გიორგი კეკელიძე: “ნუ დაგვავიწყდება ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, იტალიაში რომ ცხოვრობს და წლებია გვარჩენს” 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში კორონავირუსის გარშემო არსებულ დისკუსიასა და ემიგრანტების გარშემო არსებულ სტერეოტიპებს ეხმაურება  და მოუწოდებს მოქალაქეებს, ნუ დაივიწყებენ უცხოეთში მყოფ იმ თანამემამულეებს, რომლებსაც “დიდი წვალებითა და გაუსაძლისი მოთმინებით” უწევთ ცხოვრება სამშობლოსაგან შორს.

“ჰოდა, ამ ერთმანეთის გამხნევების ჟამს, თუნდაც ასე, სიმბოლურად, ნუ დაგვავიწყდება ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, იტალიაში რომ ცხოვრობს და წლებია გვარჩენს. დიახ, გვარჩენს. დიდი წვალებით, მოთმინებით და გაუსაძლისი მონატრებით. ასე მოხდა, რომ აქამდე ექვს იტალიურ ქალაქში მოვაწყვეთ პატარა სამკითხველო. და ცოტა რამ უფრო ახლოს, უფრო შიგნიდან დავინახე. ერთხელ დავწერე და გავიმეორებ: რაღაც გაუგებარი და უცნაური სიყვარულით გვიყვარს ჩვენ ეს ხალხი. უცნაურად გვიყვარს და უცნაურადვე გვახსოვს: პირველი – ,,ევროპაშია, მაგრად არის” მეორე – ცოტა ზიზღნარევია ან ყალბშეცოდებანრევი, ცოტა მორალის მარილითაც – ,,იქ მომვლელებად და მრეცხავებად მუშაობენ, აბა, აქ შესთავაზოს ვინმე მაგდაგვარი სამუშაო. ისედაც, უმეტესობა იპარავს, კაცო!’’ და მესამე ყალბთანგრძნობანარევი, ცოტა გამორჩენის სურვილით ნაკარნახევი – ,,ეს მელოდია ჯულიარდ ჯიქანაძისგან ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს’’. საზღვარსგამცდარი ქართველი ბევრია, Youtube – ზე ნახვებიც – შესაბამისი. ეს არის და ეს. გვარიანი სიუცხოვე ან უგვანო სიმღერები.

ერთმა კარგმა ნაცნობმა, ალაგ–ალაგ არცთუ ცუდმა კაცმა, განათლებულმა და დავარცხნილმა, მითხრა: ,,უფ, ეს ემიგრანტი ქართველები განსაკუთრებული ბნელები არიან, წუხელ დავყევი და ყველა წავშალე Facebook-დან’’. ჯერ ერთი, რომ ასე გაზოგადება ყველა ემიგრანტზე ცოტა კომიკურია და მეორე – ცხადია, ნება მისია, საიდანაც უნდა, იქიდან წაშლის და აღადგენს, გინდ ქსელიდან და გინდ გონებიდანაც, მაგრამ ეგებ ერთხელ მაინც გვეკითხა ვინმესთვის, ვინც ბნელად მივიჩნიეთ, მხოლოდ მავნებლები ხომ არ ელაპარაკებიან, მხოლოდ მათსას ხომ კითხულობენ და ისმენენ? ჩვენ, ინტელექტუალური იერით ერთმაენთს ვუჩურჩულებთ, ეს ჩურჩული უვიწროეს წრეში იტრიალებს, ორას მოწონებას მოაგროვებს და მერე, თქვენი მოწონებული, ისე დავიძინებთ. ის სამყარო, დანარჩენი, ჩვენ მიღმა არსებობს და არ ვიმჩნევთ. და იოლად ვჩემპიონდებით ტრადიციულ, ეროვნულ სპორტში, ილია რომ ებრძოდა და ,,სპორტსმენებმა’’ მორიგი ,,გარბენისას’’ გადაქელეს. ერთმანეთთან სათქმელის არმიტანაა ეს სპორტი. ხელოვნური კასტურობა და ვერგატანა.

დიახ, ქართველი ემიგრანტები კრიმინალებიც არიან. და ასე ხუთი–ექვსი კულტურის ვარსკვლავი. ვიცით ეს. მაგრამ მგონი მარტო ეს ვიცით. არადა, ქართველი ემიგრანტები არიან სტუდენტები, დღეგამოშვებით რომ პატიოსნად მუშაობენ. არიან ძალიან, ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომელთაც უკვე ბევრს მიაღწიეს, მაგრამ ამ ფარდიდან ძნელად მოჩანს, არიან მომვლელები და მრეცხავები, შაბათობით პატარებს ქართულს და მათემატიკას რომ ასწავლიან საკვირაო სკოლაში. დიდები და პატარები. ეს ხალხი ღონისძიებაზე კატორღული სამსახურიდან ერთი საათით შემოირბენს და ამაოდ მალავს დიდ დაღლას და სევდას. არ იმჩნევს და არ გამჩნევინებს. ,,გავიქეცი ახლა ჩემს ბებოსთან მოსავლელად’’ – ნაძალადევი მხიარულებით მითხრა ერთხელ ერთმა ქალმა ქალაქ ბარიში და მძიმე ნაბიჯებით წავიდა. ამ ადამიანებმა, განსაკუთრებით ქალებმა გადაარჩინეს საქართველო ფიზიკურად და ახლაც როდი აქვთ მცირე წვლილი. დანარჩენი ჩატეხილი ხიდის ამბავია

26 მაისს, რომის მთავარ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხის გახსნა იგეგმებოდა. არ ვიცი, მოხერხდება თუ არ. იმედი მაქვს რომ კი. ჩემი სოლიდარობა იტალიელ ხალხს და რა გასაკვირია, რომ განსაკუთრებით, იქ მცხოვრებ, ჩვენგან მივიწყებულ ქართველებს.

კორონა წავა მალე! “- წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები