამორჩეულ ქართველს, ვინც ორგანიზებას უკეთებს ასეთ ღონისძიებებს და ახალისებს ემიგრანტებს“.

სვეტა კობერიძე, პროექტის მონაწილე: ,,განწყობა და მოლოდინი მაქვს რაღაც დიდის და გრანდიოზულის. რაც შეეხება ღონისძიებას, ძალიან სასარგებლოა ყველა მონაწილისთვის. მოგეხსენებათ ჩვენ, ემიგრანტები ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ ემიგრაციაში, გვენატრება ყველაფერი მშობლიური ჰაერი, ოჯახი, გრძნობა რომ თავისუფალი ხარ… მსგავსი ღონისძიება  კი დაეხმარება ყველას წარადგინონ და გააცნონ თავიანთი პიროვნება სხვებს, გავცეთ ერთმანეთისადმი სითბო, გავიცნოთ და შევიცნოთ ერთმანეთი და ვფიქრობ, რომ შევძლებთ ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქდეს ის განცდები და ტკივილი, რაც გვაქვს ემიგრანტებს, ისევ და ისევ ერთმანეთის დახმარებით…”

ნათია ბერაია, პროექტის მონაწილე: ,,დიდი გულისყურით და მომღიმარი სახით ველოდები ამ წვეულებას. განცდა მაქვს, ერთი დღით რაღაც მშობლიურ და ზღაპრულ სამყაროში ვიმოგზაურებ… ბავშვობაში ნაოცნებარ და დიდობაში მონატრებულ საქართველოში. განწყობა ძალიან სადღესასწაულო მაქვს, მომავალმა წვეულებამ თითქოს მზის მრავალფერად სხივებად შემოანათა ჩვენს ემიგრანტულ ცხოვრებაში. ეროვნული შინაარსის ღონისძიებაში ადრეც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ მსგავსი პროექტში პირველად მოვხვდი.

ქართველი ემიგრანტებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ასეთ ღონისძიებებს. ჩვენში გამძაფრებულია სამშობლოს მონატრების განცდა.”

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ფოტოგრაფი ევა კაპანაძეც მსგავს ღონისძიებაში პირველად მონაწილეობს, გარდა ეროვნული სამოსის წარმოდგენისა, ის პროექტის მონაწილეებს უფასო ფოტოსესიასაც აჩუქებს. ,,როგორც ფოტოხელოვანი პირველად ვიღებ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობას. ძალიან მიყვარს ქართული ტრადიციული სამოსი და ჩემთვის ეს პროექტი არის საინტერესო და საპასუხისმგებლოც. მადლობა მინდა გადავუხადო ღონისძიების დამფუძნებელს ლელა ნინუას, რადგან ვფიქრობ რომ ასეთი პროექტები მნიშვნელოვანი და აუცილებელია საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველებისათვის“ – ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ ფოტოხელოვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები