ხოლერა თბილისში – “ივერია” 1892 წელს 

მე-19 საუკუნის ბოლოს დედაქალაქში ხოლერის ეპიდემიამ იფეთქა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სათანადოდ ვერ აფასებდა მოსალოდნელ საფრთხესა და საშიშროებას, სწორედ ამიტომ, მათი ინფორმირების ფუნქცია, რასაკვირველია, გაზეთებმა იკისრეს. მას შემდეგ, რაც ეპიდემიის ტემპი მინელდა, ბევრისათვის მოსაწყენი იყო, ყველა სიტყვა რომ ხოლერით იწყებოდა და მთავრდებოდა, მით უფრო – გაზეთებში. თუმცა, მათ არც გაზეთების როლის დაკნინება სურდათ, რომლებმაც ხალხს ბევრი რამ “დააჯერა”.

აი, რას წერდა 1892 წელს “ივერია”  ხოლერისა და გაზეთების შესახებ: 

„ქართველთა შორის ახლა ერთი საჭირბოროტო საგანია ყველაზედ თავში, გამოჭიმული – ხოლერა.
სხვა ყველაფერი თითქმის დავიწყებულია, დროებით მაინც.
რაზეც არ უნდა დაიწყო ლაპარაკი, რაც გინდ მხიარული ფიქრები აგეშალონ თავში, უეჭველად უნდა დააბოლოვო ხოლერით, რომელიც ლაპარაკსაც გაგმიწარებს და სამხიარულო ფიქრებსაც.

ჩვენმა გაზეთებმა ხომ ლამის დაგვაჭლექეს, ხოლერასგან იწყება გაზეთის პირველი სიტყვა და მთავრდება მისი უკანასკნელი სტრიქონი…მერე ძნელი ის არის, რომ აიღებ თუ არა გაზეთს ხელში, თვალს რომ ვეღარ მოაშორებ, მანამ ბოლომდე არ ჩახვალ.

მაგრამ მართალი უნდა სთქვას კაცმა, რომ ხოლერასთან ბრძოლაში იმდენი სიკეთე არაფერს და არავის მიუძღვის, როგორც გაზეთებს.

ესენი რომ არ ჰყვიროდნენ და არ გვაფრთხილებდნენ, ტფილისში ვერავის ვერ დააჯერებდით, რომ აგერ მეორე თვე დაიწყო, რაც ეს საზიზღარი სტუმარი ეწვია ჩვენს ქალაქსაო და მაშინ გენახათ, რაც ჩვენ ყოფა დაგვადგებოდა.

ვინც გაზეთისა არა იცის რა, იმას მაინც ჯერაც ვერ დააჯერებ, რომ ჩვენში ხოლერაა და ამიტომ გაფრთხილება გვმართებს ჭამა-სმაში“ – წერს გაზეთი „ივერია“ . 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები