საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს პრაღის ქიმიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (UCT Prague) და ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტის (CU Bratislava) დელეგაცია სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის „ბაზალეთი 2026-ის” საორგანიზაციო საკითხები. ღონისძიება წარმოადგენს ქართულ-ჩეხურ-სლოვაკური გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგს, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას. ინფორმაციას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს ჩეხეთისა და სლოვაკეთის საელჩოები. აგრარული უნივერსიტეტის რექტორის, ვატო ლეჟავას მიწვევით, ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი (Petr Kubernát) და სლოვაკეთის ელჩი მატუშ ბუშოვსკი (Matúš Bušovský) პირადად ეწვივნენ უნივერსიტეტს. მათ დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმი, ვეტერინარული კლინიკა, სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები, კულინარიის აკადემია, ამპელოგრაფია და ენოთეკა.