ჩვენი საუკუნის “ფესვები” – ბაბუისათვის მიცემული პირობის ასასრულებლად სამშობლოში დაბრუნებული ალექსანდრეს გზა ემიგრაციიდან პრეზიდენტის სასახლემდე

 

„გახსოვდეს, ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან. შენი ფესვები იქ არის — საქართველოში– ალბათ, დოდო აბაშიძის გმირის ეს სიტყვები ყველა ქართველს ახსოვს. “ფესვები” ფილმია, რომელიც ქართველი ემიგრანტის სამშობლოსადმი გაუნელებელი ნოსტალგიით სავსე ცხოვრების გზაზე მოგვითხრობს. ფილმის დასასრულს გიორგის შვილიშვილი ბაბუის ფერფლით სამშობლოს უბრუნდება – ადგილს, სადაც მისი ფესვები იმდენად ღრმაა, რომ 60-წლიანი ემიგრაციაც არ ავიწყებთ აქაურებს გიორგის სახელს. 

ეს ამბავი კი ალექსანდრე ასათიანზეა, დედით ქართველ და მამით ფრანგ ბიჭზე, რომელიც საფრანგეთსა და ამერიკაში ცხოვრების შემდეგ, ლევან აბაშიძის გმირის მსგავსად, სამშობლოში ქართველი ბაბუისათვის მიცემული პირობის ასასრულებლად დაბრუნდა.

ალექსანდრეს დედა გასული საუკუნის 80-იან წლებში ემიგრაციაში გაექცა საბჭოთა რეჟიმს. თავად ალექსანდრე ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა საქართველოს, 12-წლიანი პაუზის შემდეგ კი, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივით, დაბრუნდა ქვეყანაში, რომელსაც საკუთარ სამშობლოდ აღიქვამს და  მისსავე სამსახური ჩადგა. 

“მე ქართველი ვარ, სამშობლო ვიპოვე და არსად არ წავალ”- ამბობს “ქართულ კვირასთან” საუბარში და თავის ძალიან საინტერესო ისტორიას გვიყვება, თუ როგორ შეაყვარეს ბაბუს ისტორიებმა და ბებოს სიყვარულმა ქართული კულტურის მიმაღთ ეს ქვეყანა და როგორ აასრულა ბაბუისათვის მიცემული პირობა, რომ მთელ მის ცხოვრებას საქართველოს სამსახურში გაატარებდა. 

_ როგორ აღმოჩნდნენ თქვენი ოჯახის წევრები ემიგრაციაში, რა მიზეზებით იყო განპირობებული ეს ემიგრაცია და რა ისტორია შემოინახა თქვენმა ოჯახმა?

_ უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი ოჯახის ისტორიით დაინტერესებისა და მისი გაზიარების შესაძლებლობისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების ძალიან დიდი ნაწილი ემიგრაციაშია წასული, ისინი ბრუნდებიან სახლში… ბრუნდებიან უცხოეთში შეძენილი ახალი ცოდნით ფასეულობებით და ღირებულებებით იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ, დაივიწყონ სამშობლო…

ჩემი ოჯახი არ ყოფილა 1920-იანი წლების ემიგრაციის ნაწილი. მამაჩემი ფრანგია, დედა კი ქართველი. თუმცა, ჩემი გული ყოველთვის საქართველოსკენ უფრო მიიწევდა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი სხვა წერტილისაკენ.

დედაჩემი საქართველოში დაიბადა და ახალგაზრდობაში აქტიურად იყო ჩართული დამოუკიდებლობის მოძრაობაში. იგი ბავშვობაში ხშირად მიყვებოდა ეროვნული მოძრაობის უდიდეს ფიგურანტებთან საკუთარი ურთიერთობის, მათი ისტორიის შესახებ. 1980-იანი წლების დასაწყისში იგი კომუნისტურ რეჟიმს გაექცა და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად – დედას საკუთარ სამშობლოზე უარი არასდროს უთქვამს. ის სორბონის უნივერსიტეტში ატარებდა ლექციებს ქართული ენის შესახებ, 90-იან წლებში კი პირველი წიგნი გამოსცა.

მან თავისი ყველა შვილი პარიზის ქართულ ეკლესიაში ქართველად მონათლა.

ჩემი მშობლები ახლა შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ და ფლობენ სუნამოების კომპანიას.  მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ძველი ქართული სუნამოებს რეცეპტების აღდგენაა.

ძალიან თავისუფალ ოჯახში გავიზარდე, არცერთ მშობელს არასდროს დავუყენებივარ მოცემულობის წინაშე – სამშობლო ამერჩია. მაგრამ ყოველთვის რაღაც შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ჩემი სამშობლო საქართველო იყო.

_ მანამ,  სანამ თავად ჩამოხვიდოდით და ნახავდით, როგორი იყო საქართველო. რას გიყვებოდნენ სამშობლოზე და როგორი წარმოგედგინათ ის?

_ საქართველოთი ჩემმა ქართველმა ბაბუამ, ისტორიკოსმა ნოდარ ასათიანმა მომხიბლა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. მახსოვს, ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როცა მიყვებოდა ომებზე, რომლებშიც ქართველები სისხლის უკანასკნელ წვეთად იცავდნენ სამშობლოს… ბრძოლებზე, სადაც ძლევამოსილი მეფეები ეწირებოდნენ დიდ იმპერიებს, რომლებიც უხვად იყო პატარა საქართველოს გარშემო. თავდაპირველად სწორედ საქართველოს ისტორია შემიყვარდა – ამბავი გმირებზე, რომლებიც არასდროს კვდებოდნენ. სწორედ ამიტომ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი – საფრანგეთში თუ ამერიკაში, ყოველთვის ვამაყობდი რომ ქართველი ვარ.

ჩემი ქართველი ბებია საჩხერიდანაა, ბავშვობაში საქართველოში რომ ჩამოვიდოდი, კვირებს ვატარებდი მასთან, ჩემს სოფელ არგვეთში და მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ძალიან ცუდად ვსაუბრობდი, იქ ბევრი მეგობარი მყავდა. ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება…

შორიდან ჩემთვის საქართველო რთული და ამოუცნობი ნახატი იყო – ტკივილისა და ბედნიერების, გამარჯვებისა და დანაკარგების მოზაიკა – გზა, რომლის ბოლოსაც ყოველთვის გამარჯვებაა. ჩემი ოჯახისათვის საქართველო თავისი ინდივიდუალურობითა და თვითმყოფადობით  ყოველთვის იყო ევროპული ერის გამორჩეული, უნიკალური ნაწილი.

უცხო ქვეყანაში კომპიუტერის ეკრანიდან დანახული საქართველო გაცილებით ტრაგიკულად გამოიყურებოდა, ვიდრე თავად ქართული რეალობა. ჩამოსვლისთანავე ვიცოდი, რომ ჯერაც ბევრი გამოწვევა იყო წინ. თუმცა, იმ ოპტიმიზმმა, რაც ქართველ ხალხში დავინახე, ერთიანობის გრძნობამ, რაც აქ ვიპოვე, მაფიქრებინა, რომ საქართველო იმედების ქვეყანაა…

_ხშირად ამბობენ, რომ საფრანგეთში ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა პატარა საქართველო შემოინახეს. როგორი იყო თქვენი საქართველო ?

_ შეიძლება ითქვას, საფრანგეთის ქართული დიასპორის ცხოვრებაში ღრმად ჩართული არ ვყოფილვარ, მხოლოდ მხოლოდ კვირაობით ეკლესიაში დავდიოდი. შეიძლება ითქვას, საქართველოსთან ჩემი ურთიერთობა ყოველწლიურ ვიზიტებს უფრო ეყრდნობოდა, რომელიც, სამწუხაროდ, მაშინ დავკარგე, როცა ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად. მარტივია დაიკარგო განათლებაში, კარიერასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა ოკეანის მიღმა ცხოვრობ. მე რა გავაკეთე? – დავიწყე საქართველოს ისტორიის შესახებ ბაბუაჩემის წიგნების კითხვა და მათზე ინტერნეტში წერა. 14 წლის ასაკიდან საქართველოს ისტორიაზე ვიკიპედიაში ვწერდი. ეს ჩემი ყოველდღიური რუტინის ისეთი ნაწილი გახდა, სწავლაზე დიდ დროსაც რომ ვუთმობდი. ჩემი და საქართველოს ურთიერთობა სხვა ამბებისგან განსხვავებულია, თუმცა, ალბათ, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ყველას საკუთარი ამბავი თუ ისტორია აქვს.

საფრანგეთის ქართულმა დიასპორამ მართლაც გასაოცარი შრომა ჩადო ემიგრაციაში დაბადებული თაობების ქართველებად ჩამოყალიბებასა და მათთვის სწორი ფასეულობების შექმნაში.

_ საინტერესოა, რა დამოკიდებულება იყო ქართულ ენასთან? თუ საუბრობდით ოჯახში ქართულად ან ახლა თუ გესმით მშობლიური ენა?

_ ოდესმე ვინმეს თუ უთქვამს, რომ ქართული ენის შესწავლა მარტივია, მერწმუნეთ, ასე არ არის. ბავშვობაში ბებია-ბაბუა მხოლოდ ქართულად მესაუბრებოდა და შესაბამისად, საბაზისო ცოდნა ნამდვილად მქონდა, თუმცა, ამერიკაში გადასვლისა და ენასთან 10-12 წლის განმავლობაში ყოველგვარი კონტაქტის გაწყვეტის შემდეგ, თითქმის ყველაფერი დამავიწყდა. სახლში ფრანგულად ვსაუბრობდით, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ დედა ქართველია, მამამ ქართული “გაუმარჯოსსა” და “ხაჭაპურს” ვერ სცილდებოდა.

საქართველოში გადმოსვლა ამ მხრივაც კულტურული შოკი აღმოჩნდა ჩემთვის. შეიძლება ბევრი ვერ ხვდება, მაგრამ არ გესმოდეს იმ ქვეყნის ენა, სადაც ცხოვრობ, ფსიქოლოგიურად ძალიან რთული მოცემულობაა. თითქოს რაღაცით იზოლირებული ხარ, გარიყული  და 30 წამში საუბარში იკარგები. გამიმართლა, რომ გვერდით ისეთი ადამიანები აღმომაჩნდა, ვინც ინგლისურად საუბრობდა და მეც შევძელი რომ ქართულ ენაზე გადავრთულიყავი.

ყველაზე რთული ახალი ამბების მოსმენა იყო, მიუხედავად იმისა, რომ თვეების განმავლობაში ვკითხულობდი წიგნებს ქართულად, მათ შორის ძველი ქართულით დაწერილსაც, მაინც ვიკარგებოდი, როცა საღამოს ახალ ამბებს ვრთავდი. მაგრამ ეს დარჩა წარსულში…

ახლა თავისუფლად ვსაუბრობ ქართულად და ვოცნებობ ქართულად… რა თქმა უნდა, გრამატიკულ შეცდომებს ვუშვებ, მაგრამ ამასაც მალე გამოვასწორებ.

ქართული საოცარი ენაა – მისი სიტყვები და გამოთქმები ნამდვილი საგანძურია. მიუხედავად სირთულისა, ის ნამდვილად ერთ-ერთი ულამაზესი ენაა მსოფლიოში.  მას აქვს რაღაც განსაკუთრებული პოეტურობა, ისეთი, როგორსაც სხვაგან ვერ ნახავ, ვერც ფრანგულში, ინგლისურში ან ესპანურში.

_ როდის და რატომ გადაწყვიტეთ სამშობლოში დაბრუნება?

_ მე თავს ყოველთვის ქართველად ვთვლიდი. თუმცა, ეს აღმოვაჩინე მაშინ, როცა ბაბუა გარდაიცვალა. ჯერ კიდევ სკოლაში ვიყავი, როცა მას დავპირდი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს სამსახურში ვიქნებოდი. ვყოყმანობდი, ისტორიკოსი გავმხდარიყავი თუ ასტროფიზიკოსი, რადგან ორივე სფერო თანაბრად მიტაცებდა, მოხიბლული ვიყავი წარსულისა და სამყაროს უსასრულობით. თუმცა, 18 წლის ასაკში გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება პოლიტიკისთვის დამეკავშირებინა და მაიამიში ადგილობრივ კამპანიებში ვერთვებოდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს გზა აუცილებლად საქართველოში დასრულდებოდა.

მახსოვს, როგორ განვიცდიდი, როცა ვხვდებოდი, რომ წლები გადიოდა, მე კი წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მაშინ შევხვდი, როცა ის ჯერ კიდევ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუშაობდა. საკმაოდ პატარა ვიყავი და ვერ ვადევნებდი თვალს იმ პროცესებს, რაც მაშინ საქართველოში ვითარდებოდა, თუმცა ვიცოდი, ვინ იყო სალომე ზურაბიშვილი, რას წარმოადგენდა და როგორი იყო მისი საქმიანობა. მაშინ მე ვუთხარი ქალბატონ სალომეს, რომ საქართველოში წასვლა ჩემი ოცნება იყო, მან კი მაჩუქა წიგნი წარწერით – “საქართველოში შენი მომავლისათვის”. წარმოიდგინეთ, როგორი გაკვირვებული ვიყავი, როცა ის საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს, მე კი მივიღე შეტყობინება, რომ პრეზიდენტი მასთან სტაჟირებას მთავაზობდა. ზუსტად 4 დღეში უკვე თვითმფრინავში ვიჯექი და საქართველოში მოვდიოდი. ეს  გადაწყვეტილება არ ყოფილა მარტივი, ფაქტობრივად, ყველაფერი დავთმე – რამდენიმე დღეში დავემშვიდობე ჩემს კარიერას, ოჯახსა და მეგობრებს.

ჩემი პირველი დღე საქართველოში 2018 წლის 16 დეკემბერი იყო, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღე. აქ და ახლა ჩემი ახალი  ცხოვრებაა.  მუდმივად ვმოგზაურობდი, გადავდიოდი ქალაქიდან ქალაქში და ვიცვლიდი საცხოვრებელ ადგილებს. თუმცა, არსად წასვლას აღარ ვაპირებ – მე სახლი ვიპოვე.

_ აღმოჩნდა საქართველო ისეთი, როგორიც წარმოგედგინათ? მოგვიყევით თქვენი პირველი შთაბეჭდილების შესახებ

_ რა საინტერესო შეკითხვაა, მე ძალიან პატარა ვიყავი, როცა 90-იან წლებში საქართველოში ჩამოვდიოდი და მაშინაც კი მძულდა საქართველოდან წასვლის დღე. რთულია, ცხოვრობდე ოკეანის მიღმა და ზუსტად ხვდებოდე, როგორია საქართველო. მოგეხსენებათ, 90-იანი წლები როგორი მძიმე იყო –  მე არაფერს მოველოდი, გარდა იმ გემრიელი ხაჭაპურისა, ყოველი ჩამოსვლისას ბებია რომ მიცხობდა. მინდა გითხრათ, დღემდე გაოცებული ვარ…

ჯერაც, როცა ქუჩაში ვსეირნობ, სიხარული მაქვს სახეზე, მიხარია, რომ ვარ აქ. ვფიქრობ, თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი საუცხოო ქალაქია, სადაც შეგიძლია, ყველაფერი იპოვო – შეგიძლია, იყო ტრადიციული და იპოვო მრავალფეროვანი ეკლესიების უნიკალური სილამაზე…  შეგიძლია, იყო უცხოელი და აღმოაჩინო საოცარი ღვინის ბარები… შეგიძლია, იყო ახალგაზრდა და დატკბე აქაური ღამის ცხოვრებით… შეგიძლია, გიყვარდეს ისტორია და საკუთარი სახლის ფანჯრიდან ათვალიერო ნარიყალა… შეგიძლია, გიყვარდეს ავანგარდული ან სულაც ქუჩის ხელოვნება და დაუსრულებლად იხეტიალო მუზეუმებიდან მოხატულ ქუჩებში. ისეთი ლამაზი, სპონტანური, ენერგიული ხასიათი აქვს თბილისს, რომ მაშინვე გაყვარებს თავს…

გარკვეულწილად პანდემიამ და შიდა ტურიზმზე გადართვამ შემიწყო ხელი, დანარჩენი საქართველო აღმომეჩინა. საქართველოს ყველა რეგიონი დაკარგული სამოთხეა – უდაბნოებიდან ტროპიკულ ტყეებამდე.

_ როგორ გაიარეთ ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესი და რა სირთულეებს გადააწყდით? 

_ ახლა გარემოსთან ადაპტაციის პროცესი ყოველთვის რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის ნაწილი აქ ცხოვრობდა, თავიდან თავს მარტო ვგრძნობდი და ალბათ, ეს საკმაოდ ნორმალური იყო. ხშირად მესმოდა ადამიანებისაგან – ” შენ არ იცი, როგორია საქართველო… არ იცი, როგორი იყო საბჭოთა კავშირში და საბჭოთა მემკვიდრეობით ცხოვრება… არ იცი, რას ნიშნავს ქართული მეგობრობა და ა.შ”… მესმის, რომ არსებობს ეროვნულობის განცდა, რაც უნდა ისწავლო, არსებობს ტკივილი და ბედნიერება, რომელიც უნდა განიცადო, თუმცა არ მესმის, რა საჭიროა აქცენტირება განსხვავებებზე, როცა სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს.

სხვა ყველაფერი კი ნამდვილად იყო ქართული სტუმართმოყვარეობისა და მეგობრობის ნამდვილი ნიმუში. ამერიკაში თითქმის შეუძლებელია, იყო ნამდვილი “შენ” შენს მეგობრებთან. აქ კი ალბათ არაფერი მსიამოვნებს იმაზე მეტად, ვიყო ჩემს მეგობრებთან ერთად და ვიყო ნამდვილი “მე”.

_ როგორც ვიცი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობთ და ბევრ საინტერესო პროექტში ხართ ჩართული. მოგვიყევით მეტი საქართველოში თქვენი საქმიანობის შესახებ… 

_ ნამდვილად დიდი პატივია ჩემთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა. ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ, ვგრძნობ, რომ მე ვარ საქართველოს სამსახურში და ეს თავისთავად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.  ჩემი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ძირითადად, საერთაშორისო ურთიერთობებს ვკურირებ, ასევე, ჩართული ვარ დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. სიმართლე გითხრათ, საქმიანობის სპეციფიკა ჩემი ამერიკული გამოცდილებისაგან განსხვავებულია. შტატებში მე პოლიტიკური კონსულტანტი გახლდით და ვმუშაობდი საარჩევნო კანდიდატების კამპანიებზე. კამპანიის გაკეთება მარტივია, გაცილებით დიდი თავისუფლება გაქვს. მაგრამ როცა როგორც მმართველს გარკვეული პასუხისმგებლობა გაქვს აღებული, ეს ყოველთვის გახსენებს, რომ შენ მუშაობ დიდი ისტორიის მქონე ინსტიტუტისთვის და რომ შენი საქმიანობა და გადაწყვეტილებები აგრძელებს ამ ისტორიას – აქ უკვე მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი ხარ.

_ დასასრულს, მინდა გკითხოთ, რომელ ქვეყანაში გეგმავთ სამომავლოდ თქვენი საქმიანობის გაგრძელებას? 

_   საქართველო, საქართველო და საქართველო. ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი სხვაგან. მე სახლი ვიპოვე და როგორ გგონიათ, დავკარგავ? ქართველი ვარ, ჩემი სამშობლო აქ არის და არსად არ მივდივარ.

 

თამუნა ზარანდია 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები