“დარჩი სახლში და შეავსე ქართული ღვინის მარაგი” – “ახალი ღვინის ფესტივალი” ონლაინ ფორმატით გაიმართება 

27, 28, 29 დეკემბერს “ღვინის კლუბი” გეპატიჟებათ მე–11 “ახალი ღვინის ფესტივალზე”, რომელიც ამჯერად Online გაიმართება.

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წლევანდელი “ახალი ღვინის ფესტივალი” სრულიად განსხვავებულ პირობებში ჩატარდება, განსხვავებული ფორმატითა და კონცეფციით, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება თვეების მანძილზე კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩენილ სფეროს, გაზრდის ცნობადობას ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე, ხელს შეუწყობს გაყიდვებს  და რაც მთავარია, ღვინის მოყვარულებს შეეძლებათ საახალწლო და საშობაო სუფრები დაამშვენონ განსაკუთრებული, საუკეთესო ქართული ღვინოებით.

ფესტივალი ვიდეოჩართვების რეჟიმში გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც მცირე მარნები, ასევე დიდი კომპანიები. თითოეულ მარანს საკუთარი პროდუქტის წარსადგენად 10 წუთი დაეთმობ,  ყოველი მონაწილისთვის დამზადდება სპეციალური საინფორმაციო პოსტერი ქართულ და ინგლისურ ენაზე, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში იქნება მთელს საახალწლო პერიოდში (10 დეკემბრიდან 15 იანვრამდე).

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 100–ზე მეტი მარანი. წარმოდგენილი იქნება 2019 წლის ღვინოები, თუმცა მარნები სხვა მოსავლის ღვინოებსაც გაყიდიან ფესტივალის ფარგლებში.

ღვინოების შეძენა და გასინჯვა მთელი დეკემბრის მანძილზე იქნება შესაძლებელი, საქართველოში მოქმედი ყველა ონლაინ ღვინის მაღაზიის დახმარებით. 27, 28, 29 დეკემბერს კი უშუალოდ Online ფესტივალში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, ჩატში დაუსვათ თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები მევენახე–მეღვინეებს, იყიდოთ სასურველი ღვინოები, მონაწილეობა მიიღოთ კონკურსებში და სხვა.

ფესტივალის ბოლოს გაიმართება “ღვინის აუქციონი”. აუქციონიდან შემოსული სრული თანხა მოხმარდება “COVID-19”–თან ბრძოლის ღონისძიებებს (ზუსტი ინფორმაცია იხ. რამდენიმე დღეში).

შეგახსნებთ, ღვინოების წარდგენა და გაყიდვა შესაძლებელი იქნება ფესტივალამდე და ფესტივალის შემდეგაც პარტნიორი ონლაინ მაღაზიების დახმარებით და ასევე უშუალოდ მარნიდან. 24–2 იანვარს შესაძლებელი იქნება ღვინოების შეძენა უშუალოდ მაღაზიაშიც.

ფესტივალზე რეგისტრაცია დაიწყება 7 დეკემბერს. ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან ქართული ღვინის ონლაინ მაღაზიები: 8000 მოსავალი, ღვინის ბიბლიოთეკა, g.Vino, ღVinoUnderground, Allwine.ge, Wine Boutique და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.