მცხეთას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი არქეოლოგიური მუზეუმი ექნება 

2020 წლის 20 ოქტომბრიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმს ახალი შენობა ექნება. მცხეთის ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და ინფრასტრუქტურული მოწყობა უკვე დასრულდა.

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 9,6 მლნ ლარი შეადგინა. ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა თუ ადმინისტრაციული სათავსები.

მუზეუმის პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთობლივი მუშაობით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე რეგიონული განვითარების მესამე პროგრამის ფარგლებში მომზადდა.

პროექტი შემუშავდა UNESCO-სმსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, რომელშიც მუზეუმოგრაფიისყველა თანამედროვე სტანდარტია დაცული. პროექტის ფარგლებში, არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის – „მცხეთის კარიბჭის” საკონსერვაციო სამუშაოებიც ჩატარდა.

მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყო და აღიჭურვა გარე განათებით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით. ესტონური კომპანია „კოკო არქიტექსის” მიერ მომზადებული მუზემოგრაფიისპროექტის მიხედვით, მუნიციპალური განვითარების ფონდი მომდევნო 1 წლის განმავლობაში ასევე განახორციელებს მუზეუმის, როგორც საგამოფენო, ასევე საოფისე ატრიბუტიკით აღჭურვას. თანამედროვე სამუზეუმო სივრცეში განთავსდება ის 23 ათასამდე არქეოლოგიური არტეფაქტი, რომლებიც ამ დრომდე მცხეთის გამგეობის შენობის საცავებში ინახება. მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით, მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გამოფენა სახელწოდებით „ძეგლთა დაცვის მეხსიერებიდან” მოეწყო.

ექსპოზიცია მოიცავს ეროვნული სააგენტოს ფონდსაცავშიდაცული ანაზომების, ჩანახატების, კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაციების ამსახველ თვალსაჩინო მასალას, რომელიც დამთვალიერებელს 1918 წლიდან მე 20 საუკუნის სხვადასხვა პერიოდებში შესრულებულ გრაფიკულ, არქიტექტურულ და ფერწერულ ნამუშევრებს ასახავს და მნახველს ქვეყნის სხვადასხვა კუთხის საკულტო, საფორტიფიკაციო და საერო არქიტექტურის შესახებ მოუთხრობს. ქვეყანაში არსებული პანდემიური ფონის გათვალისწინებით, მუზეუმი გარკვეული დროით დამთვალიერებლებს ვერ მიიღებს.

საექსპოზიციო სივრცე დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ეპიდემიური ვითარების სტაბილიზების შემდეგ გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები