ათენში ემიგრანტებისთვის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 15 ოქტომბერს ქალაქ ათენში მოქმედ „ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრში“ თანამემამულეებისთვის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, დავით დონდუა და საელჩოს უფროსი მრჩეველი, დეა მუმლაძე.

საინფორმაციო ცენტრი საგარეო უწყების „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ 2020 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულის, ნანა თევდორაძის პროექტის – ,,დიასპორული ინიციატივა – ქმედითი სოციალური ნაბიჯი 2020’’ ფარგლებში დაფუძნდა. მოცემული პროექტი, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს სწორედ აღნიშნული საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირება ათენში, მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ემიგრანტებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო სახის მხარდაჭერას.

საინფორმაციო ცენტრი ემიგრანტებისთვის ათენში მოქმედი „ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის“ ფარგლებში იფუნქციონირებს. ეს უკანასკნელი, ასევე ნანა თევდორაძის ინიციატივით, მიმდინარე წელს დაარსდა და მისი საქმიანობა ძირითადად მოიცავს საბერძნეთის რესპუბლიკაში მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის სოციალური პროგრამების განხორციელებას, სამართლებრივ საკითხებზე მათ ინფორმირებასა და შესაბამისი სახის კონსულტაციის გაწევას.

საინფორმაციო ცენტრის გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლები და „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო საგრანტო პროგრამის სხვა გამარჯვებულები საბერძნეთში.

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურ სახელმწიფო საგრანტო პროგრამას “დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა” 2019 წლიდან ახორციელებს, რომლის ძირითადი მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობის, მშობლიური ენისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვა. პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, საგარეო უწყება ღია კონკურსის წესით აფინანსებს დიასპორულ პროექტებს და შემდგომში ახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე. მიმდინარე წელს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება, ასევე, დიასპორული ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობა.

საერთო ჯამში, 2019-2020 წლებში, „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სულ დაფინანსებულ იქნა 73 პროექტი, ბენეფიციართა რაოდენობამ კი 50 000-მდე თანამემამულე შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები