მართმადიდებლური სამყარო დღეს ხარებას აღნიშნავს

“ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.”

ხარება ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულია, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“.

ხარების დღესასწაული ქრისტეშობამდე ცხრა თვით ადრე აღინიშნება.

დღესასწაულის ღვთისმსახურება – ცისკარი და საღვთო ლიტურგია – ამ სასიხარულო უწყებას მაცხოვრის შობით კაცობრიობის გადარჩენის შესახებ მრავალჯერ აცხადებს.

„დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს, და საუკუნით განდაფარული სამის საიდუმლოჲსა გამოცხადებაჲ, რამეთუ ძე ღმრთისაჲ ძედ ქალწულის იწოდების, და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩუენცა ხმა მაღლად უღაღადოთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა“ .

ჩვეულებრივ, ხარება დიდ მარხვას ემთხვევა და მისი ზეიმის ფორმა ყოველ წელს იცვლება, იმის მიხედვით, თუ რომელ დღეზე მოდის იგი. თუ ხარება სადაგ დღეს ემთხვევა (რაც უფრო ხშირია), საღვთო ლიტურგია საღამოს მწუხრთან ერთად აღესრულება და ამიტომ მას წინ უსწრებს მთელი დღის მარხვა, ისევე, როგორც პირველ შეწირულთა ლიტურგიის დროს. ეს ერთადერთი გამონაკლისია, როცა წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია დიდი მარხვის სადაგ დღეს აღესრულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები