გზავნილი ტურისტებს – საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ქართული ღვინო დაურიგდათ

ახალი გზავნილით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს აეროპორტებში ტურისტებისათვის ღვინის დარიგება დაიწყო.

“გამარჯობა ძვირფასო სტუმარო,
ეს-ეს არის რაც ღვინის სამშობლოში ჩამოხვედი და უკვე იცი, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა „გამარჯობაა.“
საქართველო კულინარიის სამოთხეა….
აქ თქვენ გიმასპინძლებენ გულღია და დადებითი ემოციებით სავსე ადამიანები. „მასპინძლობა“ ჩვენი მეორე სახელია, ამის დასტურად, გთხოვთ, მიიღოთ პატარა საჩუქარი, როგორც წინასწარი ნიშანი განუმეორებელი მოგზაურობისა!
გისურვებთ სასიამოვნო დროის გატარებას! შეხვედრამდე!
პატივისცემით,
საქართველო!”

ეს ტექსტია დატანილი ღვინის ბოთლზე, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ ტურისტებს საჩუქრად გადასცა. საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში  ჩამოსული ტურისტები საჩუქრად “საფერავს” მიიღებენ.

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან პოზიტიური კამპანია საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. კამპანიის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს სიმბოლურად გადავცემთ ქართულ ღვინოს, რომელზეც დატანილია ის ძირითადი მესიჯები, რომელიც სწორად წარადგენს ჩვენი ქვეყნის სტუმართმასპინძლობას, ვასწავლით სიტყვა გამარჯობას. მოხარულები ვართ, ამ კამპანიამ ტურისტებში ძალიან პოზიტიური ემოციები გამოიწვია. მათი თქმით, მსგავსი გამოცდილება არასდროს ჰქონიათ სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას“ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვამელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია საქართველოს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის პოზიციონირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები