ქართველები მსოფლიო რეიტინგის ლიდერები არიან

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-მ 2020 წლის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ოთხი ქართველი ფალავანი წონის უპირობო ლიდერი გახდა.

განახლებულ რეიტინგში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია, 58 ქულით, 55 კილოგრამი წონითი კატეგორიის ლიდერია, მეორე ადგილზე კი, ყაზახი ზაკანშაა, რომელსაც აშკარა უპირატესობით მოუგო ქართველმა ფალავანმა ნურ სულთანში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი.

ახალ რეიტინგში მსოფლიოს პირველი ნომერი, 60 ქულით გახდა 82 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძეც, რომელმაც ყაზახეთის მსოფლიო ჩემპიონატი, წურწუმიას მსგავსად ტრიუმფით დაასრულა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო.

აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს-ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატამდე, მსოფლიო რეიტინგში ლიდერ პოზიციებზე მოჭიდავეები არ ჰყოლია.

რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, 61 კგ წონით კატეგორიაში, 60 ქულით მსოფლიო რეიტინგს სათავეში, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, ბექა ლომთაძე ჩაუდგა, მეორე ადგილზე რუსეთის წარმომადგენელი იდრისოვია ვისაც ქართველმა ფალავანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამაჯერებლად მოუგო.

125 კგ წონით კატეგორიაში, რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხანია პირველობას არავის უთმობს სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი, რომელსაც 60 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ თურქ ტაჰა აკგულის, 20 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ რომ მსოფლიო რეიტინგის მიხედვით ხდება პირველი ოთხეულის განთესვა კონტინენტურ და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები