“საქართველოში მყოფ მოსახლეობას უფრო გაგიმართლათ, ვიდრე ჩვენ, ევროპაში მყოფებს…”

ყველას გვაინტერესებს როგორ არიან ჩვენი თანამემამულეები უცხოეთში, რა ხდება მათ გარშემო და როგორ ცხოვრობენ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ „ქართული კვირა“  კვიპროსში დაუკავშირდა მაია ჭკუასელს და ახლა გთავაზობთ ამ ინტერვიუს.

“პირველ რიგში მინდა ყველას  ჯანმრთელობა , გამძლეობა და სიმშვიდე გისურვოთ და  მადლიერება გამოვხატო იმ სასწაული მედპერსონალის მიმართ, ვინ  24/7 იცავს და იბრძვის ადამიანების სიცოცხლისთვის და  შეუძლებელი შეძლო. მე ვთვლი, რომ მათი დამსახურებაა დღეს რომ ასეთი კონტროლირებადია სიტუაცია  საქართველოში. ბატონმა ამირანმა, ბატონმა თენგიზმა, ქალბატონმა  მარინამ, ბატონმა პაატამ და ლუგარის ლაბორატორიამ გადაგვარჩინა ეპიდემიას, რომელსაც სავალალო შედეგი მოჰყვებოდა. ერთჯერადად კი არა, არასდროს მომბეზრდება ამ ადამიანებს დავუკრა ტაში. ისეთი ამაყი ვარ ვერც გადმოგცემთ და მადლობა საქართველოს მთავრობას რომელმაც მართლაც რომ იზრუნა თავის მოქალაქეებზე.

–  მაია, კვიპროსში რა მდგომარეობაა?

– მე   კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში ვიმყოფები. აქ 9 მარტამდე არც ერთი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ძალიან გვიხაროდა, მაგრამ გვიკვირდა, რომ არ კონტროლდებოდა აეროპორტები, არ იყო ცნობილი არსებობდა თუ არა საკარანტინო სივრცეები, ბოქსირებული განყოფილებები  და არც ფრენები შეზღუდულა და აი, ერთ დღეში უცბად 7, მერე 11 და დღეს 59 დაინფიცირებულია. ეს საკმაოდ  დიდი ციფრია ასეთი პატარა კუნძულისთვის, ამის შემდეგ ქაოსურად მოხდა საზღვრების ჩაკეტვა, ფრენების შეზღუდვა.  დიდი უკმაყოფილება მოჰყვა მოსახლეობაში იმ ფაქტს, როცა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი მოქალაქეები – სტუდენტები ქვეყანაში არ შემოეშვათ. ამ ინფორმაციებს მე  „ევროპა კიპრის’’ სააგენტოდან ვღებულობდი. საბოლოოდ შემოუშვეს ეს ბავშვები და გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. სადაც ჰიგიენის ელემენტალური პირობებიც კი არ იყო დაცული.

დღეისთვის სიტუაცია გამოსწორებულია. სასტუმროები დაიცალა,  ყველა ტურისტის გამომგზავრება ხდება, თუ არ ვცდები, 22 რიცხვამდე და მერე საჰაერო სივრცე იკეტება.

–  სურსათის მარაგი თუ არის მარკეტებში, პანიკა ხომ არ არის?

–  პანიკა არ არის, პროდუქტის ნაკლებობას არ განვიცდით, ადამიანები ემორჩილებიან მთავრობის მოთხოვნას რომ დარჩნენ სახლში,  დაკეტილია სკოლები, ბაღები, ყველა რესტორანი და კაფე. სავაჭრო ობიექტებში მკაცრად იცავენ დისტანციას.

–  საელჩოს წარმომადგენლები თუ გეხმიანებიან?

–  რაც შეეხება ჩვენს საელჩოს და საკონსულოს – ვისაც მათი დახმარება სჭირდება ეხმარებიან. აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ბერძნულმა ტელევიზიებმა არსებული სიტუაციების გაშუქებისას საქართველო ერთ – ერთ სანიმუშო ქვეყნად დაასახელა კორონავირუსთან ბრძოლაში.

ყველამ ვიცით, რომ მარტო ჯანდაცვა ვერ იმუშავებდა ასე ეფექტურად რომ არა სხვა უწყებების ჩართულობა.  ყოველდღე ვადევნებ თვალს ინფორმაციას, მოხალისეებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ზრუნავენ მოხუცებზე… გულის ამაჩუყებელი, საამაყო და იმედის მომცემია ეს ყველაფერი.

დანარჩენ ევროპაშიც, როგორც ვიცი, რთული სიტუაცი იყო, ახლა უფრო მობილიზებულები არიან იმიტომ, რომ მკაფიო საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ. არავის უნდა იტალიის ბედის გაზიარება და ძალიან თანავუგრძნობ ამ ქვეყანას.  ვივა იტალიას და მთელს მსოფლიოს! ამჯერად საქართველოში მყოფ მოსახლეობას უფრო გაგიმართლათ, ვიდრე ჩვენ, ევროპაში მყოფებს… და ასმაგად რთულია როდესაც ამ დროს სახლში არ ხარ.

თვითიზოლაციის პირობის დამრღვევებს მინდა მივმართო:  ნუ დარბიხართ  თვითიზოლაციაში მყოფო პირებო,  ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი და გახსოვდეთ, თუ ინფექციაზე ტესტი დადებითი იქნება, საკუთარი ოჯახის წევრის „მკვლელიც“ კი შეიძება აღმოჩნდე შენი უპასუხისმგებლობის გამო…

დიდი მადლობა ყველას და დარჩით სახლში შეძლებისდაგვარად.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები