მეცნიერების პოპულარიზაციისათვის ახალი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მეცნიერების პოპულარიზაციისთვის, ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. ფონდის მიერ გამოცხადებულ „მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსში“ მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სტატუსით შეუძლიათ, როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, ისე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

კონკურსის მიზანია, მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე, საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კონკურსის პირობების თანახმად, უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, სადაც წარმოდგენილი იქნება მეცნიერების პოპულარიზაციის კრეატიული გზები, ინოვაციური მიდგომები, საკითხის  ფართო საზოგადოებამდე მიტანის ხედვები, აგრეთვე, საერთაშორისო სივრცეში მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით არსებული საუკეთესო გამოცდილება.

საკონკურსო პროექტები შესაძლებელია ითვალისწინებდეს:

  • ,,საბავშვო უნივერსიტეტის“ დაარსებას, სადაც გამოჩენილი, წარმატებული მეცნიერები, მოსწავლეებს წაუკითხავენ საჯარო სამეცნიერო/პოპულარულ ლექციებს;
  •  სამეცნიერო/შემეცნებითი სატელევიზიო და რადიო გადაცემების მომზადებას, ან არსებულ სატელევიზიო და რადიო პროგრამებში მეცნიერების პოპულარიზაციისათვის გამიზნული სიუჟეტების სერიის ჩართვას;
  • მიზნობრივი სამეცნიერო ფესტივალის  ორგანიზებას;
  • სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმის შექმნას;
  • სამეცნიერო პიკნიკის/სამეცნიერო ბანაკის ორგანიზებას;
  • სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის (ონლაინ) გამოცემას;
  • მეცნიერების პოპულარიზაციისათვის ონლაინ ინსტრუმენტის შექმნას (ინტერაქტიული, შე­მეც­ნებითი პორტალი და სხვ.);
  • მეცნიერების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული შემოქმედებითი აქტივობების განხორციელებას (პერფორ­მანსი, წარმოდგენა, პრეზენტაციების სერია, ფოტო გამოფენა და სხვ.).

კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 11 ნოემბრამდე.

შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში სხვადასხვა სტატუსით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეცნიერო-კვლევით სფეროში მოღვაწე როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, ისე საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები