,,არსად დავიჩოქებ, მხოლოდ ჩემს მიწაზე, სადაც სამება და ჯვარია…’’

ცოტა ხნის წინ, მედიაპორტალმა „ქართული კვირა“ “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ჩანახატების კონკურსის „წერილები გზიდან“ გამარჯვებულები გამოავლინა. საკონკურსო თემაზე “ჩემი ეზო”, მაია დედაბრიშვილის ჩანახატი გამარჯვებულებს შორის დასახელდა.  იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ,,ქართული კვირა“ უფრო ახლოს გაგაცნობთ.

– როგორ აღმოჩნდით კონკურსში და რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება, რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობის მიღება?

– ,,ქართული კვირის“ კონკურსზე, ჯგუფში ,,ემიგრანტები იტალიაში“ ქალბატონ ფატი ბოკელავაძის პოსტით გავიგე. დავინტერესდი, რადგან ვწერდი ჩანახატებს, თემა საინტერესო და ემოციური იყო.

– რას ნიშნავს თქვენთვის მსგავსი გამარჯვება? მიგიღიათ აქამდე ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა თუ ეს პირველი შემთხვევა იყო?

– ჩემთვის მსგავსი გამარჯვება სასიხარულოა. ამავდროულად, ჟიურის და მკითხველის შეფასება მეტი პასუხისმეგბლობის წინაშე მაყენებს. მადლობა თქვენ ამ პროექტისთვის და გაწეული მუშაობისთვის, ჟიურის და კომპანია ,,მეტი დეველომპმენტს“. მსგავს კონკურსში მონაწილეობა არასდროს მიმიღია, ეს ჩემთვის პირველი და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.

– სად არის თქვენი ეზო და სახლი?

– ჩემი ეზო-კარი არის საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში – კახეთში. ,,ცივგომბორის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 550 მმ-ზე. გურჯაანიდან 17 კილომეტრში. ხო, აი, იქ, სადაც სამება და ყველაწმინდა გადმოჰყურებს ეზოს და მთის სუფთა ნიავს მადლს ატანს…“

– დიდი ხანია წერთ?

– დიახ, დიდი ხანია ვწერ. ამას არც ისე დიდი აუდიტორიისთვის ვაკეთებ: ჩემთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის… წერის გარეშე არც მინდა ვიყო. ეს არის ჩემი, როგორც პიროვნების გახსნის ერთ-ერთი საშუალება. ამით გადმოვცემ სათქმელს.

– ქალბატონო მაია მოგვიყევით ცოტა მეტი თქვენს შესახებ… რას საქმიანობთ იტალიაში, როდის და რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა და როგორ ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ თავის დროზე?

– პროფესიით პედაგოგი ვარ. ვმუშაობდი საჯარო სკოლაში. 2010 წელს დავრჩი სამსახურის გარეშე, სკოლისა და საყვარელი საქმის მიღმა… წლები ვეძებდი ახალ სამსახურს, სამწუხაროდ ყველამ მომიკეტა კარი. ახალგაზრდა ადამიანი დავრჩი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. მუშაობა დავიწყე დაქირავებულ მუშად სოფლის მეურნეობის სექტორში: ვკრეფდი ხან ატამს, ხან მარწყვს, ვმუშაობდი ვენახშიც დღიურად. ცხოვრებამ დამაჩოქა, მაგრამ სულიერად არ დავცემულვარ, ბრძოლა და შრომა არასდროს შემიწყვეტია, ხელი არ გამიწვდენია არავისთვის. მადლობა უფალს, რომ ეს კარი გამიღო, სწორი გადაწყვეტილება მიმაღებინა.

– ემიგრაციის წლებმა ბევრი რამ შეცვალა თქვენში?

– აქ გატარებულმა წლებმა შემძინა უამრავი მეგობარი. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან. ღირსეული და მაღალგანვითარებული ადამიანები, რომლებიც უცხოეთში ღირსეულად  წარმოადგენენ საქართველოს და თავიანთი საოცარი ადამიანობის მაგალითებით აცნობენ ქვეყანას სხვებს.  ჩემი შრომით გავიმართე წელში, გამოვიყვანე თავი და ოჯახი კრიზისული მდგომარეობიდან. შევძელი ხელი გამეწოდებინა ახლობლებისთვისაც. ეტაპობრივად ვახორციელებ დასახულ მიზნებს. გავეცანი იტალიის მაღალგანვითარებულ სახელმწიფოს. მადლობა მათ, უამრავ ემიგრანტს აძლევენ უსაფრთხო ცხოვრების საშუალებას, დაცულობასა და სიმშვიდეს, დასაქმებას კარგი ანაზღაურებით… ემიგრაციაში ჩემმა კალამმა შექმნა და გადმოსცა ჩემი ტკივილი, მონატრება, ფიქრები. ეს ჩემი სულისა და გონების ამოძახილია, ჩემი შეუფასებელი სიმდიდრე. მე – პიროვნება, ვინც ვიყავი, ის დავრჩი უცვლელად.

– რას ეტყვით მათ ვინც აპირებს, რომ თქვენს მსგავსად, ემიგრაციის გზას დაადგეს… თქვენი გამოცდილებიდან რას ურჩევდით?

– გადაწყვეტილებამდე კარგად ჩამოყალიბდნენ საკუთარ თავში და მოემზადონ ფსიქოლოგიურად. ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სხვამ თუ შეძლო, შენც შეძლებ. დიდი მიზნების მიღწევას შრომა და წინააღმდეგობის გადალახვა სჭირდება. წამოდით და დაბრუნდით უფრო ძლიერი, გახდით უფრო წარმატებული, იშრომეთ თქვენთვის და მათთვის, ვინც თქვენგან თანადგომას იმსახურებს.

– ემიგრანტები ხშირად საუბრობენ ხოლმე, რას გააკეთებენ პირველ რიგში, როდესაც სამშობლოში დაბრუნდებიან… თქვენ რა გეგმები და სურვილები გაქვთ?

– იმდენი იდეა და მიზანი მაქვს, მგონი სიცოცხლეც არ მეყოფა ყველას განსახორციელებლად. მე გავაკეთებ… გავაკეთებ, და მერე ვისაუბროთ შედეგებზე.

– ვინ გელოდებათ საქართველოში?

– ჩემი მიწა-წყალი, რომელსაც ჩემი ნაბიჯები და სუნთქვა აკლია. დედა, ოჯახობა, სოფელი და უამრავი ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ და მიყვარს.

– რა არის თქვენი სათქმელი, გზავნილი იტალიიდან დღეს?

– ხვალინდელი დღე იმედებით სავსე გქონოდეთ! აქვე დაგიტოვებთ ჩემს ლექსსაც:

 

არსად დავიჩოქებ

როგორ ვერ ვიტან დაკეტილ სივრცეს,

როგორ ვერ ვიტან გალიას.

სადღაც მოთმინების ძაფზე ვკიდივარ და

ეს ძაფიც ამ დრომ გალია.

ახლა მოგონება ჩემი ცხოვრებაა

ბნელში ნათელი წამია,

რკინის ჯავშანში და რკინის ქალამნებში,

დღეს უამრავი ქალია.

კარზე მომდგომია ისევ გაზაფხული,

გარეთ მზე არის და დარია,

თვალში ნათელი მაქვს, სახეზე ღიმილი,

გულში კი, მცირედი ბზარია.

მინდა ფრთებს ვშლიდე და სივრცეს ვერთვოდე

გაზაფხულის სურნელით მთვრალი ვარ,

არსად დავიჩოქებ, მხოლოდ ჩემს მიწაზე,

სადაც სამება და ჯვარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები