აჯამეთის აღკვეთილში პირველი 14 კილომეტრიანი წრიული ბილიკი ეწყობა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ბუნებისა და მარტივი საფეხმავლო ლაშქრობების მოყვარულთათვის, ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარე აჯამეთის აღკვეთილში, პირველი 14 კილომეტრიანი წრიული ბილიკი ეწყობა, რომლის შემოვლა როგორც ფეხით, ისე ველოსიპედით და ცხენით იქნება შესაძლებელი.

ბილიკი მარკირებული იქნება და ვიზიტორს შესაძლებლობას მისცემს მოგზაურობა დაიწყოს სოფელ ვარციხეში მდებარე აჯამეთის ადმინისტრაციის შენობიდან, გაუყვეს სოფელ საიმედოსკენ სამხრეთ-დასავლეთით, და უკან დაბრუნდეს ისევ სოფელ ვარციხის ადმინისტრაციულ ცენტრში.

“ბილიკის გასწვრივ, სოფელ საიმედოსთან და სოფელ ვარციხესთან ვიზიტორთათვის ეწყობა საპიკნიკე და საკარვე სივრცეები, სადაც ღამის გათევა იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია აჯამეთის აღკვეთილის რელიეფი, რომელიც ძალიან მარტივს ხდის მარშრუტს და სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შესაძლებლობა ექნება ბილიკს ესტუმროს.

აჯამეთის აღკვეთილში ამ დრომდე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები არ არსებობდა. ეს იქნება პირველი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც თვის ბოლოს გაიხსნება და ვიზიტორებს წლის ნებისმიერ დროს მიიღებს.” – ნათქვამია განცხადებაში.

აჯამეთის აღკვეთილი ნაკრძალის სახით 1928 წელს დაარსდა, 2007 წლიდან კი აღკვეთილის სტატუსი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები