„ტელესკოლა“ იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“ იწყებენ.

„ტელესკოლა“ საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან გავა. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას.

„ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

პროექტის პირველ ეტაპზე, ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩატარდება ქართულის, როგორც მეორე ენის, აზერბაიჯანული და სომხური ენების ტელეგაკვეთილები, ეტაპობრივად კი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება.

პროექტი აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს.

გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება და ყოველ დღე დილის ცხრა საათზე დაიწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება. ტელესკოლის გაკვეთილების განრიგი და სხვა დეტალური ინფორმაცია განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე:

http://mes.gov.ge/

https://1tv.ge/

https://stopcov.gov.ge/

პროექტი „ტელესკოლა“, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გრძელვადიანი იქნება და კორონავირუსის საფრთხის დაძლევის შემდეგაც გაგრძელდება.

ახალი პროექტისთვის გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა მედიაპლატფორმაც – ვებპორტალი 1tv.ge , საქართველოს პირველი არხის Youtube და Facebook გვერდები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები