რჩევები დიასახლისისგან, რომელსაც რემონტის სირთულეები არ აშინებს

ირინა ქაფიანიძე პროფესიით ექიმიენდოკრინოლოგია. ის მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. სახლი მისთვის ის მყუდრო ადგილია, სადაც  დასვენებასა და განტვირთვას ახერხებს და ეს რომ ასე ყოფილიყო, ამისათვის თავად მოუწია გარჯა.

ამბობს, რომ მთელ ამ პროცესს დიდი ენთუზიაზმით მიუდგა და მისთვის ნამდვილ სიამოვნებად იქცა.

მისაღები ოთახი

ბევრჯერ მსმენია, როგორ წუწუნებენ ქალბატონები, როდესაც მათ სახლში რემონტი მიმდინარეობს. მტვერი, ავეჯის და ნივთების გადაადგილება, მოლოდინი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ზომაზე მეტად იჭიმებაეს ის არისრაც დისკომფორტის მიზეზი ხდება, თუმცა როცა ამ პროცესში თავად ერთვები დადირიჟორიხდები, როცა აცნობიერებ, რომ ამ სახლში შენ და შენი ოჯახის წევრებმა ბედნიერად უნდა იცხოვროთ, ყველაფერი გაცილებით მარტივდება და შესაძლებელია საკუთარ თავში დიზაინერიც აღმოაჩინოთ,“ – ამბობს ირინა.

სრულიად განსხვავებული პროფესია გაქვთ, ამის მიუხედავად ისე გაარემონტეთ საკუთარი სახლი, რომ არაერთი ადამიანის აღფრთოვანება გამოიწვიეთ. მოგვიყევით ამ სახლზე, მთლიანად თქვენი ძალისხმევით, გემოვნებით გაარემონტეთ და მოაწყვეთ? რემონტის, დიზაინის კუთხით რა გამოცდილება გქონდათ მანამდე?

– რაც თავი მახსენდება, ჩემი ცნობიერი წლები მედიცინას მივუძღვენი. ეს ის პროფესიაა, რომელიც მახარებს და ჩემია, თუმცა ბავშვობიდან მომყვება გატაცება შევქმნა ლამაზი ნივთები. პატარა რომ ვიყავი, ვაკეთებდი მაკრამეს კომპოზიციებს, გობელენს, ვქარგავდი. მოგვიანებით, დავიწყე ნახევრად ძვირფასი ქვებისგან საკუთარი სამკაულების შექმნა. პერიოდულად ვმუშაობ პოლიმერულ თიხაზე, ეს ჩემი ჰობია, სახალისო და სასიამოვნო. ერთი სიტყვით, სულ ძიებაში ვარ.

ბოლო წლებია, ძალიან გამიტაცა სახლების დიზაინმა. მსურს ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც უფრო  კომპორტულსა და ლამაზს  გახდის ყოველდღიურ ცხოვრებას.  მოგეხსენებათ, ცხოვრებაში დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები, არც თუ ისე ხშირად ხდება. ცხოვრება ყოველდღიურად მიმდინარეობს დ ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, შევიქმნათ სასიამოვნო დეტალები იქ, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ.

პროფესიონალი დიზაინერის დახმარება კარგია, თუმცა  ამის საშუალება ყველას არ აქვს, თანაც  მგონია, რომ  თავად უკეთ ვიცით, რა გვინდა და როგორი გვინდა.

ძალზე საინტერესო ეტაპი აღმოჩნდა, თავად დავიწყე გამოძიება იმისა თუ  რა მსურს, როგორი მსურს, რამდენად  გაამართლებს ჩემი კონკრეტული სურვილი პრაქტიკაში და ამის შემდეგ გადავდიოდი  მოქმედებაზე.

ანუ, არანაირი გამოცდილება არ გქონდათ ამ სფეროში?

– ამ ბინის რემონტი იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი ამ მიმართულებით. სიამოვნებით „შევეჭიდე“ და არ შევშინებივარ სირთულეებს.

თავიდან მქონდა უამრავი კითხვა, მაგრამ ვერ ვსაზღვრავდი პასუხის სისწორეს და სტაფის კომპეტენციას. (როდესაც კითხვას სვამ, მინიმალური წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს აღნიშნულ საკითხზე). მე კი, არანაირი გამოცდილება არ მქონდა ამ მხრივ. ასეთ დროს, სრულად ხარ მინდობილი ხელოსნის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმს. ვინაიდან ეს ბინა ერთგვარად „რეპეტიცია“ იყო უფრო დიდი პროექტისა (კერძო სახლს ვაშენებთ), ამიტომ მეტი  გამბედაობით მივუდექი და არ შემშინებია შეცდომების. პროცესი იმაზე მეტად სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. გადავწყვიტე დიზაინისთვის თავად მიმეხედა, მხოლოდ ტექნიკური სახის რჩევებით მესარგებლა. თავიდანვე ვიცოდი, რა სტილში გადავწყვეტდი ინტერიერს. არ მინდოდა ყოფილიყო ზედმეტად კლასიკური “როკოკო“ ან ჩემთვის ცივი მინიმალისტური სტილი. ავირჩიე შერეული, რომელიც მოიცავდა როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ელემენტებს. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ინტერიერის წამყვან ფერებს. მინდოდა ის ყოფილიყო ნეიტრალური და სადა. ასეთ გარემოში კომფორტულად ვიგრძენი თავი.

რემონტი ხშირად ასოცირდება როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ დაძაბულობასთან. ჩემი მოკრძალებული აზრით, თუ მეტი ენთუზიაზმით და პოზიტივით მიუდგები რემონტის საკითხების მოგვარებას, მიღებული შედეგი ორმაგად სასიამოვნო იქნება. ასეთ შემთხვევაში მიიღებ იმ შედეგს, რაც ჩანაფიქრში გქონდა.

თავდაპირველად რა გაითვალისწინეთ, რა არის უპირატესი, რემონტის დაწყების წინ? რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა აპირებს ამ რთული გზის გავლას?

– სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად გუნდის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. გულდასმით, რეკომენდაციებით ავარჩიე ყველა ხელოსანი და „კონსილიუმის“ პრინციპით, შეთანხმებულად შევუდექით საქმეს. საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანია განისაზღვროს რემონტისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი. არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ეკონომიის გაკეთება არ არის მომგებიანი, ესენია: ელექტროობა, განათება, კანალიზაცია-სანტექნიკა. ეს არის ის ღერძი, რაზეც  დგას ტექნიკურად გამართული სახლი.

ოჯახის წევრებიდან ვინ გედგათ გვერდით, ვის რჩევას და გემოვნებას ითვალისწინებდით ყველაზე ხშირად?

– დედა მაძლევდა რჩევებს როგორც დიზაინზე, ასევე ტექნიკურ საკითხებზე. კარგი გამოცდილება აქვს ამ მხრივ, მადლობა მას!

რაც შეეხება უშუალოდ დიზაინს, თუ ადევნებთ ხოლმე თვალს თანამედროვე ტენდენციებსრამდენად მნიშვნელოვანია ინტერიერში სწორად შერჩეული ფერები? ასევე საინტერესოა, ავეჯი რის მიხედვით, როგორი ფერის და სტილის შეარჩიეთ?

სამზარეულო

– სურვილის შემთხვევაში, ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელია ამ მიმართულებით ძალზე ბევრი ინფორმაციის მოძიება. მთავარია სურვილი და ერთ ორ კვირაში უკვე შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ გაერკვეთ, არამედ პროფესიონალური ტერმინებითაც კი ისაუბროთ.

რაც შეეხება ჩემს არჩევანს – როგორც უკვე აღვნიშნე, ნეო-კლასიკური სტილი ჩემს გემოვნებასთან ყველაზე ახლოსაა, თუმცა ეკლექტიკაზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი. თითქმის ყველა სტილი საინტერესოა. ჩვენს დროში ბევრი შესაძლებლობაა, ტექნიკურად გაეცნო თანამედროვე ტენდენციებს და გაითვალისწინო, სურვილის შემთხვევაში. ამ ხრივ სწრაფი პროგრესია. ხშირად იცვლება დიზაინის სტილი და ფერები. იხვეწება სარემონტო მასალები და ჩვენს ბაზარზე მეტად ხელმისაწვდომი ხდება, რაც აადვილებს სასურველი შედეგის მიღებას. გემოვნებასთან ერთად, სწორი არჩევანის გაკეთებაში გამოცდილებაც გეხმარება. შეიძლება რაღაც ძალიან მოგწონდეს, მაგრამ პრაქტიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში იყოს პრეტენზიული მოსასვლელად და მეტ ძალისხმევას საჭიროებდეს. ოპტიმალურია შეუხამო ლამაზი პრაქტიკულს.

რაც შეეხება ფერთა გამას, ამ შემთხვევაში გამოვიყენე ღია ფერები. ბევრი კომბინირებული ვარიანტის მოფიქრება შეიძლება. რაც მეტია სახლის ფართი, მით მეტი ექსპერიმენტის საშუალებას იძლევა. ავეჯის შემთხვევაში ნატურალური ხის მასალისგან დამზადებული ავეჯი შევარჩიე, რომ ყოფილიყო ეკოლოგიურად უფრო სუფთა და ვიზუალურადაც ასეთი მომწონს. განსაკუთრებული სიფრთხილით შევარჩიე საძინებლების ავეჯი, რადგან ავეჯის დასამზადებელი მასალების უმეტესობა გამოყოფს ტოქსინებს, რაც თავისთავად საზიანოა ჯანმრთელობისთვის. სამწუხაროდ, ამ ფაქტორს საქართველოში არ ანიჭებენ ხოლმე მნიშვნელობას.

ფრაგმენტი სამზარეულოდან

რა აქცევს სახლს თქვენად?

–  ეს ბინა ჩემად, სწორად შერჩეულმა განათებამ აქცია. ძალიან მიყვარს ორი დონის განათება. როცა მჭირდება ის არის დღესავით კაშკაშა და როცა მინდა სიმყუდროვე, სანათების მბჟუტავი ნათება მიქმნის ამ კომფორტს. მართალია მირჩევდნენ, რომ ამდენი განათება არ იქნებოდა საჭირო, თუმცა ჩემმა მოსაზრებამ გაამართლა და მივიღე ზუსტად ის შედეგი, რაც მინდოდა.

თქვენი საყვარელი ადგილი ამ ბინაში რომელია?

– ბევრი მყუდრო ადგილი შევქმენი მთელ ბინაში, რომ ადამიანს მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნო თავი. ჩემთვის გამორჩეულად მყუდრო და საყვარელი ადგილი მაინც სამზარეულოა. მიყვარს ზამთრის ცივ დღეებში სამზარეულოში მეგობრების მოწვევა ცხელ ჩაიზე. მინდოდა ის ყოფილიყო ნათელი, ხის ავეჯით, თბილი განათებითა და პატარ-პატარა მუქი დეტალებით სავსე.

საოცნებო სახლის ასაშენებლად ემზადებითუკვე მზად ხართ ხელახლა შეეჭიდოთ გაცილებით რთულ საქმეს, რასაც კერძო სახლის აშენება ჰქვია?

– ძალიან აზარტული ყოფილა რემონტის წამოწყება. როგორც კი ამთავრებ, დაღლა მალევე გავიწყდება და იწყებ ფიქრს უფრო დიდ პროექტზე. სასურველი შედეგის მიღება უზარმაზარი სტიმულია, რომ თავისუფლად შეეჭიდო ახალ საქმეს. გამოცდილებას მოაქვს იმაზე ფიქრი, რას როგორ შეცვლი და რა შეცდომას აღარ დაუშვებ. მგონია, რომ ახალი გამოწვევისთვის უკვე მზად ვარ.

და ბოლოსკარგი იქნება თქვენი გამოცდილება მომავალშიც რომ გაუზიაროთ ჩვენს მკითხველს, რას იტყვით?

– რატომაც არა, სიამოვნებით.

,,ქართული კვირა“ სასარგებლო რჩევებით სახლის რემონტისა და დიზაინის შესახებ, ირინა ქაფიანიძესთან ერთად, მომავალ კვირას დაგიბრუნდებათ.

რუბრიკის მხარდამჭერია ,,მეტი დეველოპმენტი“, კომპანია, რომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები